ჟურნალისტი, ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე ინფრომაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რამდენიმე დღის წინ, „ობიექტივში“ სტუმრად მყოფმა პოლიტპატიმარმა, ნოდარ გოგატიშვილმა, რომელმაც მისი გაუპატიურების ამბავი აღწერა და დამნაშავეების კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს. „რეპორტიორი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ყოფილმა პატიმარმა, ნოდარ გოგატიშვილმა, რომელმაც 2013 წლის 11 აგვისტოს „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში გაახმაურა მისი გაუპატიურებისა და წამების ფაქტი და დაასახელა დანაშაულში მონაწილე პირების გვარები, გუშინ თავს დაესხნენ.
დაზარალებულის გადმოცემით, მას დიდუბის ხიდთან მიუახლოვდა შავი ფერის ავტომანქანა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღით ფეხებში ესროლეს. გოგატიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც დაზარალებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, გოგატიშვილი თბილისიდან ქალაქგარეთ გაემგზავრა.
2013 წლის 12 აგვისტოს ნოდარ გოგატიშვილი თბილისის პროკურატურაში, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის თანხლებით, გამოცხადდა და გამომძიებელს შეხვდა, რომელსაც მომხდარი ფაქტის შესახებ ჩვენება მისცა.
გოგატიშვილმა პროკურატურას იმის შესახებაც აცნობა, რომ „ობიექტივის“ ეთერში გამოსვლის შემდეგ, მას ტელეფონით (დახურული ნომრით) დაურეკა ქალბატონმა, რომელიც ემუქრებოდა. გოგატიშვილის დაჭრამდე სატელეფონო მუქარა მასზე რამდენჯერმე განხორციელდა.
დაზარალებული მომხდარ თავდასხმაში იმ პირების კვალს ხედავს, რომელთა გვარებიც საჯაროდ დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი ციხის ცნობილი ჯალათი გოგა ბუთლიაშვილია, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ნოდარ გოგატიშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაახმაურა. მან განაცხადა, რომ 2011 წელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში, ციხის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებმა, იატაკის ჯოხით გააუპატიურეს, შემდეგ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში არალეგალურად მოათავსეს და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს.“