ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ინფორმაციას დელფინარიუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენს ერთ-ერთ ბინადარს მეტსახელად „ციცის," ქალიშვილი შეეძინა. პატარას წონა დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა. გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. შემდეგ კი პატარა დედის და მამის („კაკოს")გვერგით დაცურავდა. რამდენიმე საათის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი სავარაუდოდ 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება," - ნათქვამია დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.
დელფინი გასულ კვირას, 13 აპრილს დაიბადა, თუმცა დელფინარიუმებისა და ზოოპარკების მუშაობის საერთაშორისო ნორმებისა და წესების თანახმად ოფიციალური განცხადების გაკეთების უფლება ადმინისტრაციას მხოლოდ დაბადებიდან 10 დღის შემდეგ მიეცა. პატარა დელფინის დაბადებამდე და განსაკუთრებით შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები უკვე 15 დღეა რაც საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო ცვლილებებია ასევე შოუს ქრონომეტრაჟშიც და თავად პროგრამაშიც. თუმცა პატარა დელფინის ნახვას დელფინარიუმის სტუმრები, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, წარმოდგენის დროს შეძლებენ.