ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში „სტუდია რე" დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას დღეს მართავს.
ფილმი ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალ ქალაქ ჯვარისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინიციატივას.
ქალაქ ჯვარისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამოსავალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფასა და დამოუკიდებელი ერთეულის შექმნაში ხედავს. ისინი ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტში წალენჯიხის და ჯვარის ზონებში ფინანსების და შრომის განაწილება სამართლიანად არ ხდება.
ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის მოთხოვნით ხელისუფლებისადმი წარსადგენად ჯვარელებმა 12 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს.
ფილმში ნაჩვენებია როგორ რეაგირებენ მოსახლეობის მოთხოვნაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე, ნაჩვენებია, თუ რას ფიქრობს, მოსახლეობის მიერ თვითმმართველი ერთეულის შექმნის ინიციატივაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, დავით ნარმანია. ჯვარელები ახლა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებას ელიან.
32 წუთიანი დოკუმენტური ფილმი მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
„სტუდია რე" დამოუკიდებელი სატელევიზიო სტუდიაა. ყოველკვირეული ტელე და რადიო დისკუსიებთან ერთად, სტუდია დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობს. „სტუდია რე" ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
დასაწყისი 18:00 საათზე.