reportiori.ge - ექსკლუზივები დათა ახალაიას დაკავებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:34
პრეს-დაიჯესტი
ექსკლუზივები დათა ახალაიას დაკავებაზე
ავტორი:
27 აპრილი, 2014. 11:18

რას უყვება „ალიას" ბერძნული გამოცემის რედაქტორი


23 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, წითელი ცირკულარით ძებნილი, დათა ახალაია ბერძენ სამართალდამცავებს ჩაბარდა და პოლიტიკური თავშესაფარიც მოითხოვა. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმაც:


„ვინაიდან ჩვენს ოჯახზე უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ოჯახის თითოეულ წევრზე ხორციელდება არნახული ზეწოლა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, დათა ახალაიამ ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით".


როგორც ახალაიას ადვოკატი, ირაკლი ზაქარეიშვილი ამბობს, ყველა პროცედურა ხორციელდება, რაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან არის დაკავშირებული. დათა ახალაია ამ დროისთვის საბერძნეთში, შესაბამის დაწესებულებაში იმყოფება და მთავრობის პასუხს ელოდებაო. ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ამას ბერძნული საინფორმაციო სააგენტო „thestival.gr"-ც ამტკიცებს:


„ერთი თვის წინ პორტ პატრაში დააკავეს დათა ახალაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე (აქ უზუსტობაა. - გ.ზ.), რომელიც ადამიანის წამებაშია მხილებული. დაკავებისას ახალაიას აღმოაჩნდა ყალბი სამგზავრო დოკუმენტები, 20 ათასი ევრო და 10 ათასი დოლარი. მან დაკავების დროს მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი".


უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავ, რომ დათა ახალაია საბერძნეთში შედიოდა თურქეთიდან ყალბი საბუთებით და შეჰქონდა დიდი ოდენობით ფული. საბერძნეთში შესვლისას კანონით დაშვებულია მხოლოდ 2 ათასი ევროს შეტანა. როგორც ბერძნული პოლიტიკური ჟურნალ „EFHMERIS THS KYVERN-HTSEOS"-ის („სამთავრობო გაზეთი") რედაქტორი, კონსტანტინო კარფია ამბობს „ალიასთან" საუბარში, დათა ახალაიას, ბერძნული კანონის მიხედვით, პოლიტიკური თავშესაფარი კი არა, ციხე ეკუთვნის და ამას, ალბათ, სასამართლო გადაწყვეტს: „ჩემთვის ეგ თემა არ არის საინტერესო, მაგრამ რაკი მკითხეთ, გავარკვიე - ეს ადამიანი ჩვეულებრივი დამნაშავეა, მას აუცილებლად გაასამართლებენ, არავითარი პოლიტიკური თავშესაფარი. ახალაია არსად არ გამოცხადებულა... შეიძლება თვითონ მოუვიდა აზრად, რაკი დამიჭირეს, ბარემ თავშესაფარსაც მოვითხოვო, მაგრამ ვიმეორებ, ეს გამორიცხულია. როცა დააკავეს, არც კი იცოდნენ, რომ ის საქართველოში ოდესღაც მაღალჩინოსანი იყო. გარდა ამისა, ეს ადამიანი უდანაშაულოც რომ იყოს, საბერძნეთი ვერ მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან ჩვენი კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებზე ასეთი რამ არ არის გათვალისწინებული".


კონსტანტინო კარფიას თქმით, მსგავსი დანაშაული საბერძნეთში 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა არ არის გამორიცხული, ისეთი ბრალდებებიც წაუყენონ, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით.


სხვათა შორის, დათა ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები: რატომ არ დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა თურქეთში, როცა მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და თავის ძმაკაცებთან ერთად (მეგის ქარდავა, სოსო თოფურიძე) ტრაპზონის ბარებშიც კი „დაგულაობდა"? რატომ გახმაურდა მისი დაკავების ფაქტი ახლა და არა ერთი თვის წინ, როგორ გგონიათ, ბერძენმა სამართალდამცავებმა საქართველოს მთავრობას ამის შესახებ არ შეატყობინეს? რატომღაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაფერი იცოდა, როგორც ამას ოფიციალურად აცხადებენ. და კიდევ ერთი საინტერესო საკითხი - რატომ გაემგზავრა ქალბატონი მაია ფანჯიკიძე სასწრაფოდ საბერძნეთში ოფციალური ვიზიტით? კი, ბატონო, ალბათ, ძალიან კარგია ათენიდან კომენტარების კეთება, მაგრამ ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი დათა ახალაიას? ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, ვეჭვობთ, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა. თუ კი რამდენიმე თვის წინ „ალიაში" გამოქვეყნებულ ერთ სკანდალურ სტატიასაც გავითვალისწინებთ, მაშინ ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება (ამონარიდი თამაზ ბაკურიძის ინტერვიუდან):


„დათა ახალაიამ  თურქეთში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილზე სერიოზული კომპრომატები გადასცა. შეხვედრა თურქეთის ქალაქ არხავში შედგა. რამდენიმე დღის წინ სარფის გავლით თურქეთში გადავიდა დაბურულმინებიანი ჯიპების კორტეჟი, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ დათა ახალაიას. კონკრეტულად ვერ გეტყვით, აქედან ვინ გადავიდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ დათა ახალაიამ მათ გადასცა ჩემოდნის ტიპის პორტფელი. ამ კომპრომატების სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს საქართველოდან გატანილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვენ, თუმცა ის გადახდას არ აპირებს. უთქვამს კიდეც, ერთ თეთრსაც არ გადავიხიო".


ამას მოჰყვა ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადება, დათა ახალაიასთან დაკავშირებით ახალი ჭორები ვრცელდება და არ დაიჯეროთო: „შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ნებისმიერი ვარაუდი, ნებისმიერი ე.წ. სარწმუნო წყაროს ინფორმაცია ახალაიების შესაძლო გარიგებაზე „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, ასევე ნებისმიერ ვინმესთან, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის ხელისუფლებაში, ყალბია და სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს".


ნადარეიშვილი ძალიან ხშირად ტყუის. მას ახლაც უნდოდა ქართული საზოგადოების „გაცურება", როცა განაცხადა, საბერძნეთმა შეიძლება ჩემს მაზლს პოლიტიკური თავშესაფარი მისცესო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.


აქვე უნდა გავიხსენოთ, რა ბრალდებები წაუყენა იგივე დათა ახალაიამ ვანო მერაბიშვილს და „ნაცმოძრაობას" რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელებით: „საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია - კაცი, რომელმაც ჩემთან და ჩემს ძმასთან ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა. ლაფანყურის ავანტიურა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის (შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე) ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა. სწორედ მერაბიშვილი გახლდათ ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორი. „ნაციონალთა" ხელისუფლება სწორედ ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა. ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანაც არჩევნებში გამარჯვება გარანტრებული ეგონა".


მართალია, ცოტა მოგვიანებით ვიღაც-ვიღაცებმა უარყვეს, ასეთი რამ დათა ახალაიას არ დაუწერიაო, მაგრამ თავად მისგან მსგავსი უარყოფა არსად არ გავრცელებულა. გარდა ამისა, მერაბიშვილი და ახალაიები რომ ერთად ვერასოდეს „ძოვდნენ", ამის შესახებ ყველამ იცოდა. მაგალითად, თავის დროზე მერაბიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნას, ახალაიამ კი, სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელის სავარძლის მიღებისთანავე, სამსახურიდან მერაბიშვილის კადრები გაყარა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი კლანის დაპირისპირებაზე თავად ანი ნადარეიშვილს წამოსცდა მოსკოვში მცხოვრებ ზაზა გაბედავასთან: ყველაფერი ჩვენი ბრალი არ არის, მერაბიშვილი ჩემს მამამთილს არ უყურებს კარგი თვალით და საქმეს გვიფუჭებსო. ამის შესახებ „ალიაში" თავის დროზე სტატიაც გამოვაქვეყნეთ.


როგორც ამბობენ, სანამ ვანო მერაბიშვილს დააპატიმრებდნენ, როლანდ ახალაია მას რამდენიმეჯერ სტუმრობდა და თავის შვილებთან დაკავშირებით პრეტენზიებსაც უყენებდა, მთლად ნუ გაწირავთო. ერთხელ ვანო იმ ზომამდეც კი მისულა, რომ როლანდი კაბინეტიდან გამოუგდია. ამის შემდეგ დათა ახალაია მერაბიშვილს ტელეფონით უკავშირდებოდა და ემუქრებოდა, გაჩუმებას აღარ ვაპირებ, უკვე ამოვიდა ყელშიო. აი, ამის შემდეგ აპატიმრებენ მერაბიშვილს და უსჯიან 5 წელს. მანამდე კი ის დათა ახალაიას წერილს ბოდვას უწოდებს და ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შემოაგდო. სხვათა შორის, 2013 წლის აპრილში მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი „ნამიოკს" აძლევს დათა ახალაიას - ის ტელევიზიით გამოდის და ხმამაღლა აცხადებს: თუ დათა ახალაია საქართველოში ჩამოვა, დავაპატიმრებთო, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავდა, რომ ის საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო და ჯერჯერობით კომპრომატები თურქეთიდან უნდა მოეწოდებინა. კუბლაშვილმა იქვე დაამატა: ახალაია პოლიციელ აზარაშვილის საქმეზე კი იძებნება, მაგრამ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა ჩვენებას მისცემს ამ თუ სხვა საქმეებთან დაკავშირებით, მომავალი გვაჩვენებს, საქართველოს მისი ყველა მოქალაქის სამშობლოაო.


როგორც იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს „ალიასთან" საუბარში, რაკი დათა ახალაია წითელი ცირკულარით იძებნება, ამ საქმეში საქართველოს მთავარი პროკურატურაც უნდა ჩაერთოს, მოამზადონ დოკუმენტები და მოითხოვონ ექსტრადიცია: „თუმცა არ არის გამორიცხული, იგივე შედეგი მივიღოთ, რაც მივიღეთ დავით კეზერაშვილის შემთხვევაში, როცა ჩვენი პროკურორები ჩაფლავდნენ. ამათ ძალიან უჭირთ დოკუმენტებთან მუშაობა, წლების განმავლობაში გადაეჩვივნენ დანაშაულის დასაბუთებას. იმდენად ზედაპირულია ხოლმე, ევროპის ქვეყნებში არ გადის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ძალიან ცუდი რეპუტაცია, განსაკუთრებით პოლიტიკური დევნის კუთხით. შეიძლება დათა ახალაია მართლაც პოლიტიკურ დევნილად მიიჩნიონ. თუმცა დიდი ფულის შეტანისთვის და ყალბი საბუთებისთვის იქვე დასჯიან, ხელზე 2 ათას ევროზე მეტი არ უნდა ჰქონოდა. ამხელა ფულით არავინ არ დადის ევროპაში. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, ახალაია საბერძნეთშივე დატოვონ და ქართულ მხარეს არ გადმოსცენ. აქ იურიდიული თვალსაზრისით ნამდვილად არ არის ჩახლართული საქმე, ყველაფერი მარტივადაა".


დიახ, ამჯერად ყველაფერი მარტივადაა, მაგრამ რას იზამს საქართველოს მთავარი პროკურატურა? გამოავლენენ თუ არა ჩვენი პროკურორები მარიფათს, თუ ისევე ჩაფლავდებიან, როგორც კეზერაშვილის საქმეში ჩაფლავდნენ? ჩვენ მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელთან, თემურ დოლიძესთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ ის არც სატელეფონო ზარს პასუხობს და არც ტექსტურ შეტყობინებას. პროკურატურაში არ სცალიათ, ამდენი ყავის სმა თქვენ ხუმრობა ხომ არ გგონიათ? მოკლედ, დათა ახალაიას საქმეში იკვეთება რამდენიმე ვერსია: პირველი - თუ ამ დღეებში ის საბერძნეთის ციხიდან გაათავისუფლეს, ეს იქნება ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის დამსახურება; მეორე - თუ პროკურატურამ დროულად არ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, ჩათვალეთ, რომ რაღაც გარიგებასთან გვაქვს საქმე რაღაცის სანაცვლოდ - არ დაგავიწყდეთ, რომ დათა ახალაიას ოჯახმა და ადვოკატებმა ნამეტანი „მხიარული" განცხადებები გააკეთეს: არიქა, დათა ჩაბარდა და მალე პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემენო. რომ არა გარკვეული იმედი, ისინი ასე არ მოიქცეოდნენ.



გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"

26. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016