ხილში არსებული ნიტრატები და პესტიციდები ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად საშიშია. პესტიციდები ძლიერმოქმედი შხამია, რომლითაც ბოსტნეულს მავნებლებისა და სოკოსგან იცავენ.
მოზრდილ ადამიანში პესტიციდს ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია, ბავშვებში კი დიათეზსა და მოწამვლას იწვევს. პესტიციდი შეიძლება შარდის ბუშტის, კუჭისა და თირკმლის კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს.
იმისათვის, რომ ხილი და ბოსტნეული ნიტრატებისა და პესტიციდებისგან გავასუფთაოთ, შემდეგი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ:
კომბოსტო - ნიტრატების დიდი რაოდენობა ბოსტნეულის ზედა ფურცლებსა და მის მაგარ ნაწილში ბინადრობს. ამიტომ ისინი კომბოსტოს უნდა მოაცილოთ და გადაყაროთ.
კარტოფილი - ნიტრატები კანსა და ბოსტნეულის გულში გროვდება. ამიტომ მას შემდეგ, რაც კარტოფილიანი წყალი ადუღდება, იგი უნდა გადაღვაროთ.
ყაბაყი, კიტრი, ბადრიჯანი - საღი კიტრი ბალახისფერი უნდა იყოს. თუ იგი მუქი მწვანეა, ე.ი. ნიტრატებითაა გაჯერებული. ყაბაყი და ბადრიჯანი კერძში კანგაცლილი გამოიყენეთ. აგრეთვე, არ დაგენანოთ და ბოსტნეულისა და ყუნწის შეერთების ადგილიც მოაჭერით. ეს ყველაზე შხამიანი ადგილია.
სალათის ფურცელი, ოხრახუში, კამა - კერძში ჩამატებამდე მწვანილი რამდენიმე ხნით გამდინარე წყალში მოათავსეთ. ნიტრატები, ძირითადად, ფესვებთან, მსხვილ ღერებში გროვდება. ამიტომ ისინი მოაჭერით და გადაყარეთ.
პომიდორი - შხამების ადგილსამყოფელი, ძირითადად, კანია, მაგრამ ნუ იყიდით მკვახე, დაუმწიფებელ ბოსტნეულს. აგრეთვე, ნუ მიირთმევთ მას, რომელსაც თეთრი გული და სქელი ძარღვები აქვს. ხოლო თუ ასეთის ყიდვა მაინც მოგიწიათ, პომიდვრები ერთი საათით გამდინარე ცივ წყალში გააჩერეთ.
სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი - ნიტრატები ბოსტნეულის თავსა და ბოლოში გროვდება. ამიტომ მოაჭერით და გადაყარეთ. სტაფილოს არ დაუტოვოთ მწვანე ადგილები. ნუ შეიძენთ ჭარხალს, რომელსაც დახვეული კუდი აქვს.
ყურძენი - დიდხანს რომ შეინახონ, ქიმიური პრეპარატით ამუშავებენ. ამიტომ ჭამამდე დიდი ხნით მოათავსეთ გამდინარე წყალში.
საზამთრო - ნუ შეიძენთ შუაში გადაჭრილ და პარკშემოხვეულ საზამთროს. იგი ბაქტერიებისა და მიკრობების გავრცელების ბუდეა. თუ საზამთროს მწიფე (წითელ) ნაწილში ბევრი ყვითელი ძარღვია, იგი ნიტრატებითაა სავსე. ჩაატარეთ ექსპერიმენტი: ერთი საზამთროდან მოჭრილი ორი ნაჭერი სხვადასხვა ჭიქაში მოათავსეთ და წყალი დაასხით. თუ ერთი წუთის შემდეგ წყალი შეფერადდა, ე.ი. საზამთრო ზრდის დამაჩქარებლებითაა მოყვანილი; ხოლო თუ წყალი აიმღვრა, ნაყოფი სუფთაა.
ვაშლი, მსხალი - თუ ხელში აღების შემდეგ ხილი ხელიდან გისხლტებათ ან პირიქით, გეწებებათ, იგი ქიმიურადაა დამუშავებული, რათა დიდხანს არ გაფუჭდეს. ამიტომ ნუ მიირთმევთ ხილს კანიანად, გათალეთ.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ნიტრატებითა და პესტიციდებით ყველაზე ხშირად საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილი და ბოსტნეულია სავსე. ამიტომ უპირატესობა ადგილობრივს მიანიჭეთ.
(მომზადებულია marao.ge-ს მიხედვით)