თიბისი არტ გალერეაში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა დღეს გაიხსნება, რომელიც გაგრძელდება 29 ივნისამდე.
მთამსვლელი და ფოტოგრაფი გურამ თიკანაძე 1963 წელს ტრაგიკულად დაიღუპა სვანეთში, შხარადან დაშვების დროს, 31 წლის ასაკში.
ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან პიონერთა სასახლეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით.
უნივერსიტეტში გაიტაცა ალპინიზმმა. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ “დროშის” ფოტოკორესპონდენტად.
1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში.
გამოფენაზე წარმოდგენილია გურამ თიკანაძის 90-მდე ფოტო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფოტოარქივიდან.
ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.