მამა ნიკოლოზთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებს რომ ახალაის წინააღმდეგ ჩვენება ძალით დააწერინეს, მთავარი პროკურატურა განცხადებას ვრცელებს. „რეპორტიორი" მას უცვლელად გთავაზობთ:
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა თემურ ტაბაღუას (სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ამჟამად ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი) ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის საუბრობს პროკურატურის თანამდებობის პირების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, თუმცა ამავე ჩანაწერში იგი არ ასახელებს, თუ რა ფაქტების აღიარებას ითხოვდნენ მისგან ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ და ასევე არ ასახელებს, თუ რაში გამოიხატებოდა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს დაუყოვნებლივ სამსახურებრივ მოკვლევას და მოკვლევის შედეგებს განასაჯაროვებს.
რაც შეეხება თავად თემურ ტაბაღუას შემხებლობას „სანდრო გირგვლიანის" საქმესთან, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წელს ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავდებულები პირები: გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური,სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულებაში, რომლის დირექტორიც 2006-2011 წლებში გახლდათ თემურ ტაბაღუა (ამჟამად მამა ნიკოლოზი).
თემურ ტაბაღუას დირექტორობის პერიოდში მსჯავრდებულები გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური იმყოფებოდნენ პატიმრობასთან შეუთავსებელ უკანონოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნისას მათ საცხოვრებელ ოთახებში იმართებოდა ღრეობები, მსჯავრდებულები იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით.
აღნიშნულ გარემოებათა დადგენის მიზნით თემურ ტაბაღუა არაერთხელ დაიკითხა მოწმის სახით ს. გირგვლიანის საქმის გამოძიბის ფარგლებში, ხოლო მისი უკანასკნელი დაკითხვა შედგა 2013 წლის 13 აგვისტოს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ უკანასკნელი დაკითხვისას თ. ტაბაღუას არაფერი ახალი არ უთქვამს გამოძიებისათვის, რაც მას და ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე სხვა მოწმეებს მანამდე არაერთხელ დაუდასტურებიათ მათი დაკითხვისას.
საგამოძიებო მოქმედებათა ამოწურვისთანავე ბრალდება მიიღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ."