ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე კორნელი სამსონის ძე კეკელიძე 1879 წლის 30 აპრილს სოფელ ტობანიერში, ვანის რაიონში დაიბადა.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კორნელი კეკელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას.1919-1925 წლებში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, ხოლო 1926-1930 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921-1930 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942—1949 წლებში განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი (1927 და 1929 წლებში).
კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ 1905 წელს ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 წელში გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“.
დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“, რუსულ ენაზე, 1912 წელი, მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; „ძველი ქართული არქიერატიკონი“- რუსულ ენაზე, 1912 წელი) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში (1905 წელს) და სვანეთში (1911 წელს) დაცული ქართული ხელნაწერები. 1948—1954 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 წელს - ნ. ციციშვილის „შვიდი მთიები“, 1935 წელს - იოანე საბანის ძის „აბო თბილელის წამება“ და ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, 1936 და 1948 წლებში - იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ ორტომეული (თანარედაქტორი ა. ბარამიძე), 1938 წელს — „ვისრამიანი“.
იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.