reportiori.ge - სირცხვილი და თავის მოჭრა „ალიანც არენაზე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:25
სპორტი
სირცხვილი და თავის მოჭრა „ალიანც არენაზე“
30 აპრილი, 2014. 13:13



სხვა რა უნდა ვუწოდო იმას, რაც გუშინ მიუნხენში მოხდა? თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა გვეთქვა „ნაღდი“ ფეხბურთის ზეიმი, ან გვარდიოლა „ბაი-ბაი“. ვფიქრობ, სამივე სათაური გამოდგებოდა, თან მთავარია, რომ რეალობას სამივე ასახავს. თავის მოჭრაა, როცა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საკუთარ მოედანზე 0:4 აგებს, „ნაღდი“ ფეხბურთის ზეიმია, როცა ბურთის უაზრო გორებით გართულ გუნდს, ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთით აჯობებ. რაც შეეხება გვარდიოლას ბედს, არ ვიცი „ბავარიის“ შეფები რას აპირებენ, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, ერთ წუთსაც არ გავაჩერებდი გუნდში. ამ კაცმა, ერთ წელიწადში, იუპ ჰაინკესის საათივით აწყობილი გუნდი „ვანკა-ვსტანკას“ დაამგვანა; „ტიკი-ტაკა“ ფეხბურთს სათანადო შემსრულებელი სჭირდება, ისეთი, როგორიც ჩავია, ან ინიესტა, ანუ ბოლო პასის დამნახავი და შემსრულებელი. „ბავარიაში“ ეს ფუნქცია ტონი კროოსს, ბასტიან შვაინშტაიგერს, ტიაგო ალანტარას ან მარიო გიოტცეს უნდა შეესრულებინა, ამათგან ყველაზე ახლოს ბარსელონურ დუეტთან ალკანტარა დგას, მაგრამ ნახევარი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა, კროოსი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ეს როლი მისთვის ზედმეტად უცხოა, შვაინშტაიგერი უფრო ჩამშლელია, ვიდრე შემქმნელი, გიოტცე კი უფრო დამაგვირგვინებელი, ბოლო ფაზის ოსტატი.

მიუნხენელებმა გერმანიის ჩემპიონატი ცალი ფეხით მოიგეს, თუმცა არა „ტიკი-ტაკას“ ხარჯზე, აქ სხვა ბევრმა ფაქტორმა ითამაშა და ახლა ამაზე საუბარი სხვაგან წაგვიყვანს, ამიტომ ისევ გუშინდელ შეხვედრას დავუბრუნდები. რიბერი და რობენი, დღეს, ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის მოთამაშეები არიან, მადრიდში ესპანელებმა ფლანგები საიმედოდ ჩაკეტეს და ამ ორ „ვინგერს“ გასაქანი არ მისცეს, ამიტომ მიუნხენში უფრო ცენტრისკენ იწევდნენ და აქედან ცდილობდნენ სამეფო კლუბის კარისკენ გაღწევას. გერმანელების სამწუხაროდ, რიბერი და რობენი თავის „საქმეს“ მოსწყდნენ და აკეთებდნენ იმას, რაც ჩავისა და ინიესტაზე გაცილებით უარესად გამოსდით; დამნაშავე კი უდავოდ მწვრთნელია, რომელმაც კასილასის კარისკენ მიმავალი გზა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მონახა.

ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი, თამაშამდე ორი დღით ადრე, სრულიად გერმანიას აფრთხილებდა, ცუდი შედეგისთვის მზად იყავითო, მაგრამ არავინ დაუჯერა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიუნხენური გრანდი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შერცხვა.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, ქება და ქება სამეფო კლუბის დამრიგებელს და მოედანზე მყოფ ყველა ფეხბურთელს, რომელთაც ფილიგრანული სვლებით გაანეიტრალეს მეტოქის ყველა მცდელობა და ძალიან კრეატიულები იყვნენ შეტევაში. მადრიდის „რეალისთვის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა ნამდვილად ალალია.

კარლო ანჩელოტი დღევანდელ შეხვედრას დაელოდება და მერე ახალი საჭადრაკო პარტიისთვის მოემზადება, რადგან ვინც არ უნდა იყოს მეორე ფინალისტი დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ თუ ჟოზე მოურინიოს „ჩელსი“, კარგი სადებიუტო სისტემის არჩევა აუცილებელია, რადგან ორივე ვიზავი მასზე არანაკლები ტაქტიკოსია და რამდენიმე სვლის წინასწარ გათვლა არცერთისთვის არ არის პრობლემა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016