„ჩელსი" - „ატლეტიკოს" თამაში იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, იმდენი რამის განსჯისა და დაწერის საშუალებას იძლევა, ყველაფერზე რომ ვისაუბრო, არც ფურცელი მეყოფა, არც დრო და არც ჩვენს საიტზე სპორტისთვის გამოყოფილი ადგილი. ამიტომ გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ბრიტანულ და ესპანურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების სათაურები, მატჩის მონაწილეთა და მწვრნელთა შეფასებები.
THE GURDIAN: „ატლეტიკომ დაამტკიცა, რომ ესპანეთში „ბარსელონასა" და „რეალის" ბატონობის დამხობა შეუძლია."
THE TELEGRAFH: „ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა დაგვანახეს, რომ არა მხოლოდ კარგი ოსტატები, არამედ კარგი ადამიანებიც არიან".
THE DAILY MAIL: „ატლეტიკოს" აქვს ყველაფერი საუკეთესო პრიმერა დივიზიონიდან და პრემიერ-ლიგიდან."
BBC: „ატლეტიკო საკუთარ ზღაპარს წერდა".
INDEPENDENT: „ჩელსიმ" ევროპული საფეხბურთო ხელოვნების გაკვეთილი მიიღო".
AS: „ატლეტიკო ნამდვილი გიგანტი იყო".
EL PAIS: „ახლანდელი „ატლეტიკო" კლუბის ისტორიაში საუკეთესოა".
EL PERIODICO: „კურტუამ, მოურინიოს დიდების კარი ცხვირწინ მიუხურა".
LA VANGUARDIA: „სტემფორდ ბრიჯი" მინი „ვინსენტე კალდერონად" იქცა".
SPORT: „ატლეტიკომ" მოურინიო გაანადგურა.
მოურინიო: „ატლეტიკომ" გამარჯვება დაიმსახურა. ფინალის ფავორიტს ვერ დავასახელებ, რადგან ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ მეორე გუნდს ფინალში გასვლა არ დაუმსახურებია. ასე არ არის. გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებს.
ედენ აზარი: „ესპანელებმა ღირსეულად გაიმარჯვეს. ჩელსიმ აქცენტი გააკეთა არა ფეხბურთის თამაშზე, არამედ კონტრშეტევებზე".
დავიდ ლუიზი: „ატლეტიკომ უკეთ ითამაშა. ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ ასეთ შეხვედრებში ყველაფერს დეტალები წყვეტს. რაც შეეხება ფინალს, ვთვლი, რომ ფინალში ფავორიტები არ არსებობენ".
დიეგო სიმეონე:თავიდანვე ვიცოდით, რომ მეტოქისთვის თამაშის განვითარების საკუთარი ვარიანტი უნდა შეგვეთავაზებინა. მეორე გოლის შემდეგ უფრო აგრესიულად ავთამაშდით და ამან გადამწყვეტი როლი შეასრულა. რა მითხრა მოურინიომ თამაშის შემდეგ? ამას საიდუმლოდ შევინახავ. ახლა მხოლოდ „ლევანტესთან" შეხვედრაზე ვფიქრობ.
ჩელსი
შვარცერი - 5,0 პეტრ ჩეხი ღირსეულად ვერ შეცვალა. კინაღამ გაუშვა კოკეს ფლანგიდან ჩაწოდება, პირველი გოლისას პოზიცია ჰქონდა დაკარგული, მესამე გოლი დიდწილად მისი ბრალია, რადგან ბურთი პირდაპირ თურანზე მოიგერია.
ივანოვიჩი - 5,5 პირველ ტაიმში ასპლიკუეტასთან ერთად მარჯვენა ფლანგს კარგად აკონტროლებდა, თუმცა ხშირად ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. მონაწილეობა მიიღო საგოლე კომბინაციაში. მეორე ტაიმის კატასტროფაში მისი ბრალი არც ისე ბევრი იყო.
კეჰილი - 5,0 პირველ და მესამე გოლებში ბრალის წილი მასზეც მოდის,რადგან ცენტრალური ზონა დაუცველი იყო.
ტერი - 5,5 კარგად მეურვეოდა კოსტას. სახიფათოდ ერთვებოდა შეტევებში, თუმცა პირველი და მესამე გოლებისას გუნდს ვერ დაეხმარა.
კოული - 5,5 ფლანგს კარგად მეურვეობდა, შეტევებში ნაკლებად მონაწილეობდა. პირველი გოლი მისი ფლანგიდან ჩაწოდებულს მოჰყვა.
რამირესი - 5,0 არც ისე დამაჯერებელი იყო. ბევრს კამათობდა, უხეშობდა, თუმცა შეტევებში აქტიურობდა.
დავიდ ლუიზი - 6,0 თავის გუნდში საუკეთესო, საყრდენის პოზიციაზე ბევრი იშრომა, ბურთი კარგად ამოჰქონდა, შეტევებშიც სახიფათოდ მოქმედებდა.
ასპლიკუეტა - 5,5 მისთვის უჩვეულო ნახევარმცველის პოზიციაზე ორივე ფლანგზე მოუწია თამაში; მისი შედარებითი ინერტულობა უფრო მწვრთნელთა გადაწყვეტილების ბრალია.
ვილიანი - 5,5 ბევრი იშრომა, მისი პრესინგისთვის თავის დაღწევა ძალიან რთულია. მონაწილეობა მიიღო პირველ გოლში. მეორე ტაიმში მისი თამაში (როგორც სერთოდ გუნდის) გაფერმკრთალდა.
აზარი - 4,0 დაცვაში საშინელი, შეტევებში შეუმჩნეველი.
ტორესი - 6,0 საჭირო დროს ძალზე კარგად ითამაშა. შეტევებს ამწვავებდა, დაცვასაც ეხმარებოდა.
ეტო`ო - 4,0 მოედანზე თამაშის გასამწვავებლად შემოსულმა, წყალში ჩაყარა მთელი გუნდის შრომა, როდესაც საკუთარ საჯარიმოში კოსტა მოცელა.
დემბა ბა და შიურლე - 5,0 მათი აქტიურობა დაგვიანებული აღმოჩნდა.
ატლეტიკო
კურტუა - 7,0 შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე, მისმა საიმედო თამაშმა დიდწილად განაპირობა მცველთა თავდაჯერება.
ხუანფრანი - 6,5 მთელ ფლანგს აკონტროლებდა, ლომის წილი დაიდო პირველ გოლში.
მირანდა - 6,0 მხოლოდ ერთხელ შეცდა, როდესაც ტორესს ვერ დაუფარა.
გოდინი - 5,5 პირველი გოლისას, ვილიანს ბურთის ჩამოწოდების საშუალება მისცა.
ფილიპე - 5,5 პირველ გოლში ბრალი მასაც მიუძღვის, ნაკლებად აქტიური იყო შეტევებში.
მარიო სუარესი - 6,0 მთელი შეხვედრის მანძილზე საიმედოდ და ენერგიულად თამაშობდა.
ტიაგუ - 6,5 ბევრი იშრომა, მონაწილეობა მიიღო პირველ გოლში, ღირსეულად შეცვალა კაპიტანი.
კოკე - 6,5 დიდ დიაპაზონის და საოცარი ენერგიის ფეხბურთელი, კურტუასთან ერთად შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე.
არდა თურანი - 6,5 პირველი გოლის გატანაში მიიღო მონაწილეობა და შეხვედრის გადამწყვეტი გოლიც მან გაიტანა. ფლანგზე სასარგებლოდ მოქმედებდა.
ადრიანი - 6,5 საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა.
დიეგო კოსტა - 6,5 მთელი შეხვედრის მანძილზე დაძაბულობაში ამყოფებდა მოწინააღმდეგის დაცვას. მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, თავადვე აქცია გოლად.
რაულ გარსია, სოსა - 6,0 შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა ორივე სასარგებლოდ ჩაეწერა თამაშში.
კრისტიან როდრიგესი შ/გ - მისი შემოსვლა ტაქტიკური სვლა იყო.