ისეთი ვნებათაღელვა, რაც ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მოჰყვა, დიდი ხანია არ მინახავს. არც უმრავლესობისა და უმცირესობის ისეთი შეხმატკბილება და გულში ჩაკვრა არ მინახავს, რაც ამ კანონის განხილვისას მოხდა.
"ალიამ" ორი დღის წინ დააანონსა ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რუსთაველზე სასულიერო პირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია. მართლაც, 30 აპრილს პარლამენტის წინ 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, ძირითადად სასულიერო პირები და მათი მრევლი. მათ თან ჰქონდათ პლაკატები "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია".
სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
"ალიას" აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის დიაკონი,მამა ელიზბარ დეკანოიძე ესაუბრა:
- ჩვენი ანონსი თქვენი გაზეთის საშუალებით ძალიან დაგვეხმარა ამ შეკრების ჩატარებაში და ამისთვის მადლობას მოგახსენებთ. ხალხი შეიკრიბა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მცირე რაოდენობა საზოგადოებისა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს აქცია პირდაპირ ქაშუეთის ეკლესიის წინ არ არის? ჰოდა, ერთი სასულიერო პირიც კი ქაშუეთის ეკლესიიდან არ გამოსულა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ვინმე მხარს უჭერს ამ კანონპროექტს, მაგრამ რატომღაც, ჩვენი ეკლესია თვლის, რომ პატრიარქმა უნდა მოუწოდოს ხალხს ბუნტისკენ და გარეთ გამოსვლისკენ. ამ დროს გამორიცხულია, რომ იმას შევეგუოთ, რაც ამ ქვეყანაში ხდება! აქციაზე იყო მხოლოდ თბილისის რამდენიმე ეკლესიის ის წარმომადგენელი, ვინც პრესის საშუალებით მწვავე კრიტიკით გამოდიოდნენ მიმდინარე პროცესების მიმართ. მე დაგისვამთ დღეს ერთ კითხვას და მიპასუხეთ: ვინმეს, რომელიმე ქვეყანაში უცხოელს, თუნდაც ქართველს, რომ იქაური ბავშვი გაეუპატიურებინა, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა იმ ქვეყანაში?
- ამერიკის ელჩის მრჩევლის, სამხედრო ატაშეს მოთხოვნით გაუშვიათო, მაგრამ შსს არ ადასტურებს, დაკავებულიაო.
- მერე ეგ ნორლანდია ჩვენი დედა? ძუძუს ხომ არ მოგვაწოვებს კიდევ? ჯერ გასარკვევია, მართლა დაკავებულია თუ არა, გასარკვევია ეგ საქმე. რას უსმენ ამერიკის ელჩს, არაფერს კარგს ეგ ქვეყანა არ გირჩევს, თქვენ წარმოიდგინეთ, მეზობელმა ქალმა რომ ისაუბრა, მაგ ერაყელებს რომ ვუთითებდით, მაგას ნუ აკეთებთო, ტელეფონს მომიტანდა ცხვირთან, პატრული, პატრულიო. თუ მასეა, დამსაჯოს პატრულმაო. ე.ი. (ყვირის) მოვა ეს ჩვენი პატრული და დასჯის ქართველს, რომ ერაყელს უნამუსობაში ხელი შეუშალა, ან ნებისმიერი ეროვნების სხვა ადამიანს? არა, არა, ეს ქვეყანა დასაღუპადაა განწირული! ეს აღარ არის ქვეყანა! დღეს საქართველოს მასშტაბით იყო გამოცხადებული აქცია და თბილისში ერთი ეკლესია არ უნდა დარჩენილიყო, რომ რუსთაველზე არ გამოსულიყო, ერთი სასულიერო პირიც არ უნდა დაკლებოდა, გარდა იმათი, ვინც რიტუალს ასრულებდა, აბსოლუტურად ყველა იქ უნდა მდგარიყო და გამოეხატა პროტესტი ყველაფერი ამის მიმართ! არ ვგულისხმობ იმათ, ვინც მიდრეკილია მსგავსი ქმედებისკენ.
- დღეს ქუთაისშიც შეიკრიბნენ სასულიერო პირები და როგორია თქვენი ტაქტიკა, შეთანხმებული ხართ საერთო მოქმედებაზე? რას ამბობს საპატრიარქო?
- ქუთაისში შეიკრიბნენ, კი, ზუსტად 12 საათზე იქაც გამოვიდნენ მამაოები და პარაკლისი გადაიხადეს მათაც. მაგრამ იქაც 10-15 სასულიერო პირი იდგა, უმეტესობა - ბერები, მეუფე - არც ერთი! საპატრიარქოში რას იტყვიან ამაზე და ხაფი ხმით ყვირის პარლამენტიდან, იმ ქალის გვარი არ ვიცი, ჩვენ საპროტესტო აქციებს გავმართავთ თუ შეწყვეტს პარლამენტი ამ საკითხის განხილვასო. ისე გაკადნიერდა დავით ზურაბიშვილი, სჯულის კანონის არცოდნაც კი აკადრა საქართველოს საპატრიარქოს და თვითონ გამოვიდა სჯულის საუკეთესო მცოდნედ და თურმე ჩვენ არაფერი გვცოდნია! უფრო მეტი მოგვცემს ხმას ამ კანონის მერეო! იმიტომ, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მისი გათვლით, მამათმავალი და ლესბოსელი უფრო მეტია, ვიდრე კაცი! ესაა მაგათი "რასჩოტი"! როგორ მშურს სომხებისა, რა! ასეთი ფაქტი რომ იქ მომხდარიყო, მთელი ერევანი გამოვიდოდა და ერთად იქნებოდა და არც ერთი მათგანი არ მისცემდა. ამის გამო, მართლა არ უნდა მისცენ ხმა მაგათ კანდიდატს! პარტიას აღარ ვეძახი, მაგ საზიზღრობას! "ოცნება" თუ დაარქვი, მამაცხონებულო, ოცნება უნდა წამიწყმიდო? მე მამათმავლებთან ჯდომას ვოცნებობდი ბავშვობიდან, კი! ან მე და ან - სხვა! ამ ხალხის გამიკვირდა, უფრო მეტს რომ ველოდი! ეს ხალხი რამ გაატუტუცა ასე, რამ დაადედლა, რომ პროტესტის გამოხატვის უნარიც არ აქვთ! ერთადერთმა მივმართე 109 პარლამენტარს, ამდენიდან ერთი მამრი როგორ არ ხართ, ამ კანონზე უარი რომ გეთქვათ-მეთქი. ეს ხალხი ეკლესიაში დადის იმიტომ, რომ ვითომ სული გადაირჩინოს და არ გეტკინათ არაფერი! ასეთი ცხოვრებით სულს ნამდვილად ვერ გადაირჩენთ, სულს დაიღუპავთ! ჩვენი სარწმუნოება ამბობს, იყავი ან ცხელ, ან გრილ! ნელთბილობას გვიკრძალავს და, ვინც გამოვა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, შეჩვენებული უნდა იყოს საშვილიშვილოდ! დღეს ქართული ჯარის დღეა და ეკლესიას ჰყავდა ყოველთვის თავისი გვარდია, ახლა საჭიროა ომი! მე, მამა ელიზბარი, მუხლდაჩოქილი ვთხოვ მაღალსაც, დაბალსაც, მრევლსაც, მონაზონსაც და ბერსაც, ვისაც, თუ ქვეყანა ჰკიდია, საკუთარი სული ხომ არ ჰკიდია, გამოდით და გამოხატეთ პროტესტი, როგორც ეკუთვნის ამ საზიზღრობას, ამისი პატიება არავისთვის არ შეიძლება და ეს კარგად გავიგოთ. მანანა კობახიძე გამობრძანდა და უნდა დავიცვათ ის ხალხი, ვინც ჩვენგან განსხვავებულები არიანო და ჩვენი, უმრავლესობის დაჩაგვრის ხარჯზე უნდა დაიცვათ ეს ადამიანები, ქალბატონო მანანა? შეიძლება, მართლმადიდებლურ ქვეყანაში ჩვენი დაჩაგვრის ხარჯზე სხვებმა იპარპაშონ?
- ბურჯანაძის პარტიის განცხადება გავრცელდა, სადაც გმობენ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას...
- კი, მართლმადიდებლობაო ისლამურ ფუნდამენტალიზმზე უფრო საშიში რელიგიააო და ამნაირ ევროპაში უნდათ ამათ ჩვენი შეყვანა?
- დედაოები რატომ არ გამოდიან საპროტესტოდ? "ოცნების" აქციებზე დადიოდნენ.
- და მაგას არ ვამბობ? ყველა უნდა გამოსულიყო, ბერიც და მონაზონიც და მეუფეც და, თუ ვინმეს მე არ მოვწონვარ, ძალიანაც მიუქარავთ, რადგანაც მე ჩემს ოჯახში ყანის სათოხნად არ დამიძახია მაგათთვის! ვთქვი, მოდით, რომ ქვეყანა დავიცვათ-თქო. ჩემ გვერდით ომი თუ არ უნდათ, გამოვიდნენ და ცალკე დადგნენ, ოღონდ გამოვიდნენ და ქვეყანა გადაარჩინონ! ეყოთ მართლა და მართლა ფულის ქაფვა!
- კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სასულიერო პირები დეპუტატების ანათემაზე გადაცემით დაიმუქრნენ. ეს მხოლოდ მუქარაა თუ რამე ნაბიჯებიც გადაიდგა ამ მხრივ?
- რაც შეეხება ანათემას, შევიდა განცხადება, რომ სინოდს ეთხოვება, ანათემას გადაეცეს ყველა ის პირი, ვინც ამაზე ხელს მოაწერს და ვეთანხმები! ერთი მამა ბართლომესაც უნდა ვკითხო, რა, ანტირელიგიურ კანონთან დაკავშირებით 70 პარლამენტარი რომ შეაჩვენა, ამ 109-მ რა დაუშავა? რატომაა გასუსული? ბიძინასთან რომ არის ახლოს, იმიტომ? სიახლოვე იმაში გამოიყენე, რომ სიმართლე უთხარი!
- ცირკთან ტრანსსექსუალი სცემეს და ის მომენტი ხომ არააა, ხელისუფლებამ რომ გამოიყენოს ეს ფაქტი, აგერ, თუ დასაცავები არ არიან "ელგებეტეებიო"?
- იმან ძალით მიიყენა ზიანი, დამტკიცდა უკვე, დიმიტრი ლორთქიფანიძე ყვებოდა მაგ ამბავს მიტინგზე. ვინც ამ ხალხისთვის შემოტანილ ფულს ხარჯავს, ეგენი აწყობენ მასეთ რამეებს. ამ ქვეყანას ჰყავს გაუკუღმართებული ორიენტაციის პარლამენტი და, ვისაც ეს სიტყვები ეწყინება, გამოვიდეს, თუ ბიჭია, ვაჟკაცურად, დამხვდეს და დამელაპარაკოს.
- შემთხვევით ვსარგებლობ და დედა პარასკევაზეც უნდა გკითხოთ, რა მოხდა?
- არავის არსაიდან არ გაუგდია, პატარა სახლი რომ ჰქონდა და, წამოწოლილი რომ ფულებს აკეთებდა, ეგ აეკრძალა, და სწორადაც აუკრძალეს. მონაზვნობა მისთვის არავის ჩამოურთმევია, უბრალოდ, მიუთითეს, აი, კელია და როგორც სხვა მონაზონი ცხოვრობს, ისე იცხოვრეო. ეს ეწყინა, რა თქმა უნდა. დედა პარასკევას სულ პატივს ვცემდი და ვცემ, მაგრამ ამ ბოლო დროს რა დაემართა, ვერ გავიგე, ესაა ეშმაკის ბრძოლა. ამ კეთილშობილ ადამიანსაც კი შეუჩნდა და სისულელეებს აკეთებინებს.
- დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ, დღეს რა მოილაპარაკეთ, რაზე შეთანხმდით?
- მართალია, კანონპროექტის განხილვა გადაიდო, მაგრამ გაერთიანებამ, რომელმაც ეს მიტინგი დაგეგმა, ესაა "უფლის სახელით, უფალია ჩვენი სიმართლე", რეზოლუცია შეიმუშავა, სადაც წერია, რომ ესაა გამაფრთხილებელი რეზოლუცია, რომ შეისმინონ პატრიარქის ვედრება და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაწესდეს, საქართველოში პატრიარქი რომ ბრძანებს, ის (დამარცვლით) შესასრულებელია. თუ ეს პროექტი მაინც მიიღეს, უნდა გამოვიდეთ გარეთ და ეს პარლამენტი გამოვათრიოთ სათითაოდ და კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ აქედან. აი, ეს უნდა ვქნათ!
(გაზეთი „ალია", თამარ ოქრუაშვილი )