დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს დამსახურებული არტისტის - თამარ სხირტლაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
საიუბილეო საღამოზე თავად მსახიობი წარმოადგენს ნაწყვეტებს სპექტაკლებიდან „ეუხენა ბალბოა“ და „ჰაჯი მურატი“; ასევე, ითამაშებს ერთ ეპიზოდს გიზო ჟორდანიას ახალი (ჯერ დაუსრულებელი) სპექტაკლიდან „თეთრი იასამანი“, იუბილარს მიესალმებიან მისი კოლეგები, რეჟისორები და თეატრმცოდნეები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მსახიობს ქართულ თეატრში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალურ ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს .
თამარ სხირტლაძემ პროფესიული განათლება მარჯანიშვილის თეატრის სტუდიაში უშანგი ჩხეიძის ხელმძღვანელობით მიიღო. მსახიობის დებიუტი 1947 წელს სპექტაკლ „ნინოშვილის გურიაში“ ქრისტინეს როლით შედგა. 1967-1974 წლებში თამარ სხირტლაძე რუსთავის თეატრშიც მოღვაწეობდა. გარდა სასცენო მოღვაწეობისა, იგი ცნობილია შესანიშნავად შესრულებული კინოროლებით. მსახიობი ორგზის - სახელმწიფო და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატია.
დასაწყისი 20:00 საათზე.