შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებმა და ახალციხის სამაშველო სამსახურის მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის პარკში დაკარგული ოთხი ქართველი და ერთი გერმანელი მოქალაქის ერთობლივი საძიებო-სამაშველო ღონისძიებები განახორციელეს.
16 აგვისტოს ახალციხის რაიონის სოფ. წინაუბნიდან ხუთი მოლაშქრე ბორჯომ-ხარაგაულის პარკის და იქ მდებარე ე.წ. „სტამბოლის მთის" მოსანახულებლად წავიდა. უკან დაბრუნებისას ტყეში დააღამდათ და გზის გაკვლევა ვეღარ შეძლეს.
დაკარგულთა ოჯახის წევრები იმავე ღამეს დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ს და დახმარება ითხოვეს. ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს დაკარგული მოლაშქრეების საძიებო სამუშაოები და გამთენიისას ხუთივე მათგანს ე.წ. „ნახანძრალი"-ს ტერიტორიაზე მიაკვლიეს.