პანკისის ხეობაში, სოფელ დუისთან დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაცია წუხელ დაიძაბა, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ხელკეტებით შეიარაღებულმა მატანის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს და პანკისელებს სახლებში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ. ინციდენტში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმაც მონაწილეობდა.
ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ადგილზე რჩება სპეცრაზმელთა ჯგუფი და არ გამორიცხავენ, რომ პანკისის ხეობაში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავიდეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 239-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
პანკისის ხეობაში მომხდარ ჩხუბში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათგან სერიოზული დაზიანება არც ერთს მიუღია.