აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურმა მაშველების შერჩევა დაიწყო. საზღვაო სეზონის გახსნამდე სამაშველო სამსახური 120 თანამშრომლის შერჩევას და გადამზადებას გეგმავს. ცურვისა და ფიზიკური მომზადების კონკურსი ბულვარის სანაპიროზე მიმდინარეობს. კონკურსში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს, მათ 100-მეტრიანი მანძილი მაქსიმუმ სამ წუთში უნდა დაფარონ. კონკურსის შედეგად შერჩეული 120 მაშველი სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა თურმანიძის თქმით, ფიზიკური მონაცემებით შერჩევის შემდეგ კონკურსანტები სამედიცინო დახმარების კურსებს და გასაუბრებას გაივლიან.
"ცურვისა და ფიზიკური მომზადების ეტაპის გადალახვის შემდეგ კონკურსანტები სამედიცინო ინსტრუქტორებთან პირველადი დახმარების კურსებს გაივლიან. შემდეგ კი იქნება გასაუბრება. 9 მაისისთვის გამარჯვებულები სამუშაოს შეუდგებიან. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება, გასულ წელს 100 მაშველი შევარჩიეთ, წელს კი ტურისტული ზონების ზრდასთან დაკავშირებით კიდევ 20 თანამშრომელს ავიყვანთ და საერთო ჯამში 120 ადამიანს დავასაქმებთ", - განაცხადა მამუკა თურმანიძემ.