უქმეებზე პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველასათვის მოულოდნელად, გათამაშების ვერცერთმა ფავორიტმა ვერ შეძლო დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება.
4 მაისს, სამეფო კლუბმა „ვალენსიას“ უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ საკმაოდ დიდი ძალებით უტევდა, პირველი ტაიმის უკანასკნელი წუთზე, გოლი ჯერემი მეტიუმ გაიტანა - 0:1. შესვენებაზე ანჩელოტის დარიგება შედეგიანი გამოდგა. მეორე ნახევარში „რეალმა“ მეტოქეზე წნეხი გაზარდა და 59-ე წუთზე რამოსის გოლით წონასწორობა აღადგინა. ზუსტად 6 წუთში დანიელ პარეიომ „ვალენსია“ კვლავ დააწინაურა. არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუს საოცარი გოლის წყალობით, მადრიდელებმა ქულის მოპოვება შეძლეს - 2:2. პორტუგალიელის შიპებით გატანილმა გოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე საათში მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
იმავე დღეს, პირველადგილოსანი მადრიდის „ატლეტიკო“ გასვლაზე „ლევანტეს“ დაუპირისპირდა. მასპინძლებმა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეძლეს - 2:0. დამწუხრებული მადრიდელები კი, სახლში ქულის გარეშე დაბრუნდნენ.
გოლები: ფილიპე ლუისი (7’, ავტოგოლი), ბარალი (69’).
შაბათს, კატალონიის „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „ხეტაფე“ მიიღო. შეხვედრის განმავლობაში, მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, თუმცა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა.
გოლები: მესი (23’), ლაფიტა (39’, 90’), სანჩესი (67’).
36-ე ტურის შემდეგ, პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილს მადრიდის „ატლეტიკო“ (88 ქულით) ლიდერობს. მეორე ადგილზე კატალონიური კლუბი (85 ქულით) იმყოფება. მესამე ადგილს კი, სამეფო კლუბი (83 ქულით) ჯერდება.