reportiori.ge - ირაკლი ალასანია უახლოეს ხანებში პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:12
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი ალასანია უახლოეს ხანებში პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს
ავტორი:
05 მაისი, 2014. 18:24



ირაკლი ალასანია ნატო-ს საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსებას სთხოვს. ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მის ამ გნაცხადებას ექსპერტების კრიტიკა მოჰყვა. საინტერესოა იყო თუ არა მისი განცხადება შეთანხმებული ხელისუფლების უმაღლეს პირებთან და რა შეცდომა დაუშვა მინისტრმა, რაზეც აპატურაიმ მიანიშნა.

 

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას ეს განცხადება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა და ემსახურება მის პირად პიარინტერესებს.

 

 

– ირაკლი ალასანია ნატო-ს თავდაცვის საშუალების განთავსებას სთხოვს, რამდენად ადეკვატურია მინისტრის ეს მოთხოვნა და მისი განცხადება ხომ არ წააქეზებს რუსეთს?

 

– აპატურაის პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა,რ ომ ეს იყო მოუმზადებელი წინადადება და ამასთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში არანაირი საუბარი არ ყოფილა. აპატურაიმ ჩვენს თავდაცვის მინისტრს შეახსენა, რომ ნატო-ს საკუთარი თავდაცვის საშუალებები არ გააჩნია და ეს არის მხოლოდ ნაციონალური თავდაცვითი საშუალებები, რომლის გაძლიერებაშიც ეხმარებიან სხვადასხვა ქვეყნები... მე ვფიქრობ, რომ ალასანია თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ზედაპირულად გამოიყურება, ის ორიენტირებულია პიარზე და არა საქმეზე. ამ შემთხვევაშიც ეს იყო განცხადება განცხადებისთვის. აგიხსნით, რატომ ვფიქრობ ასე. ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური ღონისძიება, რომელიც იწვევს ორ დიდ სახელმწიფოს – რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვითარების გართულებას.

 

 

–  2006-2007 წლებში საუბარი იყო საქართველოში ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე, თუმცა რუსეთის მუქარის შემდეგ, მოლაპარაკება ჩაიშალა, დღეს ამ თემის წამოწევით ალასანიას რის მიღწევა სურს?

 

– რჩება შთაბეჭდილება, მინისტრმა წინა ისტორია არ იცოდა, წინა წლებში იყო საუბარი ანტისარაკეტო სისტემებზე, თვითონ სისტემა განლაგდებოდა თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოში განლაგდებოდა ამ სისტემის გარკვეული ელემენტები, თურქეთში დამონტაჟდებოდა გამშვები სისტემა, ხოლო საქართველოში – გარკვეული სარადარო სისტემა, რომელიც ერთიან საინფორმაციო სისტემაში ჩაერთვებოდა. ეს არის გლობალური უსაფრთხოების ელემენტი და არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის. პოლონეთში ან თურქეთში განლაგებული ანტისარაკეტო სისტემა არ ნიშნავს, რომ ეს არის გაკეთებული პოლონეთის სახელმწიფოსთვის, ან თურქეთისთვის. მინისტრმა ეს უნდა იცოდეს. ამტომ მისი შეთავაზება, რომელიც არის შეფუთული იმ კონტექსტში, რომ საქართველოს გარკვეული ხიფათი ემუქრება და ამის უკუსაგდებად საჭიროა ანტისარაკეტო სისტემის საქართველოში განთავსება, რომელიც არსებულ ხიფათს მოხსმნის, ეს მინიმუმ გულუბრყვილო განცხადებაა. მინისტრმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთისგან რეალური საფრთხე გვემუქრება და მან ასევე ძალიან კარგად იცის, რომ ანტისარაკეტო სისტემის საქართველოში განთავსების ხანგრძლივი პროცესი ამ საფრთხესთან არაფერ შუაშია. ამ განცხადებით კი მინისტრმა საფრთხე შეუქმნა ქვეყანას. რუსეთს როგორც კი დასჭირდება საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურება, საინფორმაციო ომისთვის მის განცხადებას მშვენივრად გამოიყენებს...

 

 

– და მაინც, როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ალასანიას განცხადება შეთანხმებული ხელისუფლების უმაღლეს პირებთან?

 

– მე ვფიქრობ, რომ ალასანია ემზადება დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტიურობისთვის, შესაბამისად, მას სჭირდება პროდასავლური ნიშა და ცდილობს, ამ ნიშის მოპოვებას, ასევე ცდილობს, მოეზადოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის. ანუ, ერთი მხრივ, ალასანია ცდილობს, ამერიკის კარზე დაიმკვიდროს თავი, უფრო სწორად, დაიკავოს სააკაშვილის ადგილი, როგორც ამერიკის ერთგული პარტნიორის, მეორე მხრივ კი, ის ცდილობს, საქართველოში მოიგოს იმ ელექტორატის გული, რომელიც დასავლურადაა განწყობილი... როგორც ეს ნებისმიერ იდიოტ ქართველ პოლიტიკოსს შეშვენის, რომელიც ხშირად არ უფიქრდება თავის განცხადებებს და მათ შედეგებს, საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე განცხადებით ძალიან აზარალებს ქვეყნის უსაფრთხოებას... თქვენ მკითხეთ, იყო თუ არა შეთანხმებული ალასანიას განცხადება უმაღლეს ხელისუფლებასთან. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ხელისუფლებაში ერთიან პოლიტიკას, შერიგების მინისტრი თავისას უბერავს, თავდაცვის მინისტრი ცალკე უბერავს, ზოგადად მინისტრების ქმედებები უნისონში ერთმანეთთან არ მოდის. მარტივად რომ გითხრათ, არ მახსოვს უშიშროების საბჭოს სხდომები გამართულიყოს, სადაც დახურულ სხდომაზე დაისმებოდა საფრთხის შემცველი საკითხები, რაც საქართველოს რეალურად ემუქრება და მთავრობა დაიწყებდა შეთანხმებულად მოქმედებას. ეს ასე რომ ყოფილიყო, ალასანია ასეთ განცხადებას აღარ გააკეთებდა. ვფიქრობ, ეს იყო ალასანიას პირადი გადაწყვეტილება. არადა, სახელმწიფოს ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში არის უშიშროების ორი საბჭო, ქვეყანას ჰყავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ყველა საქმე იყო ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება, გარდა თავდაცვის მინისტრისა, თანაც ალასანიას აუხსნეს, რომ მის განცხადებაში იყო გარკვეული ლაფსუსი, რომ ნატოს, როგორც ორგანიზაციას, თავდაცვითი საშუალებები არ გააჩნია. ალასანია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა დიპლომტიურ ასპარეზზე, უნდა იცოდეს, რა გააჟღერა. კერძოდ, ის, როგორც თავდაცვის მინისტრი, საკუთარ ტერიტორიაზე იწვევდა სხვა ქვეყნის ჯარებს. გარკვეულწილად ეს იყო მისი მხრიდან პრობლემური განცხადება, ეს იყო, ერთი მხრივ, რომ მინისტრი გამოვიდა თავისი მოვალეობის ჩარჩოებიდან, მეორე მხრივ, თავის ტერიტორიაზე მოუხმო სხვა ქვეყნის ჯარებს, კერძოდ, რა თქმა უნდა, მას თურქეთი არ უგულისხმია, მაგრამ, თუ სახმელეთო თავდაცვის უზრუნველსაყოფად ნატო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს თურქეთის ჯარები, რომელიც დაიცავს საქართველოს ტერიტორიას. ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება, რომელიც არც თურქეთთან არის შეთანხმებული, არც საქართველოს საზოგადოებასთან და მით უფრო, არც ხელისუფლებასთან, ყოვლად დაუშვებელია.

 

 

– თქვენ შეეხეთ ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ამბიციებს, ის დარწმუნებული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორად მის გამო ჩართეს დასავლურმა ძალებმა პოლიტიკაში, რათა ალასანია მოეყვანათ ხელისუფლების სათავეში და ახლაც დარწმუნებულია, რომ იქნება მომავალი მთავარი ხელისუფალი. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ შეიარაღებული ჯარი ებაროს დიდი ამბიციების მატარებელ ადამიანს, რომელიც ასევე არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დე ფაქტო ლიდერი.

 

– ალასანიას პოლიტიკური მომავალი დამოკიდებულია მის პოლიტიკურ რეიტინგზე, ალასანიას მანიპულირების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და მას არ ჰყავს მუდმივი ელექტორატი. შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭიროა ამომრჩეველთა ხმები, რომელსაც ის ვერ მოიპოვებს. მეეჭვება, რომ „ნაცმოძრაობის“ რესურსის გამოყენებას გარკვეულწილად სჭირდება ვირტუოზული თამაშები, რისი ოსტატიც ალასანია არ არის. ალასანიას გაცილებით მეტი ამბიციები აქვს, ვიდრე შესაძლებლობები, ის პოლიტიკურ მომავალს ილუზიებზე აგებს, მას 2010 წელს ჰქონდა ქალაქის მერობის ამბიცია, ასევე ჰქონდა პრეზიდენტობის ამბიცია, პრემიერმინისტრობის ამბიცია...

 

 

– თუმცა მისი ამბიცია სამუდამოდ მაშინ დასამარდა, როცა ის ზუგდიდში მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხდა ახალაიასთან.

 

– დიახ, გეთანხმებით, როცა „ოცნების“ ტრიუმფალური აღმასვლა  იყო საქართველოში, გვარ-სახელებს უკვე აღარც კი ჰქონდა მნიშვნელობა, ძალიან დიდი მოხერხება უნდოდა, რომ მაჟორიტარული არჩევნები წაგეგო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ის იქნება საშუალოდ რეიტინგული პარტიის ლიდერი, რომელიც ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებას. მე ყოველდღიურად ვადევნებ თვალ-ყურს, რა ხდება თავდაცვის უწყებაში, ალასანიამ ისეთი მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთა, რაც დაგვანახვებდა, რომ ის არის კარგი ორგანიზატორი. თქვენ მკითხეთ, ხომ არ გამოიყენებს ალასანია თავდაცვის შესაძლებლობებს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, როგორც ის ახორციელებს საკადრო პოლიტიკას, თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, გამიჩნდებოდა ეჭვი, რომ ის ცდილობს, შეინარჩუნოს ზუსტად ისეთივე გავლენა შეიარაღებულ ძალებზე, რაც თავის დროზე ბაჩო ახალაიას ჰქონდა. რამდენიმე გარედან მოსულ ოფიცერს თუ არ ჩავთვლით, მათ შორის გენშტაბის უფროსს, სხვა ყველა დანარჩენი კადრი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური და ერთგულების ნიშნით შერჩეული ადამიანი, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ოფიცრის ღირსებასთან. ერთ მარტივ ინდიკატორს გეტყვით, შეიარაღებული ძალების კომისია ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ შეისწავლოს 2008 წელს კოლაფსის მიზეზები. ამის შესწავლა კი ნიშნავს, რომ აუცილებლად გაჟღერდება გვარები იმ ოფიცრების, რომლებიც ბევრი ჩინოვნიკური დანაშაულის მონაწილეები იყვნენ, რამაც შეიარაღებული ძალები კატასტროფამდე მიიყვანა. შესაბამისად, კომისიის მუშაობა წავიდა აბსოლუტურად სხვა კუთხით, ისინი სწავლობენ სამხედრო თეორიულ საკითხებს, რომელიც ძალიან საინტერესოა ოფიცრებისთვის, თეორეტიკოსებისთვის, მაგრამ ეს არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს სიმართლე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ამის მიზეზი კი არის ის, რომ ალასანიამ დამნაშავე ოფიცრები გარშემო შემოიკრიბა და ისინი დააწინაურა, რომლებიც გარკვეულწილად დამნაშავეები არიან 2008 წლის კატასტროფისა. შესაბამისად, ალასანიას მათი დასჯა და ჩამოშორება არ სურს.

 

 

– შეგიძლიათ, დაგვისახელოთ, ვინ არიან ისინი?

 

– მე გეტყვით, ვინ არ არის ამ ჯგუფში, ეს არის ვახტანგ კაპანაძე, ხოლო დანარჩენებიდან შეგიძლიათ ნებისმიერი გვარი დაასახელოთ და დაგიდასტურებთ, რომ ისინი დამნაშავეები არიან. ახლა მე გეტყვით, სად არის ხიფათი. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამცველია სამხედრო გადატრიალებისგან, ამ სამხედროების პოლიტიკაში ჩარევისგან. ეს არის დემოკრატიული კონტროლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ევროპულ-დემოკრატიულ ქვეყნებში. როგორც კი ამ ზღვარის მოშლა ხდება და პოლიტიკური ფიგურა გადადის ზღვარს და იმაზე მეტად უახლოვდება სამხედროებს, ვიდრე ეს დანაშაულია, ყოველვის განგაშის ზარი გაისმება ხოლმე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ამ ზღვარის დარღვევა არის დაუშვებელი, არსად თავდაცვის მინისტრი თავს არ აიგივებს შეიარაღებულ ძალებთან და ის არის მთავარი მაკონტროლებელი სამოქალაქო ურთიერთობებში, მით უმეტეს ის არ ერევა საკადრო საკითხებში, არც ერთი ევროპული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს არ ჰყავს თავისი ფავორიტები, მას არ აქვს უფლება, წარადგინოს ვინმე რაიმე ტიპის თანამდებობაზე, ის არის მხოლოდ ნოტარიუსი, რომელიც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას თავისი ხელმოწერით ადასტურებს. ის არის ერთ-ერთი და არა მთავარი, ვინც მონაწილეობს საკადრო პოლიტიკაში, მაგრამ თვითონ ერთპიროვნულად არ იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ზღვარი წაიშალა. მინისტრი ირაკლი ალასანია სამხედროებს მოიხსენიებს, როგორც „ჩემი ბიჭები“, ის გამოდის თითქოს შეიარაღებული ძალების დამცველი და გარკვეულწილად აპირებს „ჩემი ბიჭების“ პრინციპის დამკვიდრებას, ეს კი საზოგადოებისთვის უნდა იყოს სერიოზული განხილვის თემა. შეიარაღებულ ძალებში არიან ოფიცრები მეორე პოზიციაზე, მათი გატეხა „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც კი ვერ მოხერხდა. შეიარაღებული ძალების პოლიტიზების მიუხედავად, ე.წ. მუხროვანის ამბოხი და ეს კრიზისი ზუსტად იმიტომ წარმოიშვა, რომ „ნაცმოძრაობას“ სურდა ქვედანაყოფების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და ოფიცრების პროტესტმა ჩაშალა „ნაციონალების“ გეგმა, რომ მათ შეიარაღებული ძალები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რა ესიზმრება ალასანიას, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩათრეული იქნებიან პოლიტიკურ პროცესში.

 

 

– ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაცები ვაპატიოთო. ამ განცხადებით რის დამტკიცებას ცდილობს თავდაცვის მინისტრი?

 

– ალასანიამ „ნაცმოძრაობას“ უკვე ყველაფერი აპატია, ეს მისი პირადი არჩევანია, არ მგონია, ის რაიმე ტიპის წარმოადგენდეს საქართველოს ხელისუფლებას. ფაქტობრივად, ის ამ გუნდის შემადგენელი არ არის. ის დემონსტრაციულად ახდენს საკუთარი თავის გამიჯვნას ამ გუნდისგან. ამ განცხადებით მან პირადი სურვილი გააჟღერა, რაც ნათლად სურს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსის გამოყენება, რადგან სხვა რესურსი ბუნებაში უკვე აღარ არსებობს, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს. მე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, რომ ის შეიძლება გახდეს ღარიბაშვილისა და ივანიშვილის კონკურენტი, მაგრამ ის ემზადება დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ზუსტ ვადებს ვერ გეტყვით, მაგრამ უახლოეს ხანებში ის პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს.

 

 

– თქვენი ინფორმაციით, ალასანიას უწყებას აქვს იმის ტექნიკური ბაზა, რომ ხელისუფლებას ფარულად მოუსმინოს?

 

– რა თქმა უნდა, თავდაცვის უწყებას ჰქონდა ასეთი საშუალება, კერძოდ, სამხედრო პოლიციას, მე არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება დღეს.

 

 

– რამდენად არის იმის შესაძლებლობები, რომ ხელისუფლებაზე კომპრომატების მოგროვება თავდაცვის უწყებიდან მოხდეს?

 

– თუ ლოგიკას გავყვებით, ბაჩო ახალაია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“, ის აქტიურად მონაწილეშობდა შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამხედრო პოლიცია მისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, შესაბამისად, სამხედრო პოლიციის დახმარებით ის აგროვებდა კომპრომატებს ოპოზიციაზე. ვფიქრობ, ეს კომპრომატები სადღაც ხელუხლებელი დევს. ალასანია თავდაცვის პირველი მინისტრია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ დაინიშნა, მას ჰქონდა ძალიან დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ გადაემოწმებინა თავისი წინამორბედების საქმიანობა, რაც მან არ გააკეთა. სამწუხაროდ, ალასანიამ ყველა წინამორბედი მინისტრის ქმედება „გააპრავა“, ვისაც ასეულობით მილიონი აქვს მოპარული თავდაცვის უწყებიდან. ალასანიას აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა ინვენტარიზაცია და ჩვენ დავინახავდით, რომ იქნებოდა ძალიან დიდი დანაკლისი, რა ზიანიც წინა ხელისუფლებამ მიაყენა თავდაცვის უწყებას.

 

 

– და ბოლოს, უკრაინის პრობლემა დაუმარხავი მიცვალებულივით იქცა. როგორ ფიქრობთ, მსოფლიო უძლურია, შეაჩეროს რუსეთი და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთის აგრესია გადმოვა თუ არა საქარველოზე?

 

– მე ვეკუთვნი იმ ოფიცრების ჯგუფს, რომლებიც პირველივე დღიდან რეფორმებს ფერხულში ჩაება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური არჩევანი და ევროპაში ინტეგრაცია. ჩვენ ვიცით, ყველაფერს აქვს თავისი დრო, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს დაჩქარება გარკვეული პროცედურების, პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ, 2014 წელს მოეწერება ხელი ევროპასთან ასოცირებას, თუ მომდევნო წელს, მით უმეტეს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მთავარი დანიშნულება უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ისე, რომ ამა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაუარესება არ გამოიწვიოს. თუ ეს ასეა, მაშინ ამიხსენით, ვინ მუშაობს ქართველ ბიზნესმენებთან, იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა მოემზადოს ევროპული ბაზრისთვის? მე ვფიქრობ, ყველაზე გონივრული იქნებოდა ადეკვატურად გვემოქმედა იმის მიხედვით, რა მიმართულებას მიიღებდა კრიზისი. აქ არ არის საუბარი, გავაკეთოთ არჩევანი, ან ევრაზიულ კავშირზე, ან ევროკავშირზე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ერთიანი წევრები, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან პრაგმატულად ვითარების შესაბამისად. ჩვენ არ ვიცით, რა ფაზაში შევა რუსეთა-უკრაინის დაპირისპირება და როგორი რეაქცია ექნება რუსეთს. გამოიყენებს ის მხოლოდ ეკონომიკურ ბერკეტებს, თუ გარკვეულწილად სამხედრო პროვოკაციებსაც მიმართავს. შესაბამისად, მე ერთი ვიცი, რომ საქართველო არაფრისთვის არ ემზადება. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთისგან საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ჩვენ დამოკიდებული ვართ ღვთის ნებაზე და ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის ვერ მოიცლის.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიმა“

 

4 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016