ტყიბულში, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამუშავებული ქვანახშირის პირველადმა ნარჩენებმა აალება დაიწყო.
აღნიშნულის გამო შეშფოთებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და საავტომობილო გზის გადაკეტვაც სცადა, მაგრამ ამის საშუალება ადგილობრივმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. ბარათაშვილისა და გამსახურდიას ქუჩების მოსახლეობა ითხოვს, მათი საცხოვრებელი სახლების წინ დაყრილი გადამუშავებული ქვანახშირის ნარჩენები ქალაქგარეთ გაიტანონ, რადგან ის მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე შეხვდა.
"ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვესაუბრე გარემოს დაცვის მინისტრს და თუ ხელისუფლება და კომპანია არ მიიღებს ზომებს, უფლებას ვიტოვებ, ამის შესახებ ვამცნო საზოგადოებას", - აღნიშნა დეპუტატმა.
ელისო ჩაფიძე მოუწოდებს ინვესტორს, კეთილი ინებოს და ქვანახშირი გაიტანოს ქალაქგარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკითხს დააყენებს როგორც პარლამენტის სხდომაზე, ასევე მედიის წინაშე.