დღეს, საქართველოს უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. 2013/2014 წლის სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად ყოველი ქულა მნიშვნელოვანია.
„მცხეთა პარკზე" ერთმანეთს მარტვილის „მერანი" და თბილისის „ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდებიან. მეგრელებმა უკანასკნელ ტურში „სპარტაკთან" მარცხი იგემეს (2:0) და სატურნირო ცხრილის ფსკერზე 22 ქულით იმყოფებიან. „მარტვილს" გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევის თეორიული შანსიც არ დარჩენია. რაც შეეხება „ვიტ ჯორჯიას", თბილისელები ბოლო დროს, საკმაოდ კარგად ასპარეზობენ და უკანასკნელ ტურში „დილა" დაამარცხეს (2:1). „ვიტ ჯორჯია" 42 ქულით ქვედა ექვსეულს ლიდერობს. დაპირისპირების უდავო ფავორიტი თბილისური კლუბია.
აღსანიშნავია, რომ „მერანი" მასპინძლის სტატუსით ითამაშებს. „შუქურასთან" სათასო მატჩში მომხდარ ინცინდენტს დისციპლინარული კომიტეტის სანქციები მოჰყვა. შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილა" ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლებს. 38 ქულით, ქვედა ექვსეულის მესამე ადგილზე მყოფი გორელთა კლუბი „ვიტ ჯორჯიასთან" მარცხის შემდეგ, მხოლოდ გამარჯვებაზეა ორიენტირებული და 3 ქულის დათმობას არ აპირებს. რაც შეეხება იმერლებს, მათ წინა ტურში „ზუგდიდი" ბეჭებზე დადეს (3:1) და 42 ქულით მეორე ადგილს ინარჩუნებენ. წყვილში ფავორიტის გამოვლენა რთულია. ერთი რამ კი ნათელია, გორი დაძაბული მატჩის მოლოდინშია.
განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე „ზუგდიდი" ცხინვალის „სპარტაკს" დაუპირისპირდება. 27 ქულით, მეხუთე ადგილზე მყოფმა ზუგდიდელებმა ბოლო 2 მატჩი დათმეს და ახლა, საკუთარ კედლებში, დაგეგმილი 3 ქულის მოპოვებას გეგმავენ. 34 ქულით, მეოთხე ადგილზე მყოფმა „სპარტაკმა" უკანასკნელ ტურში 3 ქულა მოიპოვა და ახლა გორელთა დაწევას გეგმავს. ტურის უკანასკნელ წყვილშიც ძალთა ბალანსი უდაოდ თანაბარია.
უმაღლესი ლიგის სამივე შეხვედრა დღეს, 17:00 გაიმართება.