შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ
რაიონულმა სასამართლომ ზურაბ მ-ს, სამწლიან პირობით მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად, 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაც განუსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლი შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დაავალა. გორის სანერგე მეურნეობაში განაჩენით განსაზღვრულ პერიოდში პრობაციონერმა პირნათლად იშრომა. პრობაციის ბიუროს შუამდგომლობისა და პირობით მსჯავრდებულის დახასიათების გათვალისწინებით, მეურნეობის დირექციამ ზურაბ მ. მუდმივ სამუშაოზე აიყვანა და ყოველდღიურ ანაზღაურებად 10 ლარი დაუნიშნა.
პრობაციის ბიურო სამუშაოს შოვნაში დაეხმარა ქარელში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან პირობით მსჯავრდებულ ზურაბ ფ-ს. იგი შპს "ქარელის კეთილმოწყობის სამსახურში" მუშად დასაქმდა და ყოველთვიურად 380 ლარს მიიღებს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციონერთა რესოციალიზაცია და შრომით საქმიანობაში მათი ჩაბმა წარმოადგენს. პრობაციის რეგიონალური ბიუროები, მათ კონტროლს დაქვემდებარებული პირების დასაქმების მიზნით, მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კერძო და სამთავრობო ორგანიზაციასთან.