reportiori.ge - იყო თუ არა გიორგი სანაიას მკვლელობა ჟვანია-სააკაშვილის გეგმის ნაწილი? ლევან მამალაძის სკანდალური ინტერვიუ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:42
პრეს-დაიჯესტი
იყო თუ არა გიორგი სანაიას მკვლელობა ჟვანია-სააკაშვილის გეგმის ნაწილი? ლევან მამალაძის სკანდალური ინტერვიუ
ავტორი:
06 მაისი, 2014. 16:49


პარტიაში ორივე ფავორიტი იყო: ერთი - სტაჟიანი, მეორე - ახლად გამომცხვარი... პირველს წლობით დაგროვილი გავლენა აყოყოჩებდა, მეორეს კი - თანაპარტიელებისთვის ჯერ კიდევ გამოუცნობი „კრიშა"... ფავორიტებს შორის დაწყებული ფარული დაპირისპირება მალე ღია ომში გადაიზარდა და ერთ-ერთი კონკრეტულ ეტაპზე დამარცხდა...


„პრაიმტაიმი" პირველწყაროსთან ინტერვიუში გაშიფრავს იმ კონკრეტულ დეტალებს, რამაც ერთ დროს ძლევამოსილი გუბერნატორი, შევარდნაძის ხელისუფლების სახედ, სიმბოლოდ ქცეული ლევან მამალაძე საქართველოდან გადახვეწა. სწორედ ამ დეტალებზე საუბრისას შევიტყობთ, რა სტრატეგიით მოდიოდა სააკაშვილი ხელისუფლებაში და რა ტიპის ძალადობას მიმართავდა ის მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება.


მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს ლევან მამალაძესთან:

 

- პოლიტიკაში 26 წლის წინათ ჩავები. სტუდენტი ვიყავი, როდესაც ზურაბ ჟვანიას „მწვანეთა მოძრაობას" შევუერთდი და საკმაოდ აქტიურად ჩავები ეროვნულ მოძრაობაში. 1992 წელს პარლამენტის წევრი გავხდი. მაშინ 23 წლის გახლდით. ამას იმიტომ გიყვებით, რომ სხვადასხვა ძალები, მათ შორის სააკაშვილი, მაშინ შემოგვემატნენ, როდესაც საქართველოში საგარეო და შიდა პოლიტიკის დალაგება დაიწყო. მანამდე მისი არსებობა არავინ იცოდა. ჟვანიამ მოიყვანა, „მოქალაქეთა კავშირის" სიაში ჩაწერა და შევარდნაძემ ის „მოქალაქეთა კავშირის" ფრაქციის თავმჯდომარედ დანიშნა.


- იმ დროს თქვენ ფავორიტი იყავით... მოგიწიათ სააკაშვილთან გუნდური მუშაობა?

 

- მასთან ასეთი ურთიერთობა წარმოუდგენელი იყო. თავიდანვე დაულაგებელი ფსიქიკა ჰქონდა. თუმცა, თავიდან ურთიერთობა ნორმალური იყო. გუბერნატორი რომ ვიყავი, სააკაშვილი ჩემთან ჩამოვიდა და ინტერვიუებიც მისცა - მამალაძისნაირი გუბერნატორი არ გვყავს და მისი რეგიონი სოციალურ-ეკონომიკური მონაცემებით ყველაზე მაგარიაო.


- თქვენ დაპირისპირების მიზეზი რა გახდა?

 

- სააკაშვილი ჟვანიას დაქვემდებარებაში იყო. რასაც ზურა გეგმავდა, ის ასრულებდა.


- როგორ ამბობენ, ის ხშირად გადიოდა ჟვანიას კონტროლიდან...

 

- ეს უკვე მერე ხდებოდა... სააკაშვილი სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა პარტიაში. მიშა მაჭავარიანი და სხვებიც, რომლებიც ჩემს მეგობრებად ითვლებოდნენ, საშინელ დღეში იყვნენ. მთხოვდნენ, მათთვის მხარი დამეჭირა.


- სააკაშვილთან მათი დაპირისპირების მიზეზი რა იყო?

 

- ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილს დაუმსახურებლად ჰქონდა დიდი გავლენა ფრაქციაში. ეს არ მოსწონდათ და ჩემს მხარდაჭერას ითხოვდნენ. მაშინ მაჭავარიანი „მოქალაქეთა კავშირის" აღმასრულებელი მდივანი იყო. ჩვენი დაპირისპირება 2000 წელს დაიწყო, როდესაც ჟვანიას დაჟინებული მოთხოვნით პარლამენტმა მიიღო კანონი, როცა საქართველოში შემოიღეს პრემიერ-მინისტრის პოსტი. ზურას პრემიერმინისტრობა ძალიან უნდოდა, მერე კი - პრეზიდენტობა. ამაში არაფერია დასაძრახი. თავის გეგმა ჰქონდა. შევარდნაძემ, მიუხედავად იმისა, რომ შეპირებული იყო, არ დანიშნა პრემიერ-მინისტრად, ამის გამო მათ შორის შავმა კატამ გაირბინა და ჟვანიამ და სააკაშვილმა დაიწყეს გეგმის შემუშავება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ გეგმის ძირითადი ნაწილი თავიდან რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით იწერებოდა და საკმაოდ გასაიდუმლოებულიც იყო, შემდეგ დასავლეთიც ჩაერთო. საკმაოდ სერიოზული ნამუშევარი გახლდათ. დეტალურად იყო გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების ხელში ჩაგდება. პირველი ეტაპი მედიაზე გავლენის მოპოვებას გულისხმობდა. ასეც მოხდა. მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას ამ იარაღით სრულიად მარტივად ახერხებდნენ. ამის კვალდაკვალ მოხდებოდა პარტიის მისაკუთრება და ყველა სახელმწიფო მიმართულების ხელში ჩაგდება... ვინც წინააღმდეგი იქნებოდა, მოუხდეოდა მათი დისკრედიტაცია-განადგურება და საჭიროების შემთხვევაში - რევოლუცია, ხალხის ქუჩაში გამოყვანის გზით.


- თქვენ პირადად გაეცანით ამ გეგმას?

 

- რა თქმა უნდა. ჩვენ მაშინ ერთად ვიყავით, მაგრამ ჟვანიამ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი უნდა ყოფილიყო მისი საყრდენი...


- რა უცნაურია ეს დამოკიდებულება, როდესაც უკვე სახეზე გვაქვს ამ ურთიერთოშბის შედეგი... ვგულისხმობ ჟვანიას გარდაცვალებას...

 

- ჟვანიას 1988 წლიდან ვიცნობდი. იმ დროიდან ურთიერთობდა მასთან გია ბარამიძეც და მან ყველაზე კარგად იცის, რომ ის სიბინძურე, რაც ზურას აუგორეს, მტკნარი სიცრუეა. ამაზე დამეფიცება, რადგან ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიცნობდით ერთმანეთს. არ რცხვენია გია ბარამიძეს, დღეს რომ სააკაშვილის ვერსიას ადასტურებს ზურას გარდაცვალებაზე?


- ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვი „მოქალაქეთა კავშირის" ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა თურმე თქვენს რეგიონში, იცნობდით მას?

 

- არა, არ ვიცნობდი.


- ამბობენ, რომ, სანამ კონსპირაციულ ბინაში აღმოჩნდებოდა, რაულ უსუპოვს შეხვედრა ჰქონდა ვაჟა ლელუაშვილთან, რომელიც იმ დროს კუდ-ის მაღალჩინოსანი გახლდათ. მანამდე კი თქვენთან მუშაობდა ის. ვაჟა ლელუაშვილთან, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გქონდათ... ამ საქმეში ლელუაშვილი საეჭვოდ ჩნდება. მეტიც, ინფორმირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ლელუაშვილი და უსუპოვი ერთმანეთს სწორედ იმ დროიდან იცნობენ, როდესაც ორივე თქვენი გუბერნატორობის დროს რეგიონში მუშაობდა. თქვენ გსმენიათ რამე ამის შესახებ?

 

- ეს ამბავი პირველად მესმის. ვაჟა ლელუაშვილი რწმუნებულის აპარატში ნამდვილად მუშაობდა, კოორდინატორიიყო რაიონებში, მერე კი - პარლამენტის წევრი.


- როცა თქვენს აპარატში იყო, მაშინაც უშიშროების ხაზით მუშაობდა?

 

- არა. ვაჟა ლელუაშვილი ერთ-ერთი კარგი შემსრულებელი იყო, რომელიც სახელმწიფო დავალებებზე მუშაობდა და რომელსაც შეეძლო, კარგი ურთიერთობები დაემყარებინა სხვადასხვა ეროვნებისა და წარმომავლობის ადამიანებთან. ამის უნარი მას ნამდვილად აქვს. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვფლობ ინფორმაციას.


- კარგი... თემას გადავუხვიეთ. დავუბრუნდეთ ისევ იმ ეპიზოდს, როდესაც ჟვანიამ არჩევანის წინაშე დაგაყენათ...

 

- ჟვანიამ პირდაპირ დამიყენა საკითხი, ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენს წინააღმდეგო. მე დრო ვითხოვე მოსაფიქრებლად. მათ არ აწყობდათ ჩემთან კონფრონტაცია. მე მყავდა სერიოზული ჯგუფი პარლამენტში. ეს იყო ხალხი, დაახლოებით 20 კაცი, რომლებიც ძირითადად ჩემი რეგიონიდან იყვნენ არჩეულები. მათზე გავლენა მქონდა. ელექტორატიც მყავდა, მით უმეტეს, მოგეხსენებათ, ქვემო ქართლი რთული რეგიონი იყო თავის დროზე. ამდენად, მათ სჭირდებოდათ ჩემი მხარდაჭერა, როგორც პარლამენტში, ისე ელექტორატის კუთხითაც.


- რა იყო თქვენი პასუხი?

 

- ვუთხარი, რომ ამ გეგმაში ჩემს ფუნქციას ვერ ვხედავდი. მიპასუხა, ნახავ, რაც მოხდებაო. მოგვიანებით მაჭავარიანმა დამირეკა და მაცნობა, რომ ჩემს წინააღმდეგ კონკრეტული სტრატეგია იყო შემუშავებული და მისი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი იყო.


- რა პერიოდსაც თქვენ ეხებით, სწორედ მაშინ მოკლეს ჟურნალისტი გიორგი სანაია. ეს მკვლელობა ამ გეგმის ნაწილი ხომ არ იყო?

 

- არაფერს გამოვრიცხავ... როცა ასეთი სკანდალური მკვლელობა ხდება, საქმეს იძიებენ და მიდიან დასკვნამდე. მაშინ არავის აინტერესებდა არც ძიება და არც დასკვნა. მთავარი იყო, აქციები მოწყობილიყო ქუჩაში. დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ, თუ მეკითხებით, იყო თუ არა სანაიას მკვლელობა გამოყენებული ჟვანია-სააკაშვილის გეგმის ერთ-ერთ ნაწილად, მიმაჩნია,რ ომ იყო.


- თქვენ დარჩით გაღმა ნაპირზე და იქეცით კორუფციის სიმბოლოდ...

 

- ასე მითხრეს კიდეც - შენ გაქცევთ კორუფციის სიმბოლოდო. ეს მაჭავარიანის პირით გადმომცა ჟვანიამ.


- არადა გვახსოვს თქვენი ცნობილი ფოტოები ოქროს ზოდებით...

 

- ქვემო ქართლში მუშაობდა „მადნეული", „აზოტი", „ოქროს საწარმო"... იმ ოქროს საწარმოში ერთხელ ოფიციალური შეხვედრა გვქონდა. სააკაშვილიც იყო. მაშინ გადამიღეს ფოტოები. ისინიც ჩემთან ერთად იყვნენ. შემდეგ კი ამ კონტექსტით გამოიყენეს.


- ამბობდნენ, რომ გყავდათ საკუთარი ძვირადღირებული ცხენები...

 

- ხერხემალი მაწუხებდა და ექიმმა მირჩია, იპოდრომზე იარე, ცხენზე დაჯექიო. ხერხემლის კუნთების გასამაგრებლად იყო საჭირო. გადამიღეს ფოტოები და ამით „დაადასუტრეს", რომ თითქოს რაშები მყავდა.


მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"

5 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016