reportiori.ge - სოფო ყარალაშვილი: დაჯილდოების ნაცვლად, ბრალი წამიყენეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:58
პრეს-დაიჯესტი
სოფო ყარალაშვილი: დაჯილდოების ნაცვლად, ბრალი წამიყენეს!
ავტორი:
06 მაისი, 2014. 16:53


2014 წლის 18 აპრილს ჟურნალისტი სოფო ყარალაშვილმა ჯიხურში სიგარეტი იყიდა და ხურდაში ეროვნული ლატარიის ბილეთი აიღო. გამყიდველმა უთხრა, გათამაშება ამ საღამოსვე იქნებაო და შევსებაც თავად ასწავლა. სოფოს გვიან ღამით გაახსენდა, რომ გათამაშება გამოეპარა. სატელევიზიო გადაცემა ინტერნეტში უკან გადაახვია და აღმოაჩინა, რომ 6 რიცხვი დაემთხვა და ფანტასტიკური 561 176 ლარი მოიგო! მერე ლატარიის კომპანიამ ჯილდოს მისაღებადაც მიიწვია, მაგრამ მეორე დღესვე დიდი სიხარული დიდ განსაცდელად გადაექცა. სოფო ყარალაშვილი ამჟამად დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ინტერვიუზეც იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ გამოძიების დეტალებზე არ ჩავეკითხებოდით.



სოფო ყარალაშვილი:


- გათამაშების მეორე დღეს, სამსახურში მისულს, 2 კაცი ლატარიის კომპანიის წარმომადგენლად გამეცნო, მომილოცეს და მოდულში გაყოლა მთხოვეს. მოდული რა შუაშია-მეთქი? - გამიკვირდა. უწყება გამომიწოდეს, სადაც ამოვიკითხე, რომ დაკითხვაზე მიბარებდნენ. ადვოკატიც არ გჭირდება, უბრალო გასაუბრება არისო. ცუდზე არ მიფიქრია. გავყევი და ბილეთიც თან წავიყოლე. მართლაც, თბილად დამხვდნენ, მომილოცეს, ბილეთი გამომართვეს, ერთმანეთს აჩვენებდნენ, მე კი ჩემს „განძს" შეშფოთებული დავდევდი, როცა აქეთ-იქით დაატარებდნენ.


- ისეთი მომენტი თუ იყო, როცა ბილეთი თქვენი თვალთახედვის არეში აღარ ჩანდა?

 

- დიახ. შეკითხვებს მისვამდნენ და რამდენიმე წუთით ყურადღება მოვადუნე. მერე შეშინებულმა ვიკითხე, სად არის ბილეთი-მეთქი? მშვიდად მაჩვენეს, იქვე, თაროზე იდო გამომძიებელთან.


- რას გეკითხეოდნენ?

 

- გამომკითხეს, სად ვიყიდე ბილეთი. ვიღაცების გვარები მკითხეს, ხომ არ იცნობო? არაფერში შემპარვია ეჭვი. მშვიდობიანად წამოვედი იქიდან. სამშაბათს დაჯილდოება უნდა გამართულიყო, თუმცა, კომპანიის წარმომადგენელმა სულხან ლაცაბიძემ შემატყობინა, რომ ცერემონია გადაიდო. მას მერე ჩემს ზარებსაც აღარ უპასუხა. შევშფოთდი და ადვოკატს ვთხოვე ლატარიის კომპანიაში გაყოლა. იქ ოპერატორებმა დამამშვიდეს, ჯეკპოტის გადაცემა უახლოეს დღეებში იქნებაო. ერთ საათში კი, სამართალდამცველებმა დამირეკეს და მოდულში მისვლა მომთხოვეს. მივედი და ჩემდამოულოდნელად, ბრალი წამიყენეს!


- რაში მდგომარეობს ბრალი?

 

- თაღლითობის მცდელობაში და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებაში მადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით, მე კომპანიის თანამშრომელ დავით იაშვილთან წინასწარი შეთანხმებით ვიმოქმედე. ბრალი საქართველოს ფოსტის დირექტორის ლევან ჩიკვაიძის ჩვენების საფუძველზე წამიყენეს. დავით იაშვილს არამცთუ არ ვიცნობ, თვალითაც არ მენახა, ვიდრე ტელესიუჟეტში ფოტოებს არ მოვკარი თვალი. პროკურატურამ ჩემი დაპატიმრება მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ 15 ათასი ლარი გირაო შემიფარდა. საქმის განხილვა 6 ივნისს არის ჩანიშნული. ჩემი უდანაშაულობის მტკიცება მიწევს და ამ უსამართლობას განვიცდი. გამოძიების დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაციის გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს მეც და ადვოკატსაც.


- ის მაინც მითხარით, გჯერათ, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება?

 

- მზად ვარ, მივენდო გამოძიებას, გულწრფელად ვითანამშრომლო მათთან, თუმცა, მაქვს შიშის შეგრძნება, რომ შესაძლოა, გამოძიებამ დაკვეთა შეასრულოს. ამ შიშს საფუძველიც გააჩნია: ჩემი მომგებიანი ბილეთი სათანადო წესების გარეშე დალუქეს. წესით, ეს ჩემი, ანუ მფლობელის და ნეიტრალური მოწმეების თანდასწრებით უნდა გაეკეთებინათ. ალბათობა, რომ ბილეთის ორიგინალი ყალბით შემიცვალონ - არსებობს. მე არ ვიცოდი დალუქვის წესები, მოგვიანებით გავარკვიე ადვოკატებთან. ხელი კი მომაწერინეს დალუქვაზე, თუმცა, ეს პროცესი მე არ მინახავს!


- განცხა გაქვს, რომ საქართველოს ლატარიის კომპანია გათამაშებას აყალბებს?

 

- დიახ, მაქვს ასეთი განცდა, მით უფრო, მას მერე, რაც შევიტყვე, რომ ამ კომპანიის აქციების 30 პროცენტს კეზერაშვილი ფლობს. ლატარიის კომპანია ახლა აცხადებს, რომ მონაცემთა ბაზაში პრობლემის არსებობის შესახებ გათამაშების პროცესშივე შეიტყო. მაშ, რატომღა გამოაცხადეს, რომ ჯეკპოტი გათამაშდა? ილეთი თუ გაყალბდა, ხომ შესაძლებელია, რომ ანალოგიური ადრეც მომხდარიყო? ან, შესაძლოა, ჩემი გამარჯვება არ აწყობთ და მაქინაციას მიმრთავენ... შეიძლება, კომპანიას ეგონა, რომ მოახერხებდა და მოგებულ თანხაზე უარს მათქმევინებდა...


- რას მეუბნებით?! ვინმემ მოგთხოვათ, რომ მოგებულ თანხაზე უარი გეთქვათ?

 

- მაპატიეთ, მაგრამ ვერ გიპასუხებთ და ნუ დამაძალებთ, გამოძიებისთვის მიცემულ პირობას ნუ დამარღვევინებთ. მრავალი ისეთი დეტალია საქმეში, რომელიც ცუდი დასკვნებისკენ მიბიძგებს, თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი სიმართლე არ დაიკარგება!



P. S. „ასავალ-დასავალმა" დამოუკიდებლად მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის თანახმად, კონკრეტულმა პირებმა სოფო ყარალაშვილს მოგების მიღებაზე უარის თქმა მოსთხოვეს და თუ ვერ დაითანხმებენ, შესაძლოა, ეს სოფოს თავისუფლების ფასად დაუჯდეს!

 

ლატარიის კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი სულხან ლაცაბიძე აცხადებს, რომ ბონუს რიცხვი 18 აპრილს, 20:43 წუთზე გამოვლინდა, ხოლო აქედან ერთი წუთში უსაფრთხოების სისტემამ ბაზაში არასანქცირებული ცვლილება დააფიქსირა, რაც სამართალდამცავებს უცნობეს, ხოლო 19 აპრილს შსს-მ ჯეკპოტის მომგები ბილეთის გაყალბების ეჭვი გამოთქვა. ლაცაბიძე ვარაუდობს, რომ ბილეთის ელექტრონული ვერსიის შექმნას და ამობეჭდვას კომპანიის ეჭვმიტანილი თანამშრომელი დავით იაშვილი მხოლოდ გათამაშების დასრულების შემდეგ შეძლებდა, არადა, წინ რა უდგას იმის დადგენას, მართლა შეიძინა თუ არა სოფო ყარალაშვილმა ეს ბილეთი გათამაშებამდე რამდენიმე საათით ადრე და შემოხაზა თუ არა ციფრები საკუთარი ხელით.

 

რაც შეეხება იაშვილს, მას ცნობილი ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს, რომელიც კლიენტის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ლატარიის კომპანიას პირიქით ადანაშაულებს გამოძიების შეცდომაში შეყვანაში. ჭკადუა აცხადებს, რომ კომპანია ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის და გამორიცხული არ არის, სხვადასხვა მაქინაციით ცდილობენ, კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადონ. კომპანიის ერთი მაღალჩინოსანი, თურმე, უკვე დაკითხულია და მის ჩვენებაში მრავალი საეჭვო გარემოებაც იკვეთება.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

5 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016