reportiori.ge - საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას და გიორგი კალანდაძის ადვოკატებს განაჩენი გადასცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:21
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას და გიორგი კალანდაძის ადვოკატებს განაჩენი გადასცა
ავტორი:
19 აგვისტო, 2013. 14:03

თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის დასაბუთებული განაჩენი, ბრალდებულების: ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის სხვათა მიმართ, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს გადასცა. 
„რეპორტიორი"  სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 
"სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სისისხლის სამართლის საქმეში ე.წ.ზვიად აბასაძის ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ბრალდებულების - ბაჩანა ახალაიას, გაგა მკურნალიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის ქმედებებში საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას (თავისუფლების უკანონო აღკვეთას), ხოლო ბაჩანა ახალაიას ქმედებაში დამატებით - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით). 
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ ზვიად აბესაძის ჩვენება არის ბრალდების დამადასტურებელი ერთადერთი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც, თავის მხრივ, არათანმიმდევრულია, რიგი განმარტებები კი არსებითად ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს.
სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ეპიზოდთან დაკავშირებით, საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულებისა, ასევე დაიკითხა ბრალდების მხარის ოცდარვა მოწმე, რომელთა ნაწილი ადასტურებს შტაბის წინ არსებულ სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების ვარჯიშის პროცესს, რაც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს აღნიშნულ ფაქტთან ბრალდებულების ალ. გორგაძის, გ. კალანდაძის, მ. კიკაბიძისა და მათ შორის, ბ. ახალაიას მონაწილეობის ფაქტს.
ბ.ახალაიას გარდა, საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებითა და 25,1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით, ასევე ბრალდებულია მ.კიკაბიძე. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი გარემოებები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, სასამართლოს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მ.კიკაბიძეს მხოლოდ იმიტომ წაუყენეს ბრალი, რომ იგი სენაკის მე-2 ბრიგადის მეთაური იყო. მის მიმართ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომ აღარაფერი ვთქვათ პირდაპირ მტკიცებულებაზე.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია და ვერ გაიზიარებს ასევე ალ. გორგაძის ბრალეულობის ნაწილში, ვინაიდან დაზარალებულების ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ თითქოს, ვარჯიშის შემდეგ აბანოს შენობაში ა.გორგაძემ გადაიყვანა და ჩაკეტა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო, ფაქტობრივად, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ო.დ., ლ.ძ. და ბ.ჯ. ჩვენებებს, რადგან რეალურად მხოლოდ მათ შეეძლოთ უტყუარად ამოეცნოთ ა.გორგაძე. მაშინ როდესაც, მათ ნიღბიანი ა.გორგაძე ამოიცნეს ბრიფინგის ოთახში, დაუჯერებელია, რომ ვერ ამოეცნოთ იგი ნიღბის გარეშე აბანოს ტერიტორიაზეც. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ა.გორგაძის მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა"" და ""გ"" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. 
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2010 წლის თებერვალში ადგილი ჰქონდა სენაკის მე-2 ბრიგადაში არსებულ აბანოს შენობაში სამხედრო მოსამსახურეების ჩაკეტვის ფაქტს, რითაც მათ უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება. ამასთან იმის დასადგენად, არსებობს თუ არა აღნიშნულ ფაქტთან რომელიმე ბრალდებულის კავშირი, საქმეში უნდა არსებობდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ე.წ ვაზიანის მეოთხე ბრიგადის ეპიზოდის ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულების ვერსიას, რადგან მათი ჩვენებები არათუ თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან, არამედ ეწინააღმდეგება როგორც დაცვის, ისე ბრალდების მტკიცებულებებს. დაზარალებულების ჩვენების გარდა, ისევე როგორც მინისტრის კაბინეტში განვითარებული მოვლენის გათვალისწინებით, ამ შემთხვეშიც არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება ნაწარმოებია არასრულყოფილად, რადგან სრულად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაშინ როდესაც ბრალდების მიერ საქმეში წარმოდგენილია ათეულობით მტკიცებულება, რომელთაგან ნაწილი ირიბი მნიშვნელობის მტკიცებულებაა, ხოლო ნაწილი საქმესთან საერთოდ კავშირში არ არის, ბრალდებამ არ დაადგინა და არ დაკითხა არც ერთი პირი, რომელიც იმ დროს ბრიფინგის ოთახში იმყოფებოდა, მაშინ როდესაც ამ პირთა სიის დადგენას და მათ ჩვენებებს საქმეზე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. თითეული მათგანი არის ფაქტის თვითმხილველი და ობიექტურად და რეალურად შეეძლოთ აღეწერათ ვაზიანის მეოთხე ბრიგადის ბრიფინგის ოთახში მომხდარი მოვლენები, ნაცვლად ამისა კი ბრალდების მხარის მიერ, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი.
რაც შეეხება ზ.შამათავასა და ა.გორგაძეს, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია 2011 წლის 26 ოქტომბერს ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მათ მიერ სამხედრო მოსამსახურეების ცემის ფაქტი. მოვლენების თვითმხილველია მოწმე პ. ს. და სხვა ბრალდებებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ნეიტრალური პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს დაზარალებულების მიერ მითითებულ გარემოებებს და თანხვედრაშია მათ ჩვენებებთან.
სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია დაზარალებულების მიერ მითითებული გარემოებები იმ ნაწილში, რომ მათ მიმართ ზ.შამათავას და ა.გორგაძის მხრიდან ვაზიანის მეოთხე ბრიგადის ეზოში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ბრალდებამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მომხდარ ფაქტს, როდესაც ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით და არა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილია ზ.შამათავას მიერ პაატა პაატაშვილის ცემის ფაქტი, თუმცა სასამართლო არ იზიარებს ბრალდების სამართლებრივ შეფასებას. ხოლო უშუალოდ ფაქტი დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც ზ.შამათავას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებიდან (პაატა პაატაშვილის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე. რის გამოც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ალექსანდრე გორგაძემ (ვაზიანის ეპიზოდი) და ზურაბ შამათავამ (ვაზიანისა და პ. პაატაშვილის ეპიზოდები) ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 
რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს - სასამართლო არ მსჯელობს არცერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, გ. კალანდაძისათვის საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდების ფაქტობრივ (მტკიცებულებითი) საფუძველზე, ისევე როგორც სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან 2013 წლის 22 იანვარს გ. კალანდაძეს ბრალდება წარედგინა იმავე ფაქტზე, რაზეც მას ბრალდება ჰქონდა წარდგენილი 2012 წლის 12 ნოემბრისა და 2012 წლის 19 ნოემბრის დადგენილებებით, რაც სასამართლოს მიერ 2013 წლის 01 მარტის განჩინებით იქნა გაუქმებული. რადგან ზ. აბესაძის ეპიზოდთან დაკავშირებით გაუქმდა 2012 წლის 19 ნოემბრის დადგენილება, როგორც კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული საპროცესო დოკუმენტი, 2013 წლის 22 იანვრის დადგენილებაც ე.წ ზვიად აბესაძის ეპიზოდის ბრალის ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტებით ასევე უნდა გაუქმდეს საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ""ზ"" ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე."
 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016