reportiori.ge - ვინ არიან ირინა სარიშვილის მეგობრები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:51
პრეს-დაიჯესტი
ვინ არიან ირინა სარიშვილის მეგობრები?
ავტორი:
06 მაისი, 2014. 18:24


ამჯერად მეგობრებისა და მეგობრობის შესახებ პოლიტიკთური გაერთიანება „იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი საუბრობს:


- მეგობრობა ერთადერთი გრძნობაა, რომელიც არ ბერდება და არაფერზე არ არის დამოკიდებული, თუ, რა თქმა უნდა, გულწრფელ ურთიერთობაზეა საუბარი. არც კი უნდა დაისვას შეკითხვა - ოჯახი თუ მეგობრობა?! ორივეს თავისი ადგილი აქვს და ადამიანის ცხოვრებას აზრი არა აქვს ამ ორი  გრძნობის გარეშე. ერთადერთი, შეიძლება მშობელსა და შვილს შორის არ იყოს მეგობრობა, მაგრამ იყოს უპირობო სიყვარული. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მათ შორის, ცოლ-ქმრულ ურთიეთრობაშიც მეგობრობა აუცილებელია. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი წყალი არ არის ერთმანეთის მეგობარი და უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამიტომ ინგრევა ოჯახები.


- ცოლ-ქმრის ურთიერთობა ახსენეთ. გია ჭანტურია, ალბათ, პირველ რიგში, მეგობარი იყო... ასეა?

 

- მე და გია თავიდან მეგობრები ვიყავით, მერე გადაიზარდა ჩვენი ურთიერთობა სხვა გრძნობაში. მართალია, ჩვენს გაცნობას წინ პოლიტიკური საბაბი ედო, მაგრამ პოლიტიკა ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი დამეგობრების მიზეზი, მეტიც, პოლიტიკასთან გიამ დამაახლოვა. მაშინ ჟურნალი „მოამბე" გამოდიოდა, რომლის ერთ-ერთი რედაქტორი გია ჭანტურია იყო. ეს ჟურნალი კომუნისტებმა გალანძღეს და გადავწყვიტე, მათთვის პასუხი გამეცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კრიტიკული წერილი გაზეთმა „კომუნისტმა არ დაბეჭდა, გიას გაუჩნდა ინტერესი, იმ მასალის ავტორი გაეცნო, მაშინ მართლა თითებზე ჩამოსათვლელები ვიყავით... რომ არა გია, არცერთი პარტიის წევრი არ ვიქნებოდი. არ ვარ კოლექტიური მოქმედებების მაინცდამაინც დიდი  მეხოტბე.


- 80-იან წლებში ეროვნულ მოძრაობაში, გარდა თქვენი მომავალი მეუღლისა, ბევრ სხვა საინტერესო ადამიანსაც შეხვდით, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას... ვისთან ჩამოგიყალიბდათ მეგობრული ურთიეთრობები?

 

- მეგობრობას ვერ დავარქმევ, მაგრამ ვიდრე კონფლიქტი მოხდებოდა, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ზვიად გამსახურდიასთან, იმაზე კარგი, ვიდრე მერაბ კოსტავასთან. ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.


- რითი?

 

- მას განსაკუთრებული აურა ჰქონდა. საერთოდ არ იყო ზედაპირული... უაღრესად საინტერესო და განათლებული პიროვნება გახლდათ და უნდა გითხრათ, მიუხედავად არსებული კონფლიქტისა, მის მიმართ სიძულვილი არასდროს მქონია. გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო იყო, არაორდინალური და ტრაგიკულიც გახლდათ. დღემდე ვთვლი, რომ ზვიად გამსახურდიას მთელი ტრაგიზმი, განსაკუთრებით პოლიტიკაში, მისმა გარემოცვამ გამოიწვია. რამდენადაც განათლებული და ძლიერი იყო, იმდენად სუსტი და უნებისყოფო ადამიანი გახლდათ. ეჭვიანობა ახასიათებდა და მისი მართვა ადვილად შეიძლებოდა. ზედმეტად ფრთხილი იყო. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მეგობრებს, ასეთებს არ ვიცნობ, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ზვიად გამსახურდიასთან აქტიური მიმოსვლა და ხშირი ურთიერთობა გვქონდა, ძმაკაცები მის გვერდით არ მინახავს, რასაც მერაბ კოსტავაზე ვერ ვიტყვი.


- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია პოლიტიკაში მეგობრობა?

 

- შესაძლებელია, თუ პოლიტიკოსები პირად მოტივზე ერთმანეთის მტრები არ გახდნენ. არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკოსთან მეგობრობას. არცერთი ჩემი მეგობრისთვის არასდროს მიკითხავს, ვის აძლევს ხმას, მეტიც, მე და ჩემი არაერთი მეგობარი სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციაზე ვდგავართ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჩვენს ურთიერთობას. სხვათაშორის, დღემდე მყავს მეგობრები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას თავგადაკლული მომხრეები იყვნენ და არიან...


- შეგძინათ პოლიტიკამ მეგობრები?

 

- იყო პერიოდი, როდესაც პოლიტიკოსებთან მეტ-ნაკლებად ახლო ურთიერთობა მქონდა. მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილს დღემდე ვუწოდებ და, ალბათ, თვითონაც თვლის, რომ ჩემი მეგობარია, თუმცა, ეს ის მეგობრობა არ არის, რასაც ნამდვილი მეგობრობა ჰქვია. არ შეიძლება, მეგობრები წლების განმავლობაში ერთმანეთს არ ნახულობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ირაკლის რაღაცაში არ დავეთანხმო, მის საწინააღმდეგოდ არასდროს არაფერს გავაკეთებ...


კარგი ურთიერთობა მქონდა ასლან აბაშიძესთანაც. მას ძალიან ბევრი რამ აქვს ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული, ის უანგაროდ დამიდგა გვერდით. რასაც არასოდეს დავუვიწყებ. ამ ადამიანს მართლა ძალიან კარგი მეგობრობა შეუძლია! როდესაც შევარდნაძის დროს ასლან აბაშიძის წინააღმდეგ რაღაც კამპანია იწყებოდა (თამაში იყო თუ არა, ეს სხვა საქმეა), შევარდნაძისთვისაც და ჟვანიასთვისაც ნათქვამი მქონდა - ამ კაცმა მართლა რომ დაანგრიოს ქვეყანა, მაქსიმუმ რასაც გავაკეთებ, მას ქვეყნის დანგრევაში გვერდით არ დავუდგები, მაგრამ მის წინააღმდეგ მონაწილეობას არაფერში მივღებ-მეთქი. კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც მეგობრობა შეუძლია, იგორ გიორგაძეა. დიახ, გარდა თანამოაზრეობის, ჩვენ ძალიან კარი მეგობრები ვართ. იგორ გიორგაძეს უამრავი ისეთი თვისება აქვს, რაც ჩემთვის დასაფასებელია. სხვათაშორის, „ვარდების რევოლუციი" შემდეგ თავად დავუკავშირდი - ორი პატარა დეტალის გარკვევა მინდოდა, რის შემდეგაც საჯაროდ მოვუხადე ბოდიში ყველა იმ ზიანისთვის, რაც არასწორი ბრალდებების გამოთქმით მივაყენე. ჩვენ ოჯახებითაც ვახლობლობთ. იგორ გიორგაძის ნათესავი მაია თოფურია ჩემი უახლოესი მეგობარია. საერთოდ, ცხოვრებამ მასწავლა - სანამ ადამიანს პირადად არ გაიცნობ, არ უნდა შეეხო მას, როგორც პიროვნებას...


- მავანი იტყვის: ირინა სარიშვილი, რომელიც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო, მეგობრობს იგორ გიორგაძესთან, რომელიც ერთმინშვნელოვნად „რუსეთის კაცია"?!

 

- საინტერესოა, ადამიანები, ვინც ისეთ შეკითხვებს სვამენ, რამდენი კილომეტრის დაშორებით ადევნებდნენ თვალს ეროვნულ მოძრაობას და რას აკეთებდნენ  მაშინ?! როგორ ფიქრობთ, იმ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდათ გია ჭანტურია თუ მე?! ვინც ასე ფიქრობს, ისინი გადარეულ სააკაშვილს არ თვლიან რუსეთის აგენტად და იგორ გიორგაძეს მიიჩნევენ, რომელიც თავის დამოკიდებულებას არ მალავს?! ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა.


- რაც შეეხება გიორგი სანაიასთან თქვენს მეგობრულ ურთიერთობას...

 

- სანაია ნამდვილად ჩემი ჭკუისა იყო. ასაკობრივი სხვაობა ჩვენს ურთიერთობაში არ იგრძნობოდა. შეიძლება ითქვას, სანაია ჩემს სახლში გაიზარდა. თუ არ ვცდები, გაზეთ „7 დღის" ჟურნალისტი იყო, როცა ჩემთან ინტერვიუ ჩაიწერა და ჩვენი მეგობრული ურთიერთობა დაიწყო. დღემდე არ შევხვედრილვარ ასეთი უნიკალური შესაძლებლობის მქონე ადამიანს, მან თავად - დედ-მამის ხელის წამოკვრის გარეშე შექმნა თავისი თავი. არაჩვეულებრივი იყო ურთიერთობაში. ძალიან ცოტა ადამიანი მყვარებია ასე.

ღამის ეთერს რომ მორჩებოდა, შუაღამით გამოუვლიდა ხოლმე თავისი „ნივით" ჩვენს მეგობრებს - თამრიკო დეკანოსიძეს, მათე კირვალიძეს და ჩემთან მოდიოდნენ. ერთგვარი რიტუალი გვქონდა - გათენებამდე „კინგს" ვთამაშობდით.


- ერთ მშვენიერ დღეს კი, თქვენი მეგობარი...

 

- მოკლეს!!! ეს ასეა! წყნეთში ვიყავი ახლობლის ჭირის სუფრაზე, თამრიკო დეკანოსიძემ რომ დამირეკა... როგორ ჩამოვედი თბილისში, არ მახსოვს. იმ სიბინძურეზე, რაც შემდგ ითქვა, ლაპარაკიც არ მინდა. სამწუხაროდ, ეს ბინძური კამპანია მის სიცოცხლეშივე დაიწყო. ამ ყველაფერს გიორგი ძალიან განიცდიდა. ვიცი, ვინ მონაწილეობდა ამ ბინძურ კამპანიაში და ვის რა მოტივი ამოძრავებდა. სანაიას მკვლელობა, რომელიც რამდენიმე კურდღლის დაჭერის მცდელობასთან იყო დაკავშირებული, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიხსნება!


- თქვენი ბავშვობის მეგობრებზე არაფერი გითქვამთ...

 

- რაც შეეხება ჩემი ბავშვობის მეგობრებს, ცნობილი სახეები არ არიან, ასე რომ, მათი გვარების დასახელება, არა მგონია, მნიშვნელოვანი იყოს საზოგადოებისთვის. ჯერ ერთი, საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე მყავს და გამიჭირდება მათი გამოყოფა. გარდა ამისა, ჯერ ჩემთვის მთლად უსაფრთხო დრო არ დამდგარა და რა მინდა, მათი სახელები ფართო აუდიტორიის წინაშე გამოვფინო...


ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

5 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016