გატაცებულია კორბოულსა და გომისში მცხოვრები სამი მამაკაცი. დაკავებულები, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც ტყეში ჯონჯოლს კრეფდნენ. გატაცებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ოჯახის წევრები. გამოსასყიდის მოთხოვნით, მათ ჯერ არავინ დაკავშირებია. დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი სწავლობს.
"ოკუპაციის ხაზის გადაკვეთის ბრალდებით, საჩხერის რაიონის სოფელ ჯვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელში ჯონჯოლის კრეფისას უკანონოდ იქნენ დაკავებულნი საჩხერის რაიონის სოფლების მკვიდრები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მიღებულია დასტური მათი დაკავების თაობაზე და აღნიშნული პირები ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კობახიძემ.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საჩხერიდან 9 ადამიანი გაიტაცეს. ყველა მათგანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება.