reportiori.ge - დავით ნარმანია: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:26
პრეს-დაიჯესტი
დავით ნარმანია: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება
ავტორი:
07 მაისი, 2014. 12:56


commersant.ge- მკითხველთა შეკითხვებსქართული ოცნებისთბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ უპასუხა



- ბატონო დავით, თუ შეგიძლიათ გვიპასუხეთ, თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, მიხედავთ თუ არა თბილისის გზებს და, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოს მე-2 მიკრორაიონს, სადაც რამდენიმე კორპუსთან მისასვლელი გზები არის კატასტროფულ მდგომარეობაში?



- საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს შესაბამისი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, წელს, დედაქალაქის მერიაში მოსვლისთანავე, დავიწყებთ გარკვეული უბნების მოწესრიგებასა და რეაბილიტაციას. ჩვენი მმართველობის პერიოდში არ დარჩება არცერთი გზა ქალაქის არცერთ უბანში, რომელსაც ჩვენ არ მივხედავთ. ამიტომაც გზებზე რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას რაიონული გამგეობების მეშვეობით ვგეგმავთ. გამგეობები შეისწავლიან გზებზე უბნების მიხედვით არსებულ მდგომარეობას. ხოლო რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალებს, ამაზე მერიის სამსახური იმუშავებს, შესწავლის საფუძველზე გაკეთდება გეგმა პრიორიტეტების მიხედვით და ამ გეგმის შესაბამისად მოხდება გზების რეაბილიტაცია.



თბილისის მერიას დღემდე შეეძლო მოეწესრიგებინა ძალიან ბევრი გზა, როგორც ცენტრალურ ნაწილში, ისე ცალკეულ პრობლემურ უბნებში, თუმცა, ისინი ამას არ აკეთებენ და საკუთარი მოქალაქეების მიმართ საბოტაჟს ეწევიან, რაც დაუშვებელია. ჩვენი მმართველობის პირობებში, ის ვალდებულებები, რაც აღებული გვექნება გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, აუცილებლად იქნება შესრულებული.



დედაქალაქში არსებული ყველა გზა მერიის უფლებამოსილებაა, იქნება ეს ცენტრალური თუ შიდა კვარტალური გზები, ასე რომ, მოხდება ყველაფრის დეტალური შესწავლა და მოწესრიგება. 



გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ სანამ გზებზე მუშაობას დავიწყებთ, შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის საფუძველზე შევისწავლით მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ჯერ შიდა საკომუნიკაციო სისტემა უნდა მოწესრიგდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგოს გზა, რათა, კომუნიკაციების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, გზების  გათხრა და შემდეგ ხელახლა დაგება არ მოგვიწიოს.



- თქვენს განცხადებას ოთხ წელიწადში თბილისში მილიონი ხის დარგვის შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ითქვა, რომ ეს არარეალისტურია, თბილისს საამისოდ არ გააჩნია ტერიტორია, რომ არც ამდენი ნერგი გვაქვს. თუ გაქვთ კონკრეტული გათვლები ამ პროექტთან დაკავშირებით? სად უნდა დაირგოს ეს ხეები და როგორ?



- თბილისი დიდი ქალაქია და არის ტერიტორიები, ცალკეული უბნები, ეზოები, სადაც შესაძლებელია ხეების დარგვა. ტერიტორიის ნაკლებობას ამ მხრივ ნამდვილად არ განვიცდით. რაც შეეხება ნერგებს, არსებობს სანერგე მეურნეობები, სადაც 4 წლის განმავლობაში ამ ნერგების გამოყვანა შეიძლება. ასე რომ, სწორი მენეჯმენტის საშუალებით ნამდვილად შესაძლებელია მომდევნო წლების განმავლობაში ქალაქში ერთი მილიონი ხის დარგვა, რათა დედაქალაქში არსებული ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რაც სუფთა ჰაერს და ჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოს უკავშირდება, მნიშვნელოვანწილად მოგვარდეს.



- თუ გეგმავთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის რაიმე პროგრამის დაწყებას?



- მცირე ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილია. ეს პროგრამა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით უნდა განხორციელდეს. ეკონომიკის სამინისტროში უკვე შეიქმნა შესაბამისი სამსახური და მას გააჩნია პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება. რაც შეეხება მერიას, ჩვენ მერიაში გავაკეთებთ ბიზნესის ინკუბატორს, ანუ შესაბამის ცენტრს, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესი გაივლის კონსულტაციებს, სადაც მათ დაეხმარებიან ბიზნესგეგმის შედგენაში, მის დალაგება-მოწესრიგებაში, რათა შემდეგ ისინი გავიდნენ ამ სივრციდან და თავისუფლად შეძლონ ბაზარზე მუშაობა. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო გამოცდილება გვაქვს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შევიძინეთ და შევისწავლეთ და ეს პროექტიც მასზე დაყრდნობით შევიმუშავეთ. ასე რომ, თბილისის მერიის მხრიდან მცირე ბიზნესის ხელშეწყობა აუცილებლად განხორციელდება.



- თქვენი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში თუ გაჩნდება ვაკანსიები და როდიდან გამოცხადდება კონკურსი ახალ თანამდებობებზე? ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ ეძებს პროფესიონალ კადრებს, თუმცა მერიის წინა ხელმძღვანელობას იქ საკუთარი მხარდამჭერები ჰყავდა მიყვანილი. თქვენც იგივე გზას ხომ არ დაადგებით?



- მერიის ვაკანსიებთან დაკავშირებით საკითხებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" არეგულირებს. კოდექსში არსებული ნორმის მიხედვით, არჩევნების ჩატარებიდან 120 დღის ვადაში ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსები უნდა გამოცხადდეს, მათ შორის, თბილისის მერიაშიც. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, მერიის სტრუქტურაში დასაქმებული იყოს კვალიფიციური კადრი, რათა სწორედ ამ კვალიფიციური ადამიანების საშუალებით რაც შეიძლება მეტი პრობლემის მოგვარება მოხდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს სუფთა წარსული ჰქონდეთ, ანუ არ იყვნენ კორუფციაში მხილებულნი და ჰქონდეთ პატრიოტული გრძნობა, რათა რაც შეიძლება მეტად დაიხარჯონ და მეტი გააკეთონ დედაქალაქის მოსაწესრიგებლად. ამიტომ განისაზღვრება ძირითადი ჩარჩო-კრიტერიუმები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც იქნებიან ადამიანები ამა თუ იმ ვაკანსიაზე აყვანილნი.



- მართალია თუ არა, რომ საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი თბილისის ვიცე მერობისთვის ემზადება?



- არ ვიცი, რისთვის ემზადება იოსებ ქადაგიშვილი. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.



- აპირებთ თუ არა სითი პარკთან ხელშეკრულების გადახედვას?



- ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ის ხელშეკრულება, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები, გავაანალიზოთ და ვნახოთ, რა მდგომარეობაა. თუ დავინახავთ ტენდენციურობას, კანონმდებლობასთან შეუსაბამობასა და სხვა მსგავს საკითხებს, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულებებს, რა თქმა უნდა, გადავხედავთ, თუმცაღა, ეს არ უნდა მოხდეს ინვესტორის დაზარალების ხარჯზე. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს და მეტი კეთილდღეობა მიიღოს საზოგადოებამ ქალაქის იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც ის აირჩევს. ამიტომ ხელშეკრულებები, ადმინისტრაციული მექანიზმები და ა.შ. არის რეგულირებადი და შევეცდებით, რეგულაციების მეშვეობით საზოგადოების საკეთილდღეოდ მივმართოთ.



რაც შეეხება „სითიპარკს", ამ კომპანიასთან დაკავშირებით, ცხადია, კითხვები არსებობს. მნიშვნელოვანი პრობლემაა გზებზე პარკირება, ასევე, პარკირების ადგილების ნაკლებობა ქალაქში, ისიც, რომ სითიპარკი სტაცებს და მიყავს მოქალაქის მანქანა მაშინაც კი, როდესაც ის არ უშლის ხელს მოძრაობას. ასე რომ, მსგავსი საკითხები აუცილებლად დარეგულირდება. 



მეტიც: ჩვენ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ფორმის პარკირების ადგილები უნდა შევქმნათ, როგორიცაა  იარუსებიანი პარკირებები, ისე, როგორც ბევრ ევროპულ ქალაქშია აპრობირებული, რათა მძღოლებს შევუმსუბუქოთ ის დისკომფორტი, რასაც ისინი ამ  მიმართულებით განიცდიან.



- მტკვართან დაკავშირებით რა სიახლეები იგეგმება? რას ნიშნავს მტკვრის რეკრეაციულ ზონად გამოცხადება?



- რაც შეეხება მტკვრის რეკრეაციულ ზონად გამოცხადებას, პირველ რიგში, მტკვარი საკანალიზაციო წყლებისგან უნდა გაიწმინდოს. ეს მხოლოდ ნაწილობრივაა ამ ეტაპზე უზრუნველყოფილი და დასასრულებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მტკვრის მიმდებარედ, სადაც შესაძლებელია იმ ტერიტორიებზე მოხდეს გამწვანება, გაკეთდეს ფეხით მოსიარეულეთათვის სასეირნო ზოლები, მოეწყოს საველოსიპედე გზები. ამ თვალსაზრისით მტკვარი უნდა დავამსგავსოთ ისეთ მდინარეებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან დიდ ღირებულებას წარმოადგენს განტვირთვისთვის, სადაც ადამიანები სეირნობენ, სადაც იქნება კაფეები და დასასვენებელი ადგილები. ამიტომ გაკეთდება მტკვრის განვითარების ერთიანი გეგმა, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს და სწორედ ამ გეგმის შესაბამისად მოწესრიგდება მტკვრის გარშემო ინფრასტრუქტურა.



- სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით რა კონკრეტული პროექტების განხორციელებას გეგმავთ?



- მნიშვნელოვანი საკითხია ქალაქის საცობებისგან განტვირთვა. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს ერთი ხელის მოსმით მოგვარებადი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ უკვე წარვადგინეთ ათი პროექტი, რომლებიც საკვანძო ადგილებში მნიშვნელოვნად განტვირთავს საცობებს. მათ შორის, აღსანიშნავია რამდენიმე მათგანი, მაგალითად: პუშკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის ორმხრივი მოძრაობით ჩნაცვლება და ამისთვის დამატებით ორი ზოლის გაკეთება. ასევე, ვაშლიჯვრის ტერიტორიის არსებული საცობებისგან განტვირთვა, რისთვისაც ახალი სერპანტილური გზა გაკეთდება. გარდა ამისა, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არსებული საცობებისგან ქალაქის განსატვირთად რამდენიმე პროექტი განხორციელდება. გლდანისა და მუხიანის გადაკვეთაზე 35-მეტრიანი გვირაბის გაკეთებით და შუქნიშნის აღებით იგეგმება საცობების შემცირება. თამარაშვილის გამზირზე, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მისადგომებთან, შუქნიშნის ნაცვლად  ესტაკადის გაკეთებას ვგეგმავთ, რომლის საშუალებითაც ავტოსანტრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად და განუწყვეტლივ შეძლებენ გადაადგილებას.



- აპირებთ თუ არა მერად არჩევის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვალოთ? ამის შესახებ წინა ხელისუფლებაც საუბრობდა, თუმცა, რატომღაც გახსნილი ტენდერი შეაჩერა, ქალაქში კი ავტობუსების მომსახურებით არაერთი ადამიანია უკმაყოფილო.



- რაც შეეხება ქალაქში ახალი ტრანსპორტის შემოყვანას, ამისი საჭიროება ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით კი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებების. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე პირები სრულფასოვნად იყვნენ ინტეგრირებულნი საზოგადოებაში. ჩვენ პირველ რიგში ქალაქში არსებული სატრანსპორტო ნაკადებს შევისწავლით და, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, ჩატარდება კვლევა. შევხედავთ, სად არის ცარიელი ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მოძრაობდეს და არ მოძრაობს, სად არის გადატვირთული უბნები და აქედან გამომდინარე მოხდება სატრანსპორტო მარშრუტების გადალაგება. იგივე კვლევის საფუძველზე გამოჩნდება, არსებობს თუ არა დამატებითი საჭიროება და ავტობუსების შეძენაც შესაბამისად მოხდება.




(წყარო: commersant.ge- )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016