დღეს, საქართველოს უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის 30-ე ტურის მატჩები გაიმართება. სეზონის დასრულებამდე გუნდებს 3-3 მატჩი დარჩათ.
„დინამო" (თბილისი) - „ჩიხურა" (საჩხერე) 19:00
„დინამო არენაზე" ქართული ფეხბურთის ფლაგმანი საჩხერის „ჩიხურას" უმასპინძლებს. დარჩენილ სამ შეხვედრაში, 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში, დედაქალაქელები 2013/2014 წლების სეზონის ჩემპიონები ხდებიან. დინამოელები უკვე მეორე ტურია საჩემპიონო ზეიმის მოლოდინში არიან და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამაში მათ ხელი შეეშალოთ. 61 ქულით, პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს", მეორეადგილოსანი „ზესტაფონი" 6 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება „ჩიხურას", კლუბი 45 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილს იკავებს და სამეულში შეღწევის თეორიული შანსიც არ დარჩენია, თუმცა საჩხერლების თასის ფინალში „დინამოს" წინააღმდეგ იასპარეზებენ, ასე რომ, მეოთხეადგილოსანი იმერლები ევროტურნირებზე იასპარეზებენ. კურიოზულია ის ფაქტი, რომ ამის დღესვე იურიდიულად გასაფორმებლად „ჩიხურას" შეხვედრაში წაგება „სჭირდება".
„მეტალურგი" (რუსთავი") - „სიონი" (ბოლნისი) 17:00
„ჩიხურას" 6 ქულით ჩამორჩება რუსთავის „მეტალურგი", რომელიც „ფოლადის სტადიონზე" ბოლნისის „სიონს" მიიღებს. სტუმრები 54 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან და ევროასპარეზობაზე მათი ხილვა გარდაუვალია. რაც შეეხებათ მასპინძლებს, ოთხეულში მათ მოსახვედრად მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს.
„გურია" (ლანჩხუთი) - „ზესტაფონი" (ზესტაფონი) 17:00
ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „გურია" „ზესტაფონს" დაუპირისპირდება. იმერლები 55 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონობის თეორიულ შანსის შენარჩუნებას იმედოვნებენ. გურულები კი 33 ქულით, ზედა ექვსეულის ფსკერზე იმყოფებიან, სადაც დაასრულებენ მიმდინარე სეზონს.