დღეს, „მიხეილ მესხის" სტადიონის მედია ცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც სპეციალური ოლიმპიადის ევროპული საფეხბურთო ტურნირის თბილისში გამართვას ეხებოდა. პრესკონფერენციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი - არჩილ არველაძე, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული დირექტორი - ჟანა გოცირელი და კომპანია „For Sport" - ის წარმომადგენელი - ნუცა მალაშხია ესწრებოდნენ.
14-18 მაისს, თბილისში, „მიხეილ მესხის" სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება სპეციალური ოლიმპიადის ევროპული ტურნირი ფეხბურთში. მასში მონაწილეობას მიიღებს 230-ზე მეტი ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი 14 ქვეყნიდან -ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, დანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი და საქართველო. აქედან, 6 ქალთა და 12 ვაჟთა გუნდია.
16 მაისს, ტურნირის გახსნის ცერემონია დაიწყება ოლიმპიური ჩირაღდნის გარბენით თავისუფლების მოედნიდან „მიხეილ მესხის" სტადიონამდე. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ამით სპეციალური ოლიმპიადის მხარდაჭერას გამოხატავენ.
ეს ტურნირი ევროპის მასშტაბით და სპეციალური ოლიმპიადის ეგიდით 17-25 მაისს ტარდება და მისი მხარდამჭერი UEFA RESPECT-ია. ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საფეხბურთო თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეწყობა ხდება.
ტურნირის ორგანიზატორებთან და მხარდამჭერებთან ერთად მოგმართავთ, გამოხატოთ თქვენი დადებითი დამოკიდებულება ინტელექტუალური შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ და დაესწროთ ამ მასშტაბურ ღონისძიებას, უგულშემატკივროთ ქართველ სპეციალურ სპორტსმენებს და ერთად დავეხმაროთ მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. გელოდებით ყველას „მიხეილ მესხის" სტადიონზე!
სფფ-ის პრესსამსახური