30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით საქართველოს 30 წლიანი პაუზის შემდეგ ტიმ სევერინი ეწვევა. ის კონფერენცია ,,არგო 2014" ში მონაწილეობას ინგლისელ, ირლანდიელ, თურქ და ბერძენ ყოფილ არგონავტებთან ერთად მიიღებს. კონფერენციის ორგანიზატორები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI" არიან.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები თბილისში, მცხეთაში, დმანისში, ვანში, ქუთაისში, მესტიასა და ველისციხეში. კონფერენციის მიზანია უკეთ გააცნოს საზოგადოებას დღევანდელი საქართველო, მისი მიღწევები, კულტურა, მეცნიერული და ტურისტული პოტენციალი.
მსოფლიოში ცნობილი მოგზაური მეცნიერი და მწერალი ტიმ სევერინი, არგონავტების საერთაშორისო ეკიპაჟთან ერთად საბერძნეთიდან-თურქეთის გავლით, ძველი ნახაზებით აგებული ხის გალერა "არგო-"თი საქართველოს 1984 წელს ეწვია. ექსპედიციის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნეში ბერძნებს შეეძლოთ მოეღწიათ კოლხეთამდე, სადაც მათ დახვდათ მაღალგანვითარებული სახელმწიფო. ტიმ სევერინის მოგზაურობას მაშინ დიდი გამოხმაურება მოყვა მსოფლიოში და ლამაზი ლეგენდა რეალობად იქცა
წელს ლეგენდა არგონავტების შესახებ კიდევ ერთხელ ცოცხლდება.