reportiori.ge - ვახტანგ ხმალაძე: ბავშვობის ოცნების რა მოგახსენოთ, მაგრამ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:48
ინტერვიუ
ვახტანგ ხმალაძე: ბავშვობის ოცნების რა მოგახსენოთ, მაგრამ...
07 მაისი, 2014. 17:30


2014 წლის 1-ელ სექტემბერს, საქართველოში ახალი საკონსტიტუციო მოდელი ამუშავდება - საკონსტიტუციო კომისიამ, მოსალოდნელ  ცვლილებებზე  მსჯელობა უკვე დაიწყო.  რა ძირეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ საქართველოს კონსტიტუციაში, რეალურად რა ცვლილებები შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, დადგება  თუ არა პრეზიდენტის   ე.წ. „სამეფო" უფლებამოსილებების შეზღუდვის საკითხი, გაიყოფა თუ არა ახალი კონსტიტუციით შსს ორად?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე  „რეპორტიორი" საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტიტუციონალისტ  - ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა:




-         ბატონო ვახტანგ, რა არის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის  მთავარი  საკითხი, რა მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ 2014 წლის  შემოდგომიდან?


-         ველოდებით ცვლილებებს, რომლებიც, კონსტიტუციაში ხელისუფლების განშტოებებს შორის - პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა, სასამართლო ხელისუფლება , სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტები  : მაგალითად - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული უშიშროების საბჭო, სახალხო დამცველის ინსტიტუტი - შემოიტანს გონივრულ, წონასწორულ მდგომარეობას. თითოეულ კონსტიტუციურ ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს, მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები, არ უნდა იყოს ამ უფლებამოსილებებს შორის გადაფარვა, ერთი განშტოების უფლებამოსილებები არ უნდა ჭარბობდეს  მეორე განშტოების უფლებამოსილებებს.  პარლამენტს, არ უნდა ჰქონდეს აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილება და პირიქით...  კონსტიტუციურ ინსტიტუტებს არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთზე ზემოქმედების ბერკეტები, რათა ერთმანეთის შანტაჟი არ დაიწყონ.  უნდა იარსებოს კონტროლის ქმედითმა მექანიზმმა. ეს ყველაფერი არ არის დალაგებული და უნდა გასწორდეს.


 კონსტიტუციაში აუცილებელია გონივრული წესის შემოღება.  გონივრულ წესში ვგულისხნობთ იმას, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების წესი არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც მცირერიცხოვან ჯგუფს საშუალებს მისცემს დაბლოკოს ცვლილებები. თუ ასეთი დაბლოკვის საშუალება  ექნებათ მცირერიცხოვან ჯგუფებს,  შესაძლოა მათ პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყონ ამ თემაზე - მე ამ თემაზე მხარს დავუჭერ ცვლილებებს,  სამაგიეროდ კი შენგან მივიღებ რაღაცასო - ამ სახით... ეს ყოვლად მიუღებელია, ამიტომ ცვვლილებების მიღების წესი ისეთი უნდა იყოს, რომ ასეთი დაბლოკვები ვერ მოხდეს. ამის თავიდან ასაცილებლად მსოფლიოს არჩეული აქვს  2/3-იანი უმრავლესობა.  ამავდროულად, უნდა გართულდეს ცვლილებების მიღების პროცედურები, რათა რომელიმე საპარლამენტო უმრავლესობამ, თავის უფლებებს არ მოარგოს კონსტიტუცია. ასეთი პროექტები, უკვე განიხილება სამუშაო ჯგუფში, რომელიც დასრულებისთანავე წარედგინება საკონსტუტუციო კომისიას.


ამასთანავე, მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ადამიანის უფლებები. ეს ნაწილი დღევანდელ კონსტიტუციაში ყველაზე კარგ მდგომარეობაშია, უცვლელია ის, რაც 1995 წელს იყო მიღებული, მაგრამ გასაანალიზებელია,  ხომ არ არის საშუალება ადამიანის უფლებების და თავისუფლების ხარისხი გავზარდოთ.


-         ბატონო ვახტანგ, სასამართლო სისტემით  ბევრი ადამიანია უკმაყოფილო. ამ თვალსაზრისით რა ცვლილებებს გეგმავთ?

 

-         საუბარია მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის კრიტერიუმის  ფორმირებაზე, რათა, რაც შეიძლება  კარგი გამოცდილების მქონე პირები გამწესდნენ მოსამართლეებად. დაწესდეს მოსამართლეთა საქმიანობის წესის ანალიზი, რომ სწორად შეფასდეს მოსამართლეთა საქმიანობა. თუ მოსამართლე სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით უღირსი აღმოჩნდება, ჩამოსცილდეს სისტემას, ხოლო ღირსეულს წინსვლის საშუალება მიეცეს.  ასევე, შემოღებული უნდა იყოს სავალდებულო კარიერის პრინციპი, რაც ითვალისწინებს შემდეგს - მაგალითად : სააპელაციო სასამართლოში, პირი მას შემდეგ გამწესდეს მოსამართლედ, როცა  პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლედ უკვე იმუშავებს,  საკასაციოში კი - მაშინ, როცა უკვე  საკასაციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება ექნება.  

                    ეს მოსაზრებები განხილვის პროცესშია, ჯერ არ არის მიღებული.


-         საუბრობენ, რომ  ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი უსუსური ხდება, მისი ფუნქცია მხოლოდ სიმბოლური გახდება. პრეზიდენტის ძირითადი დანიშნულება წითელი ლენტების ჭრა და ცერემონიალური ფუნქციების განხორციელება იქნებაო... რეალურად რა ცვლილებები შეეხება პრეზიდენტს?

 

-         ეს ჯერ განსჯის თემაა. რაც საჭირო იქნება, უნდა შემცირდეს, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა გაიზარდოს.  ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა დავინახოთ, ცალკე აღებული - პრეზიდენტის ინსტიტუტზე,  ან მთავრობაზე მსჯელობა -  არანაირად არ მოგვცემს სწორი დასკვნის გამოტანის საშუალებას.


-         ბატონო ვახტანგ, რეალურად რა ცვლილებები შეეხება პრეზიდენტს?


-         გადამწყვეტი როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში აქვს მხოლოდ პარლამენტს და ასევე დარჩება.


-         ხომ არ დადგება  პრეზიდენტის   ე.წ. „სამეფო" უფლებამოსილებების შეზღუდვის საკითხი -  ვგულისხმობ  კონსტიტუციის ახალი რედაქციით მინიჭებულ უფლებებს - შეწყალების, მოქალაქეობის    და  ჯილდოების მინიჭების უფლებას?


-         ამ საკითხებზე მუშაობა ახლა დაიწყო და რთული სათქმელია, რა  შედეგი დაიდება.


-         ხელისუფლება კონსტიტუციას ისე უყურებს, როგორც ფარატინა ქაღალდს" - ამბობდით ხელისუფლების შეცვლამდე.  თქვენი შეფასებით,  დღევანდელი ხელისუფლება როგორ უყურებს კონსტიტუციას? 


-         არ მგონია, ამჯამინდელი ხელისუფლება კონსტიტუციას  ფრატინა ფურცლად აღიქვამდეს. ჩვენ, შევეცადეთ, კონსტიტუცია კი არ დაგვერღვია, არამედ,  შეგვეტანა  ისეთი ცვლილებები, რომლებიც კრიზისისგან დაგვიცავდა. ასეთი, რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ.  რომელიმე სახელისუფლებო  დაწესებულებაში თუ რამე დაირღვევა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას,  მაგრამ თუ კონსტიტუციის დამრღვევს არ მოეთხოვება პასუხი, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას არაფრად  აგდებს.


-         ცვლილებებს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურაში ელოდებიან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ახალი კონსტიტუციით შსს ორად გაიყოს?


-         თქვენს შეკითხვაზე პასუხი კოალიცია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაშიც წერია.  საზოგადოებრივი უსაფრთხოება - პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოება, რომელიც იცავს სახელმწიფოს გარე თუ შიდა საფრთხისგან - იგულისხმება შპიონაჟი, ტერორიზმი და  ა.შ.   ცალ-ცალკე უნდა არსებობდეს.



-         როგორც კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, თქვენი  ბავშვობის ოცნებაა - პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით  არჩევა...

 

-         ბავშვობის ოცნების რა მოგახსენოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში უფრო ლოგიკურია, როცა პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნების  წესით არ ირჩევენ. ამის საფუძველზე პრეზიდენტი არ  არის აღმასრულებელი ხელისუფლების მატარებელი.  პირდაპირი არჩევის წესი,  კლასიკური საპრეზიდენტო რესპუბლიკისთვისაა  დამახასიათებელი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთვე წესი იქნა შემოღებული საფრანგეთში -  ე.წ. შერეული მმართველობის ფორმის რესპუბლიკაში. სულ რამდენიმე  საპარლამენტო რესპუბლიკაში ირჩევენ პრეზიდენტს პირდაპირი წესით.  თუმცა, უფლებამოსილებები როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში - ერთნაირია.


P.S.  „რას ჭრი და კერავ, კონსტიტუციაა თუ შარვალ-კოსტუმი?!" - პარტია „თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი ლიდერის, გოგი წულაიას აღნიშნული  ქუთაისური იუმორი, გასული წლის „ჰიტი" იყო.


დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს, შესაბამისი კომისია აქტიურად იხილავს. მოხერხდება თუ არა, ყოველგვარი სიჩქარის გარეშე, ფართო პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე, ისეთი კოსნტიტუციის მომზადება, რომელიც მუდმივად ცვლილებების მოსურნეთა გემოვნებასაც დააკმაყოფილებს,ამას დრო გვიჩვენებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016