„Love bombs" ასე ჰქვია ცნობილი მხატვრის ეთერ ჭკადუასა და მისი ძმის, გოჩა ჭკადუას ახალ ნამუშევრებს, რომელსაც ქართული საზოგადოება 20 მაისისთვის დღის სინათლეზე იხილავს. მანამდე კი ის უკვე გახდა პოპულარული ხელოვნების წრეებში. ცნობილმა რეჟისორებმა, მსახიობებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა აქსესუარები უკვე მოირგეს და ფოტოკამერის წინ იპოზიორეს.
„რეპორტიორი" იდეის ხორცშემსხმელს, ქალბატონ ეთერ ჭკადუას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფერადი ბომბების შექმნის იდეა მის ძმას - გოჩა ჭკადუას დაახლოებით 10 წლის წინ გაუჩნდა.
„Love bombs"-ის დიზაინი ჩემს ძმას, გოჩას ეკუთვნის. დაახლოებით 10 წლის წინ მოიგონა. გადავწყვიტე, რომ ეს „ბომბები" ყელსაბამებად, სამაჯურებად, ძაღლის საყელურებად და სხვადასხვა აქსესუარად გადამექცია. მის სახელწოდებას „სიყვარულის ბომბები" რა თქმა უნდა სხვა დატვირთვა აქვს. ხალხში ერთმანეთისადმი სიძულვილის, მტრული განწყობისათვის „სიყვარულის ბომბები" გვინდოდა დაგვეპირისპირებინა. 20 მაისს „ქარვასლაში"ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მიბრძნდეს და ახლადგახსნილ მაღაზიაში ადგილზე ნახოს ეს ყველაფერი. გაყიდვაში იქნება. ასევე ბესიკის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მდებარე მაღაზიებშიც გაიყიდება. ჩემს მეგობრებს ძალიან მოეწონათ ეს ნამუშევრები და გადავწყვიტეთ ფოტოგადაღებები მოგვეწყო. ყველამ აიტაცა და ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. 10 მაისს „სიყვარულის ბომბების" გარდა იქნება წარმოდგენილი პოლიეთილენის ყვავილები, რომლებიც გოჩამ საკუთარი ხელით გააკეთა. მე უბრალოდ იდეის დონეზე ვერევი ამ ყველაფერში. ასევე იქნება ფერადი კაბები, რომელიც ჩემმა ფსიქოლოგმა მეგობარმა ყაისნაღით მოქსოვა. ყველაფერი არის მაქსიმალურად ფერადი და კარგი გაკეთებული. ხელით გაკეთებულია და ფერადი იმიტომ, რომ ყველაფერი მუქია ამ ბოლო დროს საქართველოში. გვინდოდა, რაც შეიძლება ფერადი და მკაფიო ფერები შემოგვეტანა, რათა კარგი განწყობა შეექმნა ფერებს", - განაცხადა მან.
ქართველმა მხატვარმა ეთერ ჭკადუამ უცხოეთში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ხელოვნების ექსპერტები მას ქართველ ფრიდა კალოდ მოიხსენიებენ. მისი ნახატები უცხოეთში საკმაოდ ძვირად იყიდება, დაახლოებით 10 000-დან 30 000 დოლარამდე ღირს. ამბობს, რომ მის შემოქმედებას კონცეპტუალური რეალიზმი ჰქვია, არის უამრავი სამყაროსა და კულტურის სინთეზი. ამჟამად ნიუ-იორკსა და იამაიკაზე ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ქართული კულტურის ელჩია უცხოეთში.