საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე მუსტაფა აიაზი და აზერბაიჯანის მოქალაქე ჯავიდ მაჰარამოვი დააკავა.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისის ინტერპოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 1975 წელს დაბადებული მუსტაფა აიაზი სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოსვლისას დააკავეს.
აღნიშნული პიროვნება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულისთვის გერმანიის ინტერპოლის მიერ 05.06.2007 წლიდან იძებნებოდა. ბონის რეგიონალური სასამართლოს 07.04.2006 წლის განაჩენით, სასჯელის აღსრულების მიზნით, მუსტაფა აიაზს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტში საქართველოში შემოსვლისას, სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 27.05.2013 წლიდან საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებული, 1986 წელს დაბადებული ჯავიდ მაჰარამოვი დააკავეს.
ჯავიდ მაჰარამოვმა 19.09.2011 წელს ბაქოში, ერთ-ერთი კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს მოქალაქე მუხრატ ხაჯიევს სხეულზე რამდენიმე დაზიანება მიაყენა.
29.12.2012 წელს ბაქოს საბუნჩუს რაიონულმა სასამართლომ ჯავიდ მაჰარამოვის დაპატიმრების ბრძანება გასცა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 221.2.1 (ხულიგნობა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
აღნიშნული პირების დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ბაქოს ინტერპოლს.
ამჟამად ორივე ძებნილი გადაყვანილია აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.