reportiori.ge - დავით კოდუამ მითხრა, როგორ გაბედე, ჩინეთის ტვირთს ხელი როგორ მოჰკიდეო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:03
პრეს-დაიჯესტი
დავით კოდუამ მითხრა, როგორ გაბედე, ჩინეთის ტვირთს ხელი როგორ მოჰკიდეო
ავტორი:
08 მაისი, 2014. 13:21



კიდევ ერთი „განკულაკებული“ ბიზნესმენის ისტორია

 

ყოფილი ბიზნესმენი და 2008 წელს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი „რეზონანსთან“ ყოფილი ხელისუფლებისა და ძმები კოდუების მიერ მისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ კოდუებმა და დავით კეზერაშვილმა მას ორჯერ ჩამოართვეს ბიზნესი, ოპოზიციური საქმიანობის გამო ნარკოტიკიც ჩაუდეს და პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების მიზნით, ორჯერ დააპატიმრეს. ციხეში გატარებული თვეების შედეგად დაკარგა სმენა, დაინვალიდდა და ჯანმრთელობა და ფსიქიკა სერიოზულად შეერყა.

 

მისი საქმიანობა ტვირთის გადაზიდვას უკავშირდებოდა. საშუამავლო კომპანიას „ქარავანი“ ერქვა. ასევე ფლობდა ტერმინალ „კარიბჭეს“ აეროპორტის ტერიტორიაზე. საქმე კარგად მისდიოდა და ეს, მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხედველობიდან არ გამორჩენია.

 

 

საქმე № 1

ყველაფერი იმით დაიწყო,რომ 2006 წელს,რუსთავის გზატკეცილზე, მისი ერთ-ერთი ტრაილერი, როგორც თავად ამბობს, „ყურითმოთრეული“ მიზეზით გააჩერეს. ტრაილერი შერეული საქონლით იყო დატვირთული – ტანსაცმლით, ტექნიკით და ა. შ. სულ 800 ათასი დოლარის ღირებულების ტვირთი იყო, რომელიც სხვადასხვა დამკვეთისგან წამოიღო და მეპატრონეებთან უნდა მიეტანა.

 

საფინანსო პოლიციაში მისულ გენრიხ აროშიძეს განუცხადეს,რომ საქმე პროკურატურაში იყო გადაგზავნილი და მათ უნდა დალაპარაკებოდა. პროკურატურაში კი პირდაპირ ანგარიშის ნომერი დაუდეს, რომელზეც 100 ათასი ლარი უნდა გადაერიცხა. როგორც აღმოჩნდა, ამ ანგარიშს ბიუჯეტთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

 

„ეს მხოლოდ ტრაილერის დაჭერა და თანხის გადახდა კი არ იყო, ბიზნესის წართმევას ნიშნავდა, რადგან ამით მაგრძნობინეს, რომ გავჩერებულიყავი. საქმე რომ გამეგრძელებინა, უარესს დამმართებდნენ“, – ამბობს ბიზნესმენი.

 

ამბობს, რომ მაშინ ბიზნესი გააჩერა და შემდენ ეს ნიშა დავით კეზერაშვილის სატელიტმა ბიზნესმენებმა ჩაიგდეს ხელში.

 

 

საქმე ნომერი 2

ბიზნესშეჩერებული აროშიძე 2008 წელს გაერთიანებულ ოპოზიციას დაუდგა გვერდით და მეგობართან ერთად მობილურ ჯგუფებს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, სწორედ მათ შეიტანეს წვლილი იმაში, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში შედარებით ობიექტურად ჩატარდა და შედეგად, მიხეილ სააკაშვილმა დედაქალაქი წააგო.

 

„მე მაშინ ლევან გაჩეჩილაძეს ვუთხარ კიდეც, ეს თუ ვერ შევინარჩუნეთ, პირადად ჩემი საქმე ძალიან ცუდად წავა-მეთქი, რადგან სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა და საერთოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან კარგად იცოდა, ვისი ძალისხმევით დამარცხდა მიშა 2008 წლის არჩევნებში თბილისში.

 

„2008 წლისგაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები იყო. აქამდე გვაცალეს, პოლიტიკურად გაიმაგრეს ზურგი და მერე დაიწყეს ტერორი. მე იმ პერიოდში დამაპატიმრეს, გენერალი შერვაშიძე და გიორგი თავდგირიძე რომ სცემეს. ამ დროს უკვე ფართომასშტაბიანი ანგარიშსწორება იყო დაწყებული“, – ჰყვება გენრიხ აროშიძე.

 

მისი დაკავება თამარაშვილისა და ყაზბეგის ქუჩები კვეთაზე 2008 წლის 8 ივნისს, დღისით მოხდა. როგორც აროშიძე ჰყვება, სახლიდან გამოსული მანქანაში ჩაჯდა, უცებ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მანქანებით ალყა შემოარტყეს, მანქანის მინები დალეწეს და ჯიბეში რაღაც ჩაუტენეს. როგოც მერე აღმოჩნდა – სუბოტექსი. ამბობს, რომ თან ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდნენ: „იმან, ეტყობა, უთხრა, რომ ნარკოტიკის ეს რაოდენობა 260-ე მუხლის მისასჯელად ცოტა იყო და მანქანაშიც ჩამიყარეს. ანუ ფაქტები დამიმატეს“, – ამბობს ბიზნესმენი.

 

ამ ყველაფერს, მისი თქმით, უშუალოდ ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა, რომელსაც მაშინ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსის თანამდებობა ეკავა. ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ მისი მოადგილე ნუკრი ჩიკვილაძე და სოდ-ის სხვა ხელმძღვანელები. დაკავების შემდეგ აროშიძე სოდ-ში წაიყვანეს, სადაც პირადად ერეკლე კოდუამ დაკითხა.

 

„ძალიან ცინიკურად მესაუბრებოდა და მეუბნებოდა, დამისახელე ვინმე და ახლავე გაგიღებ კარებსო. ნებისმიერი დაასახელე, თუნდაც რიგითი ადამიანი, რომ ის სუბოტექსის გამსღებელიაო. მე მეკითხებოდა – ეს სუბოტექსი სად იყიდეო? ვუთხარი – არასოდეს მიყიდია-მეთქი. მერე ხელი თანამშრომლისკენ გაიშვირა – ამათმა ჩაგიდესო? ვუთხარი – კი-მეთქი. მკითხა – შენი აზრით, ასე რატომ მოიქცნენო. ვუპასუხე, რომ ამ ყველაფერს ოპოზიციას ვუკავშირებდი. ამაზე, იცით, რა მითხრა? უწმაწური სმიტყვებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ მითხრა – ოპოზიცია ერთი დიდი ყ... არისო. თან დამცინოდნენ.

 

„ჩვენს საუბარს, რა თქმა უნდა, კამერით იღებდნენ. აქ საუბარი ჩემს ე.წ. გაფუჭებაზე იყო – უნდოდათ ჩემი ავტორიტეტი შეელახათ და გამოვეყვანეთ ტიპად, რომელმაც უდანაშაულო ხალხი ჩაუშვა. ამაზე ხელი, რა თქმა უნდა, არ მოვაწერე. კოდუას მეუღლე ახლა უდანაშაულობის პრეზუმფციაზე რომ ლაპარაკობს, ეტყობა, არ იცის, რომ დაპატიმრებიდან ნახევარ საათში, ერეკლე კოდუამ განაჩენი გამომიტანა და რუსულად მითხრა – встретимся через десят лет, თან ვიღაცას გახედა და ჰკითხა „ძესიტ, ხო?“ იმან უთხრა „ძესიტაძინაცატ“-ო. განაჩენი ასე გამოიტანეს.

 

„სხვათა შორის, ბრალი 353-ე მუხლით – წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისთვისაც მქონდა წაყენებული, რადგან ალყაში რომ მომაქციეს, მეგონა, საცემრად მორბოდნენ. ამიტომაც ვცდილობდი, თავი დამეღწია. ვიღაც ზონდერები მეგონენ. როგორც გითხარით, იმ პერიოდში ბევრი სცემეს. თან სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები და ვინ იყვნენ, როგორ უნდა მივხვედრილიყავი? მე წინააღმდეგობა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხს გავუწიე და არა ოპერატიულ თანამშრომლებს.

 

„ამაზე პროკურორმა ლევან მახარაშვილმა, იცით, რა მიპასუხა? ოპერატიულ თანამშრომელს უფლება აქვს ოპერაციაზე ანაფორითაც კი მივიდესო. კი, ბარტონო, მაგრამ მეც ხომ მაქვს უფლება სამოქალაქო ტანსამელში გამოწყობილ ადამიანში ოპერატიული თანამშრომელი ვერ ამოვიცნო? სხვათა შორის, ეს ლევან მახარაშვილი ძალიან სიანტერესო პიროვნებაა – ახლა „სითი პარკის“ იურისტია, ტელევიზიითაც ხშირად გამოდის და პატიოსანი კაცივით „სითი პარკზე“ ლაპარაკობს. არადა, მშაინ სოდის ჯიბის პროკურორი იყო“, – ჰყვება გენრიხ აროშიძე.

 

ამის შემდეგ გლდანის ციხეში 6 თვე იჯდა და გარეთ საპროცესო გარიგებით გამოვიდა. აღიარებითი ჩვენება მისცა, რადგან ახლობლებმა დაარწმუნეს, რომ ასე თუ არ მოიქცეოდა, ციხიდან ვერასოდეს გამოვიდოდა. იმასაც ამბობს, რომ ციხეში სასტიკად სცემდნენ და მის სიცოცხლეს საფრთხე ყოველდღიურად ემუქრებოდა.

 

„საშინელი თვეები იყო, ციხიდან ფაქტობრივად ინვალიდი გამოვედი. თირკმელში ჩაკირული ჰემატომები მაქვს და ა.შ. ყველაფერი რომ ჩამოვთვალო, რაც დამმართეს, შორს წავალთ. ამ ყველაფერს საბუთის სახე აქვს. ცემა იქ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თითქმის ყოველდღე გვაწამებდნენ, სახეში გვაფურთხებდნენ და ა.შ. პროურატურაში განცხადებაც მაქვს შეტანილი და ორი კვირის წინ ციხეში წამებასთან დაკავშირებით დამკითხეს კიდეც“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

 

საქმე 33

2010 წელს გენრიხ აროშიძე ციხეში კიდევ ერთხელ მოხვდა და ახლაც კოდუების წყალობით. ამბობს, რომ ამ დროისთვის 2006 წელს შეჩერებული საქმე განახლებული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩამორთმეული ჰქონდა, ამტკიცებს, რომ სუფთა ფურცლიდან, იმპორტიორებთან ძველი კონტაქტების გამოყენებით, საწყისი კაპიტალის გარეშე, ტვირთების გადაზიდვა კვლავ დაიწყო. მოკლე პერიოდში ძალა ისე მოიკრიბა, რომ კეზერაშვილის საძმაკაცოს, როგორც თავად ეძახის – „სატელიტ ბიზნესმენებს“, – რომლებმაც მისი ძველი ბიზნესის შეჩერების შედეგად ეს ნიშა ჩაიგდეს ხელთ, თავისი ახალი საქმიანობით კონკურენცია გაუწია.

 

„აქ საუბარი იყო ძმებ ნინუებზე. ალექსანდრე ნინუა კეზერაშვილის მოადგილე იყო, ახლა კი გლდანის ციხეში ზის, ხოლო კახა ნინუა ლონდონში გაქცეული. კიდევ სხვებიც შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ აღარ დავკონკრეტდები, კეზერაშვილის ხალხს ვუწოდებ“.

 

მიუხედავად ამისა, კონფლიქტი არა კეზერაშვილთან ან მის ხალხთან, არამედ პირადად დავით კოდუასთან მოუვიდა.

 

„მე უცებ გამოვჩნდი ამ ბაზარზე და ჩემი ახალი ბიზნესით ჩემსავე ყოფილ ბიზნესს კონკურენცია გავუწიე. ამის გამო, დავით კოდუასთან სიტყვიერი და ლამის ფიზიკური დაპირისპირებაც მომიხდა“, – ჰყვება აროშიძე.

 

საქმე ისაა, რომ აროშიძეს ჩინეთიდან ტვირთის გადაზიდვის თაობაზე შეკვეთა გამოუჩნდა. კოდუები კი იმ დროს ჩინეთის მიმართულებას აკონტროლებდნენ. ჩვენი რესპონდენტის თქმით, გადამზიდავების წრეებშიც ცნობილი იყო, რომ „ჩინეთი კოდუებს ეკუთვნოდა“. მან კი ამას ყურადღება არ მიაქცია და ტვირთი გადმოიტანა. სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა დავით კოდუა.

 

„მითხრა, როგორ გაბედე და ჩინეთის ტვირთს ხელი როგორ მოჰკიდეო. ამაზე მოგვივიდა ჩხუბი და ერთმანეთისკენ გავიწიეთ კიდეც, ხალხმა გაგვაჩერა. ჩემმა ძმაკაცმა მაშინვე მითხრა – ეს არ უნდა გექნა, ძვირად დაგისვამენ, შეცდომა დაუშვიო. დაახლოებით ერთ თვეში დამაპატიმრეს კიდეც“, – ჰყვება ის.

 

ოფიციალურ ბრალად აროშიძეს 4 წლის ადრე, 2006 წელს, გადასახადების დამალვა და სასაქონლო ზედნადებების გაყალბება წაუყენეს. კომპანიის ბუღალტერიც დაუპირისპირეს, რომელიც თავადვე ამბობდა, რომ გენრიხ აროშიძეს საერთოდ არ იცნობდა. ზედნადებების გაყალბება ბუღალტერმა აღიარა და ის პიროვნებაც დაასახელა, ვისგანაც ეს დავალება მიიღო. რაც შეეხება აროშიძეს, ბუღალტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას საერთოდ არ იცნობდა, გაგონილი ჰქონდა რომ საქმის კურსში ისიც იყო.

 

ამის შემდეგ ციხეში სამი თვე გაატარა, რომელსაც უმძიმესს უწოდებს. ამბობს, რომ ყოველდღე სცემდნენ და სხეულისა და ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებაც ამ დროს მიიღო. სმენაც მაშინ დაკარგა. შემდგომ კი 2-ათასლარიანი გირაოთი გამოუშვეს.

 

ამბობს, რომ როდესაც ადამიანებს პირადი ანგარიშსწორების ან პოლიტიკური ნიშნით იჭერდნენ, გირაო მცირე იყო, ხოლო როცა საქმე ბიზნესს ეხებოდა, როგორც ეს ნოშრევან ნამორაძის შემთხვევაში მოხდა, ფულსაც ბლომად ახდევინებდნენ-ხოლმე.

 

შედეგად, აროშიძეს საქმიანობა ხელმეორედ შეუჩერეს. მისი თქმით, ციხეში ყოფნის საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტვირთების გადაზიდვის ბიზნესის მონოპოლიზება მოახდინა. ამ საქმიანობის განხორციელების უფლება მთლიანად საქართველოს ფოსტას გადასცა და სათავეში ვინმე ლევან სანაძე დაუყენა. ამის შემდეგ, მერაბიშვილი, სანაძის ხელით, ფაქტობრივი მონოპოლისტი გახდა. ამიტომაც, ციხიდან გამოსვლის შემდეგ იძულებული გახდა არსებულ სიტუაციას დამორჩილებოდა.

 

„საქართველოს ფოსტას ეს მემკვიდრეობა ვანო მერაბიშვილმა დაუტოვა, ახლა კი გამოდიან და ამაყად აცხადებენ, რომ ყველაფერი თავისთავად მოხდა და რომ იმდენად კარგი და ძლიერი კომპანიაა, რომ ყველაფერი მათ ხელში ბუნებრივად აღმოჩნდა. ტერმინალი „კარიბჭე“ და ბევრი სხვა უფრო დიდი გადამზიდავი კომპანიები რომ ამოიჩარეს იღლიაში, რატომ არ კითხულობე, საიდან აღმოჩნდა მათ ბალანსზე?!“ – აცხადებს გენრიხ აროშიძეს.

 

 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ

 

ყოფილი ბიზნესმენი ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მისთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ თავისუფლებას გრძნობს და ყოველდღე დაპატიმრებისა და გლდანის ციხეში მოხვედრის არ ეშინია. თუმცა ნერვების დამშვიდების მეტი, მისი თქმით, არაფერი შეცვლილა.

 

ბიზნესი ისეთივე მონოპოლიზირებული დარჩა, როგორც მანამდე იყო. გადამზიდავების სახელით მისი ყოფილი პარტნიორი სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის, თუმცა აროშიძე ამბობს, რომ მიზანს რომც მიაღწიონ, ტვირთის გადაზიდვის უფლებას კი მიიღებს, მაგრამ ამ საქმიანობისთვის მას უკვე აღარაფერი გააჩნია, რადგან წინა ხელისუფლებამ, ძმებ კოდუებთან და კეზერაშვილთან ბრძოლამ ის საბოლოოდ გააკოტრა.

 

P. S. თუ ვინმეს სტატიაში მოყვანილი ფაქტების გამო დამატებითი ინფორმაციის მოწოდების, ან პასუხის გაცემის სურვილი გაუჩნდება, „რეზონანსი“ მათ სიამოვნებით მოუსმენს.

 

თაკო მათეშვილი

 

გაზეთი „რეზონანსი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016