ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ბიზნესმენ ლევან ვასაძის სიმამრი, რამაზ დურგლიშვილი მისი ქალიშვილის, ნინოს და ლევანის ურთიერთობის დასაწყისს იხსენებს:
„ ვერ ვიტყვი რომ ვმეგობრობდით, მაგრამ ლევანის ოჯახს კარგად ვიცნობდი. კიკეთელები არიან. მახსოვს, ლევანი უმაღლეს სასწავლებელში რომ აბარებდა, მათემატიკაში ჩემი მეგობარი-კოტე მიქანაძე ამეცადინებდა. კოტე ამბობდა: რა ნიჭიერი ბავშვია, ასეთ ბავშვთან მეცადინეობა ერთი სიამოვნებააო. მოგვიანებით როცა მასთან ჩემი ქალიშვილი მივიყვანე, მითხრა, მათემატიკას თავი დაანებოს, არ იცისო. სიმართლე გითხრათ ლევანისა და ნინოს სიყვარულის დასაწყისი არ შემიმჩნევია. პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთს ეპრანჭებიან, რა ვიცი, როგორც იწყება ხოლმე.
ლევანი წესიერი ყმაწვილი იყო, ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა და დღემდე ასეა. როცა ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს , რა თქმა უნდა, ლევანი ხელის სათხოვნელად მოვიდა. რა უფლება მქონდა დამეშალა, ან რატომ უნდა დამეშალა? ღელვა არ შემიმჩნევია. მისი წინადადება ჩემთვის უცხო არც იყო. დავსხედით და დავილაპარაკეთ. ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ლევანი მოსკოვში წავიდა. ნინომ მოგვიანებით ჩააკითხა. ქორწილი გვიან ჰქონდათ, ანუ მაშინ, როცა უკვე შვილი ჰყავდათ. ჯვარიც მაშინ დაიწერეს. არ მეგონა , ნინო მრავალშვილიანი დედა თუ გახდებოდა. ძალიან კარგად აღზრდილი შვილიშვილები მყავს.“
ცნობისთვის: ლევან ვასაძეს და ნინო დურგლიშვილს შვიდი შვილი ჰყავთ.