ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შესახებ მამა ანდრია თურმანიძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეკლესია შემოწირულობებით შენდებოდა და ძნელია, ვინმეს მოვთხოვოთ პასუხისმგებლობის აღება.
„ფაქტი, რომელიც მოხდა, არის სამწუხარო და მტკივნეული. ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მწუხარებას . ეს ბავშვები იყვნენ სტიქაროსნები და მშენებლობაზე მუშაობდნენ ენთუზიაზმით. არანაირ საზღაურს არ იღებდნენ. მშენებლობას მამა მარკოზი ბექაია ხელმძღვანელობდა, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს", - განაცხადა მამა ანდრია თურმანიძემ.
მისივე განმარტებით, ეკლესიის მშენებლობა დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ტაძრის მშენებლობა დაიწყო სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე.
„ყველა მშენებლობას ჰყავს ზედამხედველი, პასუხისმგებლობის პირი. აქ მამა მარკოზი იყო ხელმძღვანელი, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას. მამა მარკოზს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. გული აწუხებს და ძნელია გასაუბრება, რადგან მისი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. არის ტაძრების მშენებლობები, სადაც საპატრიარქოდან, სამხატვრო საბჭოდან არის ბეჭედდასმული ნებართვა მშენებლობისა, თუმცა არ ვარ, კომპეტენტური აღნიშნული პროექტის შემთხვევაში როგორ იყო", - აღნიშნა მამა ანდრია თურმანიძემ.
გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში 4 ადამიანი მოყვა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმე დაზიანებებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.