2014 წლის მუნდიალისთვის მთელი მსოფლიო ემზადება. საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე თითქმის ყველა ნაკრებს თავისი გულშემატკივარი მოეძებნება. სწორედ ამიტომ, „რეპორტიორი“ მათ წარმოგიდგენთ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენი საყვარელი გუნდის შესახებ.
ბოლო დღეებში, რამდენიმე ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა 23-კაციანი სია გამოაცხადა, რომლებიც ტიტულისთვის იბრძოლებენ. მათ შორის მუნდიალის მასპინძელთა თავკაცი ლუიშ ფილიპე სკოლარიც გახლდათ.
კონფედერაციათა თასის უკანასკნელი გამარჯვებულები მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძლის რანგში არიან და ამიტომაც შესარჩევი თამაშებისგან თავისუფლები იყვნენ.
ბრაზილიის ნაკრებს საფეხბურთო სივრცეში ყველაზე პოპულარული ტიტულის მოპოვების საკმაოდ დიდი შანსები აქვს. უპირველესი ფაქტორი საკუთარი კედლებია, რომლებშიც ბრაზილიელები ნებისმიერ მატჩში უპირობო ლიდერები არიან. კონფედერაციათა თასზე „სელესაომ“ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, მაღალი დონის ტექნიკასა და საფეხბურთო ფანდებს კი მათ ნამდვილად ვერავინ ასწავლის. ამ ყოველივეს ემატება ისიც, რომ ლუიშ ფილიპე სკოლარიმ ძალიან კარგად იცის როგორ მოიპოვოს პლანეტის პირველობა, მან ეს 2002 წელს უკვე გააკეთა.
ბრაზილიელმა მწვრთნელმა 7 მაისს 23 კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა, რომლითაც ნაკრები მუნდიალზე იასპარეზებს:
მეკარეები: ჟეფერსონი („ბოტაფოგო“), ჟულიო სეზარი („ტორონტო“), ვიქტორი („ატლეტიკო მინეირო“).
მცველები: დანი ალვეში („ბარსელონა“), მაიკონი („რომა“), დანტე („ბაიერნი“), დავიდ ლუისი („ჩელსი“), ენრიკე („ნაპოლი“), ტიაგო სილვა („პსჟ“), მარსელო („რეალი“), მაქსველი („პსჟ“).
ნახევარმცველები: ფერნანდინიო („მანჩესტერ სიტი“), ლუის გუსტავო („ვოლფსბურგი“), პაულინიო („ტოტენჰემი“), რამირესი („ჩელსი“), ერნანესი („ინტერი“), ვილიანი („ჩელსი“), ოსკარი („ჩელსი“).
თავდამსხმელები: ბერნარდი („შახტარი“), ფრედი („ფლუმინენსე“), ჰალკი („ზენიტი“), ჟო („ატლეტიკო მინეირო“), ნეიმარი („ბარსელონა“).
ბრაზილიის ნაკრები ჩვეულ სტილში 4-3-3 ფორმაციით იასპარეზებს. ფაქტია რომ გუნდის კარს ჟულიო სეზარი დაიცავს, რომელსაც უკანასკნელ მატჩებშიც საკმაო ნდობას უცხადებდა მთავარი მწვრთნელი.
დაცვის ცენტრალური ხაზი ნამდვილად დამაჯერებელია. ტიაგო სილვასა და დევიდ ლუისის ტანდემი სკოლარიმ არაერთ შეხვედრაში გამოსცადა. ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მათ აქტიურ კონკურენციას დანტე უწევს. ბრაზილიელ სპეციალისტს განაპირა მცველების საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს, მაგრამ ალბათ ყველასათვის ნათელია, რომ მარჯვენა ფლანგზე დანი ალვეში, ხოლო მარცხნიდან მარსელო იასპარეზებენ.
ნახევარდაცვაშიც კონკურენცია საკმაოდ დიდია. ვილიანი, გუსტავო, ერნანესი, პაულინიო, ფერნანდინიო, ვილიანი, რამირესი და ოსკარი ძირითადი შემადგენლობის მათთვის განკუთვნილი 3 ადგილისთვის დათმობაზე ნამდვილად არ წავლენ.
რაც შეეხება თავდასხმას, აქ შედარებით პრობლემატურადაა საქმე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ვარსკვლავი წინა ხაზში კატალონიელთა ფორვარდი ნეიმარია. ფრედი, ჰალკი, ჟო და ბერნარდი კი, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რასაც ბრაზილიის მუდამ შემტევი ნაკრები ითვალისწინებს.
კურიოზულიც კია, რომ ბრაზილიის ნაკრებს თავდასხმაში უჭირს. ფეხბურთის მეფე პელემ ამ პრობლემასთან დაკავშირებით მცირე კომენტარიც გააკეთა: „ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე მუდამ კარგი თავდასხმით მიდიოდა და პირველად ხდება, რომ თავდასხმის მხრივ პრობლემებია. ბრაზილიას ახლა არ ჰყავს დიდი ვარსკვლავები. ნეიმარი კარგი თავდამსხმელია, მაგრამ იგი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს და დიდი წნეხის ქვეშ მოუწევს თამაში. ისტორიაში პირველად, ბრაზილიას დაცვა უფრო ძლიერი ყავს, ვიდრე თავდასხმა.“
თავად ფილიპე სკოლარიმ კი შემადგენლობასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: „მე ვიცი, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე გუნდის შემადგენლობის შერჩევისას ბევრის წყენა გამოვიწვიე, ჩვენ საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავდა. ახლა ჩვენი ნაკრების გარშემო გაცილებით ნაკლები აურ-ზაურია. ასე რომ, შემადგენლობის შერჩევა გაცილებით მარტივი იყო.
დღეისათვის ოსკარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას გარკვეული პრობლემები შესაძლოა შეექმნას, მაგრამ სერიოზულად მოვეკიდებით მის მომზადებას ტურნირისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ოსკარი და პაულინიო მუნდიალისთვის კარგ ფორმაში იქნებიან.
ახლა ჩვენს წინაშე მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. ამის გაკეთება რთული იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებით.
დანტე და ლუის გუსტავო ნაკრებში კლუბში კარგი თამაშის გამო გამოვიძახე. რაც შეეხება ჟოს ტრავმას, სერიოზული არაფერია და ტურნირისთვის მზად იქნება.“
შემადგენლობის თვალსაზრისით დიდ მოულოდნელობას ადგილი არ ჰქონია. სკოლარიმ ის ფეხბურთელები გამოიძახა, ვისაც ამხანაგურ შეხვედრებში ბოლო პერიოდში მეტად ენდობოდა.
ოსკარისა და ნეიმარისთვის, რომლებზეც ბრაზილიის გულშემატკივარი ყველაზე დიდ იმედს ამყარებს, პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელზე ასპარეზობის საშუალებაც მიეცათ.
ბრაზილიელმა სპეციალისტმა განაცხადს მიღმა ლუკას მოურა, ლუკას ლეივა და რობინიო დატოვა. რაც შეეხება რონალდინიოსა და კაკას, რამდენიმე თვით ადრე უკვე ცნობილი იყო, რომ საფეხბურთო სამყარო პლანეტის პირველობაზე მათ მინდორზე ვერ იხილავდა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები A ჯგუფში ხორვატიის, მექსიკისა და კამერუნის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.
ბრაზილიის თამაშების კალენდარი:
12 ივნისი - 00:00 ბრაზილია - ხორვატია (სან პაულო)
17 ივნისი - 23:00 ბრაზილია - მექსიკა (ფორტალეზა)
23 ივნისი - 00:00 ბრაზილია - კამერუნი (ბრაზილია)