reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: „გამორიცხული არ არის, ნაციონალებს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერზეც ჰქონდეთ ფარული ჩანაწერები“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:10
პრეს-დაიჯესტი
ნიკოლოზ მჟავანაძე: „გამორიცხული არ არის, ნაციონალებს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერზეც ჰქონდეთ ფარული ჩანაწერები“
ავტორი:
10 მაისი, 2014. 13:49


„სხვათა შორის, ამ განცხადების გაკეთება ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაგვიბარეს და წამების ამსახველი კადრები გვიჩვენეს. ამ ინფორმაციულ შეხვედრაზე, მახსოვს, რამდენიმე ადამიანი წამოდგა და იკითხა, ეს ჩვენ რატომ უნდა ვნახოთო?! მაშინ მართლა ლუსტრაცია მოხდა და რეალური სახე ყველამ გამოაჩინა", - აცხადებს „უფლებათდამცველთა გაერთიანების" ლიდერი ნიკოლოზ მჟავანაძე. როგორც თავად ამბობს, ამდენხნიანი დუმილი კოლეგიალობითაა განპირობებული, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი და ნაციონალებთან შეკრული არასამთავრობოების დასახელება გადაწყვიტა. „ვერსიამ" ნიკოლოზ მჟავანაძეს თავისუფალი ტრიბუნა სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დათმო.


- „ეს შენ გეხება" ფარგლებში, ფარული მიყურადების საპროტესტო კამპანია დაიწყო. რაც „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მოხდა, მიუღებელია, მაგრამ აქაც ბევრი კითხვაა. ეს შეიძლება იყოს როგორც უკანონო, ისე კანონიერი მოსმენა, ანდაც, ვიღაცების იმპროვიზაცია. ამას გამოძიება დაადგენს. არც იმას გამოვრიცხავ, ყველაფერი ნაციონალების გაკეთებული იყოს. ვინც ის 30 000 ფაილი შექმნა ამ 9 წლის განმავლობაში, არა მგონია, „რუსთავი 2"-ის მოსმენა გასჭირვებოდა. ასე რომ, გასარკვევია, საერთოდ როდის დამონტაჟდა ეს მოსასმენი აპარატები არხის შენობაში. ეს ხალხი, „ეს შენ გეხებას" ფარგლებში ითხოვს შემდეგს: მობილური პულტი, რომლითაც მოსმენაზე კონტროლი უნდა განხორციელდეს, ოპერატორ კომპანიებს აქვთ, მათი თქმით, ეს პულტი შსს-ს კი არა, თავად ამ მობილური კომპანიების დაქვემდებარებაში უნდა იყოს. სასამართლოს ბრძანებით, ახლა ამ მოსმენებთან დაკავშირებით, ყველა საკითხს მობილური კომპანიები უზრუნველყოფენ. რა გარანტია გვაქვს, რომ კერძო კომპანიებიდან ინფორმაცია არ გაჟონავს?! ისინი ხომ სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ საქართველოში?! „ბილაინი" რუსეთისაა, „ჯეოსელი" თურქების, მერე შვედები შემოვიდნენ... ისიც ხომ შეიძლება, ეს კომპანიები გაიყიდოს და ახლა საერთოდ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა იყიდონ?! მოსმენები ხომ მარტო პოლიტიკოსებსა და მედიას არ ეხება! ხომ შეიძლება, უსმენდნენ თავად სპეცსამსახურების თანამშრომლებს, უშიშროებას... კითხვისნიშნის ქვეშ მთელი ქვეყნისა და სახელმწიფოს უსაფრთხოება დგება! ამან შეიძლება, ქვეყანას მართლა გამოუთხაროს ძირი. ისევ აჯობებს, ეს ინფორმაცია შს სამინისტროს ჰქონდეს, ვიდრე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჩაუვარდეს ხელთ, ამიტომ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას!


- დაარქვით მაშინ - როგორც ამბობთ, ინფორმაციამ შეიძლება, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებში გაჟონოს. ამას ქართული არასამთავრობო სექტორი რომ უწყობს ხელს, ვის საქმეს აკეთებს?

 

- როცა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ საქართველოდან არ ფინანსდებიან და უცხოურ გრანტებს იღებენ, ნებით თუ უნებლიედ, მსგავსი ქმედებით ქვეყნის ნგრევას მართლა ხელს უწყობენ. არ ვამბობ, რომ ეს მათი პირდაპირი მისიაა, მაგრამ, როცა ქვეყანა მართლა ინგრეოდა, ისინი ხმას რატომ არ იღებდნენ? ესენი ხომ დიქტატორული რეჟიმის განმტკიცებას უწყობდნენ ხელს: „სამართლიანი არჩევნები" არჩევნების გაყალბებაზე არაფერს ამბობდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანონო პატიმრებისა და ზოგადად, პატიმრების მდგომარეობაზე არ საუბრობდა. იცით, რა მოხდა, ერთი ორგანიზაცია ყველა გრანტს ვერ აითვისებდა, ამიტომ ერთი და იგივე ჯგუფიდან წამოსული ხალხით გაკეთდა საიაც, „საერთაშორისო გამჭვირვალეობაცა" და „სამართლიანი არჩევნებიც" და ეს უზარმაზარი გრანტები ერთმანეთში დაინაწილეს. რეალურად, ეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქსელია! შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციამ მილიონნახევარი დოლარი ციხის მონიტორინგის პროგრამაში აიღოს და ციხეებში არსებულ ვითარებაზე ხმა არ ამოიღოს? ეს მათ არ ეხებოდა?! ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, პატიმრების წამება, ხალხის ქუჩაში ჩაცხრილვა არ ეხებოდა? მაშინ ეს ხალხი რეალურ დანაშაულზე კი არა, მხოლოდ კოსმეტიკაზე საუბრობდა.


- ეს რაზე მიანიშნებს?

 

- იმაზე, რომ ეს ორგანიზაციები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის საქმეს აკეთებდნენ! სოროსის ფონდი, რომელიც ახლა ასე აღშფოთდა და „ეს შენ გეხებას" კამპანია დააფინანსა, სად იყო მაშინ და რატომ არ აფინანსებდა იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევაზე რეალურად საუბრობდნენ?! იმ დაფინანსების 5 %, რომელიც ამ სამ არასამთავრობოს აქვს, სხვა დანარჩენებისთვის რომ დაენაწილებინათ, ურიგო არ იქნებოდა.


- და რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ხელისულფებამ?

 

- სიტყვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, ვერავის აუკრძალავ, მაგრამ ხელისუფლებამ თავად უნდა შექმნას ისეთი გარემო ან, ვთქვათ, დააფინანსოს ისეთი ფონდი, რომელიც სახელმწიფოებრივ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსურად დაეხმარება. ის ფონდები, რომლებიც სააკაშვილის დროს გულუხვნი იყვნენ, სწორედ იმ არასამთავრობოებს აფინანსებდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების ინტერესებს ატარებდნენ. უცხოელ სტუმრებს სააკაშვილთან ერთად ხვდებოდნენ და ისე საუბრობდნენ, თითქოს, ისინიც ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. ახლა, როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნას ყველა დონეზე ამთავრებს და თავად პარტია გახდა სათრევი, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გააქტიურდნენ და გამოგონილ თემებზე საუბრობენ - მაგალითად, მკვლელობების დაუსრულებელ ციკლზე, უკანონო დაჭერებსა და მოსმენებზე. როცა მილიონობით დაფინანსებას იღებს და ეს ფული ნებისმიერი პარტიის ფულზე უფრო მეტია, შენი ნამუშევრის შედეგიც უნდა წარმოადგინო! თუ გინდა გაიგო, რა განცხადებას გააკეთებენ ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და კახა კოჟორიძე, 5 წუთით ადრე, გოკა გაბაშვილსა და გიგა ბოკერიას უნდა უსმინო - ეს არანორმალურია! ყველაზე ცუდი კი საიაა, ჩანს, თითქოს, მთელი სამოქალაქო სექტორის პოზიცია მხოლოდ ამ 3 არასამთავრობოს პოზიციას ემთხვევა, სამაგიეროდ, ვიცი, რომ ბევრ ორგანიზაციას ეროვნული პროგრამა აქვს, მაგრამ მათ პროექტებს არავინ აფინანსებს. საკუთარ მაგალითზე გეტყვით - ყველა პროცესში ჩართული ვარ და სხვადასხვა საკითხზე არაერთი ანგარიში მომიმზადებია, მაგრამ ჩვენთვის პირდაპირი ეთერი ყველგან დახურულია. კერძო ტელევიზიებს ვერაფერს აიძულებ, მაგრამ ამ უცხოურ ფონდებს ისინიც უწევენ გარკვეულ ანგარიშს. მედიის პოლიტიკას, გარკვეულწილად, ეს ფონდები ქმნიან... გამოსავალი მხოლოდ მხილებაა. ალბათ, ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც საკუთარი კოლეგები ამხილა! არ გამოვრიცხავ, იმ 30 000 ფაილიდან, რომელიც ნაციონალების დროს შეიქმნა, მასალები ამ ორგანიზაციების წევრებზეც არსებობდეს და ისინიც წინა ხელისუფლების მძევლები იყვნენ!


- კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ თუ უბრალოდ ეჭვობთ?

 

- მოტივი მხოლოდ გიჟის ქმედებებს არ აქვს, ასე რომ, შესაძლოა, ამ ორგანიზაციების დღევანდელი ასეთი ქცევის მოტივი ეს იყოს. ყველამ კარგად იცის, რომ მედიის წარმომადგენლებზეც არსებობს ფარული ჩანაწერები. მეეზოვეებზე კადრებს არავინ იღებს - ნაციონალები სწორედ საკუთარი გუნდისა და მხარდამჭერების კადრებს აგროვებდნენ, რათა კარგად გამოეჭირათ.

 

ნინო კომახიძე

გაზეთი „ვერსია"

9 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016