reportiori.ge - დავით დარახველიძე: ჰომოსექსუალი ადამიანები არიან ავადმყოფები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:57
ინტერვიუ
დავით დარახველიძე: ჰომოსექსუალი ადამიანები არიან ავადმყოფები!
ავტორი:
10 მაისი, 2014. 15:42


წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ავად თუ კარგად ასრულებს, დევნილთა ნაწილის მდგომარეობაც გაუმჯობესდა, მაგრამ დავით დარახველიძე წინსვლის ტემპით მაინც უკმაყოფილოა. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პირველი პირი აცხადებს, დევნილების დახმარება გაიზრდება, მათი განსახლების პრობლემა რამდენიმე წელიწადში სრულად მოგვარდება, თუმცა საქართველოს მთავრობას მაინც უკეთ მუშაობის პრეტენზია უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ერთი თვის წინ, დევნილთა ბინის მშენებლობის პროცესი პრემიერ-მინისტრმა უარყოფითად შეაფასა, რამაც დავით დარახველიძე პრესისთვის უფრო პოპულარული გახადა. ამის შესახებ მინისტრი დეტალურად გვიამბობს, მანამდე კი ხუმრობს, ასე იცის პოპულარობაამო.


- როგორ ფიქრობთ, პოპულარული ხართ?

 

- არ ვიცი, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს და ამ თემაზე საფიქრლად მაინცდამაინც არ მცალია.


- სამინისტროს პრობლემებს გულისხმობთ?

 

- რა თქმა უნდა, აბა, ოჯახის პრობლემებით თქვენ როგორ შეგაწუხებთ?!


- უბრალოდ, პრემიერ-მინისტრმა რომ დაგტუქსათ, ამის მერე საუბარი მინისტრთა კაბინეტის „კარუსელზე" დაიწყო და ითქვა, რომ თქვენ, ოდიშარია, ხადური და ხათუნა გოგოლაძე შეიძლება შეგცვალონ.

 

- ეგ საიდან მოიტანეთ? გურამ ოდიშარიას ირგვლივ აჟიოტაჟი მართლაც იყო ატეხილი, თუმცა დარწმუნებით გეტყვით - დღეს საქართველოში მოქმედი მთავრობა ყველაზე უკეთესია, ვიდრე დამოუკიდებელ საქართველოს ოდესმე ჰყოლია, მაგრამ არა საუკეთესო. საუკეთესო რომ ვიყოთ, ამისთვის ალბათ, ჩვენი შრომის შედეგიც უფრო შთამბეჭდავი უნდა იყოს. რაც შეეხება იმ შემთხვევას, ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ობიექტი, რომელიც დევნილებს ზუგდიდში გადავეცით, ხარვეზებით აშენდა. როცა პრემიერმა გაიგო, ამ კორპუსის მშენებელი კომპანია „ბლოკ ჯორჯია" იყო და ის პრობლემებიც გაახსენდა, რაც ამ კომპანიამ შექმნა, ერთთვიანი ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ბლოკ-ჯორჯია" უნდა დაგვეჯარიმებინა. თქვენმა კოლეგებმა კი, რატომღაც, ჩათვალეს, რომ პრემიერმა მე მომცა გაფრთხილება და ერთთვიანი ვადა. მას აქეთ თვეზე მეტი გავიდა.


- რა ხარვეზები ჰქონდა შენობას - როგორც ღარიბაშვილმა თქვა, „საქმე ფუქსავატურად იყო გაკეთებული"!

 

- სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ ეს ობიექტი შეამოწმა და, სხვათა შორის, 19 000 ლარით დააჯარიმა სამშენებლო კომპანია. ეს ზოგადად ასეა - დევნილებისთვის ობიექტის გადაცემამდე საექსპერტო ბიურო ისედაც ამოწმებს შენობებს, ამ ერთთვიან ვადაში კი კომპანიამ, სამინისტროს ზედამხედველებთან ერთად, ყველა ოჯახი ჩამოიარა, მათი შენიშვნები ჩაინიშნა და ახლა ამ ოჯახების 80 %-ზე მეტის ხელმოწერა აქვს, რომ ხარვეზები აღმოფხვრილია. როცა ყველა კმაყოფილი იქნება, შესახლებაც დაიწყება, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ხარვეზები მხოლოდ კოსმეტიკური იყო და არ ეხებოდა შენობის უსაფრთხოებას.


- ეს გრძელვადიანი განსახლების პროგრამა როდის დასრულდება, გაქვთ ამაზე პასუხი?

 

- ჩამჭრელი კითხვაა... 2-3 წელი ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან დღეიდან 2016 წლამდე იმაზე მეტია გასაკეთებელი, ვიდრე განვლილ 20 წელში გაკეთდა. წინა მთავრობებმა, ჯამში, 24 000 დევნილი ოჯახი დააკმაყოფილეს, ახალი საცხოვრებლები არ აშენებულა, მათ სასტუმროები გადასცეს, ჩვენ კი ერთ წელიწადში 2 000 ახალი საცხოვრებელი ავაშენეთ.


- ოცნების დონეზე მაინც როდის დასრულდება ეს პროცესი?

 

- „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას.


- ანუ დაახლოებით 3 წელიწადში?

 

- ცოტა მეტი გვჭირდება.


- ე. ი. მეორე ვადითაც გინდათ მინისტრობა. პირველი ვადით, ამ 2 წელიწადში გაკეთებული საქმითა და წინსვლის ტემპით კმაყოფილი ხართ?

 

- არ ვიტყვი, რომ ტემპით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ, იმ გარდამავალმა პერიოდმა და კოჰაბიტაციამ გავლენა ჩვენზეც იქონია. ახლა სამინისტროს შესაძლებლობებს ვაძლიერებთ, გვემატება მინისტრის ერთი მოადგილე და სამმართველო, რომელიც მხოლოდ ეკომიგრანტების საკითხებზე იმუშავებს. სამწუხაროდ, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა უპრეცედენტო რაოდენობის ბინების აშენებას გეგმავს დევნილთათვის, ამ საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობა მილევად რეჟიმშია. ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამები წელს ზაფხულსა და შემოდგომით სრულდება, მერე რა იქნება, არც მე ვიცი და არც მათ. იგივე მდგომარეობაა ევროკავშირის დახმარებაზეც - ფოთში 7 კორპუსის აშენება სრულდება, ივნისში დავანაწილებთ და მერე როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას, არ ვიცი.


- კი მაგრამ, ასე რატომ მოხდა, იქნებ ჩათვალეს, რომ გეზი მართლა რუსეთისკენ ავიღეთ?

 

- არავითარ შემთხვევაში! ეგ არაფერ შუაშია, საქმე ისაა, რომ ბრუსელის დონორთა ორგანიზაციმამ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს 4 მილიარდი დოლარი გამოუყო და ეს თანხა მთავრდება. ახალი შეთანხმებები საქართველოს მთავრობასა და ამ ორგანიზაციებს შორის კი ჯერჯერობით, არ დადებულა.


- მერე თქვენ რამეს აკეთებთ ამის შესაცვლელად?

 

- დღესაც მქონდა ორი შეხვედრა ამ ორივე ორგანიზაციასთან. უბრალოდ, ვისაც შევხვდი, იმ დონის წარმომადგენლები არ ყოფილან, საკითხი გადაეწყვიტათ, თუმცა ინფორმაციას ხელმძღვანელობასთან მიიტანენ. სიმართლე გითხრათ, გულდაწყვეტილი ვარ... ხელშეშლა არც საქართველოში გვაკლია - წინა მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, დღემდე არ შეცვლილა და ისინიც დიდ პრობლემებს გვიქმნიან.


- ახლა ადგილობრივი არჩევნები წამოგეშველებათ, მაგრამ თქვენი სიტყვები ჰაერიდან მოტანილ ბრალდებებს რომ არ დაემსგავსოს, მითხარით, რაში გიშლიან ხელს ძველი მერები და გამგებლები?

 

- იმდენი ობიექტი არ მაქვს, რამდენიც მჭირდება. მაგალითად, ქალაქებში თვითმმართველობისგან ვერც ერთ ობიექტს ვერ ვიღებ. რაც მივიღე, ეკონომიკის სამინისტრომ მომცა. გარდა ამისა, არის ცალკეული დაუხვეწავი კანონები, რაც მიშლის ხელს. ასეთია კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვით, ნებისმიერი ახალი დავა შესყიდვის ან გადაცემის პროცესს 10 დღია ახანგრძლივებს. შეიძლება, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება თვეობით ვერ გააფორმო, რადგან მას ტენდერის ყველა მონაწილე სათითაოდ უჩივის და ეს პროცესი ყველანაირ გონივრულ ვადას სცილდება. ეს არის საბოტაჟი! საბოტაჟი იყო ისიც, რომ ყველა ობიექტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო გადმოგვცემდა და მეორე დღეს სანახავად მივდიოდით, დევნილებით ან სოციალურად დაუცველებით სავსე გვხვდებოდა.


- კარგად მახსოვს თქვენი არაპოპულარული განცხადებაც, პოლიციის ძალით რომ აპირებდით მათ გამოსახლებას - ასეთი ცხელი კერები კიდევ დარჩა?

 

- მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს 12 ოქტომბრიდან მოგვიხდაშეჭრილების გამოსახლება, ძალადობის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. თითი არავისთვის დაუკარებიათ. ჩვენ მიერ დაქირავებული მუშები ხელს კიდებდნენ მათ ავეჯს, ჩვენსავე დაქირავებულ მანქანებში აწყობდნენ და ამ ხალხს თავიანთ სახლებში აბრუნებდნენ. ძალიან გაჭირვებულებს სახლიც დავუქირავეთ. 1 200 ადამიანი ისე გამოვასახლეთ, არაფერი მომხდარა. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, თბილისში 550 ოჯახს ბინას ვერ მივცემდით!


- გვპირდებოდით, დევნილების დახმარება 28-დან 56 ლარამდე გაიზრდებაო და მხოლოდ 45 ლარამდე გაიზარდა - დანარჩენი 11 ლარი სად წავიდა?

 

- ხელისუფლებისგან ზოგადი დაპირებები როგორც დევნილებს, ისე სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას, პენსიონერებსა და სხვა ჯგუფებს შეეხო. მაშინ დევნილთა მინისტრად საერთოდ არც განვიხილებოდი, თუმცა ამ დაპირების ვადა ისედაც 4 წელია, ჩვენ კი პირველივე წელს შემწეობა 28-დან 45 ლარამდე გავზარდეთ, 56 ლარამდე 11 ლარი გვაკლია და თქვენი გაზეთის საშუალებით, იმასაც დავაანონსებ, რომ რამდენიმე ლარი დევნილების დახმარებას უახლოეს თვეებშიც დაემატება!


- ამჟამინდელი მდგომარეობით, კიდევ რამდენი დევნილი ოჯახი რჩება სახლ-კარის გარეშე?

 

- ახლა დარჩენილია 35 000 ოჯახი, ბინით სულ დაკმაყოფილებულია 27 000 ოჯახი, ხოლო ვინც ბინის სანაცვლოდ ფული აიღო, ასეთი 5 000-ზე ცოტა მეტია.


- 2014 წლის ბოლოს კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაკმაყოფილდება ბინითო, ამბობდით პრემიერ-მინისტრთან ერთად. ეს წინასაარჩევნო ფანდი იყო, თუ რეალური დაპირება?

 

- ახლა ჩვენს წინაშე, თუნდაც მხოლოდ თბილისში, ძალიან მწვავედ გადასაჭრელი პრობლემები დგას, რომლებიც ვერც ამ წელს აღმოიფხვრება და ვერც მომავალ წელს. ეს პროცესი 3-4 წელიწადში თუ დასრულდა, ეგეც ძალიან კარგი იქნება. პროექტები გამზადებული გვაქვს - ახლა 600 მილიონი ღირებულების პროექტი გვაქვს მზად და დღესვე შეგვიძლია მუშაობა დავიწყოთ, ცოტა ფინანსებში გვიჭირს.


- იმედია, ეს მხოლოდ საარჩევნო პათოსი არაა. თქვენც იცით, არჩევნებში დევნილთა ხმა დიდი ძალაა და ამ ძალას წინა ხელისუფლება ოსტატურად იყენებდა. თქვენც იგივეს ხომ არ აპირებთ?

 

- ახლა სწორედ ის დრო და ის ხელისუფლებაა, რომელსაც მართლა უნდა მისცენ ხმა. ჩვენ მათი პრობლემების დასრულების ვალდებულება ავიღეთ და თუ ეს ხელისუფლება დიდხანს იქნება ქვეყნის სათავეში, დაწყებულ საქმეებსაც ბოლომდე მივიყვანთ. ვიბრძოლებ, რომ მართლა შევასრულო ყველა დაპირება!


- ეკომიგრანტების შესახებ კანონზე მუშაობასაც ამთავრებთ და დევნილთა სამინისტროს ფუნქციები ძლიერდება. კონკრეტულად რა იცვლება და თქვენი ფუნქცია საერთოდ რაში გამოიხატება ეკომიგრანტებთან მიმართებაში?

 

- ცნება „ეკომიგრანტი" სამართლებრივ სივრცეში საერთოდ არ იყო. ეს არის ხალხი, ვისაც სახლი სტიქიურმა უბედურებამ დაუზიანა და ამის გამო თუნდაც სხვა სოფელში მოუწია გადასვლა. ჩვენი ფუნქცია იქნება, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს შევუძინოთ სახლი, გადავცეთ საკუთრებაში და სადაც დავასახლებთ, იმ ადგილას ინტეგრირებაში დავეხმაროთ.


- ბოლო პერიოდის სკანდალზეც მაინტერესებს თქვენი აზრი - პატრიარქმა ანტიდის კრიმინაციულ კანონზე თქვა, ხელისუფლებამ უკანონობა დააკანონაო. თქვენ ვის მხარეს ხართ - საქართველოს პატრიარქის თუ საქართველოს ხელისუფლების?

 

- არ ვფიქრობ, რომ პატრიარქი და ხელისუფლება სხვადასხვა მხარესაა. ამ კანონის ირგვლივ ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, საფრთხე, რაზეც საუბარია, ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია. მე, მაგალითად, ჩემს გულში უნდა ჩავიხედო და თუ ეს კანონი ჩემს პრინციპებს ერგება, მაშინ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, კანონი და პრინციპები ერთმანეთისგან ძალიან შორსაც არ არის.


- პირდაპირ რატომ არ მპასუხობთ?

 

- მთავარ სადავო საკითხზე შემიძლია გითხრათ შემდეგი - ჰომოსექსუალი ადამიანები არიან ავადმყოფები და თანაგრძნობას იმსახურებენ, თუმცა ეს ადამიანები აქციებს ატარებენ და ამ აქციებით პურს მათი მხარდამჭერები ჭამენ, რომლებიც სრულიად ნორმალური ორიენტაციის მქონენი არიან. ჩვენ რა საქმესაც ვაკეთებთ, იმის რეკლეამასა და საზოგადოების სრულად ინფორმირებასაც ვერ ვახერხებთ და იმ კაცმა, რომელსაც რაღაც სექსუალური გადახრა აქვს, ამას რეკლამა რატომ უნდა გაუკეთოს?! ჯამში, თუ მეტყოდნენ, რომ ამ კანონის მხარდაჭერა, გინდა თუ არა, ევროკავშირისკენ გადადგმული ნაბიჯიაო, მაშინ ვიტყოდი, რომ მინდა. თუ მკითხავენ, გინდა თუ არა შენი ქვეყნის ტრადიციები დაცული იყოსო, ვიტყვი, რომ მინდა. ახლა ეს ორივე აუცილებლობა უნდა შევათავსოთ!

 

ნინო კომახიძე

გაზეთი „ვერსია"

9 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016