reportiori.ge - ვალერი გელაშვილი: თუ სააკაშვილს კამერაში ჩასვამენ, დაცვას მომიხსნიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:05
პრეს-დაიჯესტი
ვალერი გელაშვილი: თუ სააკაშვილს კამერაში ჩასვამენ, დაცვას მომიხსნიან!
ავტორი:
10 მაისი, 2014. 14:49


დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმე პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გახსნა და ერეკლე კოდუასა და გიორგი სირაძეს ბრალი წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივეს 10-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა ბრალი წარედგინა კიდევ რამდენიმე პირს და, როგორც თავად დეპუტატი აცხადებს, ვიდრე გამოძიება უშუალოდ შემსრულებლებზე არ გავა, მისი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია. ჯერ კიდევ წინა თვეში, გელაშვილმა პროკურატურას სპეციალური სახელმწიფო დაცვის დანიშვნა მოსთხოვა და სიტყვიერი დაპირება მიიღო კიდეც - დაცვას რამდენიმე დღეში დაგინიშნავთო. 8 მაისს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ დაპირება შეასრულა და, როგორც „ვერსიამ" ვალერი გელაშვილთან საუბრისას გაარკვია, ორშაბათიდან, 3 თვის განმავლობაში მის უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვას რამდენიმე წევრი უზრუნველყოფს. მართალია, გელაშვილი პირადი დაცვის გარეშე არავის გვინახავს, თუმცა როგორც ყოფილი ბიზნესმენი აცხადებს, პარლამენტში შესვლის შემდეგ კერძო დაცვაზე უარი თქვა. პრინციპში, გელაშვილს ყველაზე უკეთ ახლა სადეპუტატო მანდატი იცავს, მაგრამ ხაშურის მაჟორიტარი სახელმწიფოსგან მაინც დამატებით გარანტიებს ითხოვს.


- სახელმწიფო დაცვას იმის გამო ვითხოვ, რომ ჩემზე თავდასხმაში მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ასევე ჰყავდათ თავიანთი შემსრულებლები. ჯერ ზუსტად არ ვიცით, ისინი ვინ არიან, მაგრამ შეიძლება ქალაქში თავისუფლად დადიან. ჯერ არც გამოძიება დასრულებულა, ამიტომ ჩემივე უსაფრთხოებისთვის, პირადი დაცვა მოვითხოვე.


- დაცვის გარეშე არც მინახიხართ და რად გინდოდათ მაინცდამაინც სახელმწიფო დაცვა?

 

- დაცვა ნამდვილად მყავდა, მაგრამ მას მერე, რაც დეპუტატი გავხდი და ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა, წელიწადნახევარია, დაცვით აღარ დავდივარ. პირადი დაცვა, რომელიც მე დავიქირავე, სახელმწიფო დაცვის დონის მაინც არ არის. პოლიციის დაცვის სამსახური უფრო სხვა გარანტიებს გაძლევს. ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხელშეკრულება გაფორმებული მაქვს და ბიჭები ჩემს დაცვას უკვე ორშაბათიდან შეუდგებიან.


- რამდენი ადამიანი დაგიცავთ და რამდენი ხნით?

 

- დაცვის წევრთა რაოდენობა ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ, ჯერჯერობით, ჩემი დაცვის 3-თვიანი დადგენილება გამოიტანა.


- კონკრეტული ინფორმაცია, მუქარის ზარები, წერილები... მიიღეთ მოსალოდნელი თვდასხმის შესახებ?

 

- საქმე ისაა, რომ 2005 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა თავს დამესხნენ, ჩემი მისამართით არანაირი მუქარა არ ყოფილა. როცა გელაპარაკებიან და რაღაცას გეუბნებიან, თუნდაც მუქარით, საფრთხე ყოველთვის ნაკლებია, ხოლო როცა ხმას არ იღებენ - მეტი.


- ანუ დაცვა იმიტომ მოითხოვეთ, რომ არავინ გემქურებათ?

 

- ყველაზე საშიში სწორედ ეს ვითარებაა, როცა ხმას არავინ იღებს! საქმე გაიხსნა და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები დადანაშაულდნენ, მათ ბრალი უკვე ღიად წაუყენეს და ვფიქრობ, ვიდრე არ დაიჭერენ, საშიშროება ყოველთვის იარსებებს. მარტო კოდუასა და სირაძეს კი არა, სხვა პირებსაც ვგულისხმობ, რომელთაც ეშინიათ, ბრალი მათაც არ წაუყენონ. ვიდრე ეს საქმე არ დასრულდება, ისინი ჩემ მიმართ ყოველთვის აგრესიულად იქნებიან განწყობილნი. ადამიანი, რომელსაც 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება, შეიძლება, ყველაფერზე წავიდეს.


- გამოდის, ქალაქში მოსიარულე „ნოშიკოებს" უფრთხით?

 

- ეგეთები პროვოკაციას კი არ მოაწყობენ, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, ასე რომ, ეს სულ სხვა თემაა. მიუხედავად იმისა, რაც ნაციონალებმა გამიკეთეს, 9 წელი ისე ვიარე ამ ქალაქში, ხელი არავისზე ამიწევია და ხმამაღალი სიტყვა არავისთვის მითქვამს - საქმის გახსნას მოთმინებით ველოდი, ამიტომ ანგარიშსწორება ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ეს ქვის ხანის პერიოდის ქცევაა!


- იქნებ, თქვენს ფინანსებს აზღვევთ - 2005 წელსაც მანქანიდან თანხა არ გაიტაცეს?

 

- ახლა მაგდაგვარი არაფერი ხდება. ჩემ მიმართ პროვოკაცია არ იქნება. სახელმწიფო დაცვა მუშაობს, სხვანაირი კონტროლი მიდის, იქ ხომ მარტო რამდენიმე ბიჭი არ გამომყვება, მთელი სისტემა იქნება ჩართული.


- ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, უბრალოდ თავს იზღვევთ?

 

- ჩემი თავი ჯერ იმქვეყნად წასასვლელად არ მემეტება. თავს მოსალოდნელი თავდასხმისგან ვიცავ. ახლა ვიცი, მომავალი ორშაბათიდან, სამი თვე, დაცვა მეყოლება და მერე ვნახოთ, თუ საქმე დაიხურა და სააკაშვილს კამერაში ჩასვამენ, დაცვას მომიხსნიან.


- ვიდრე სააკაშვილს არ დაიჭერენ, დაცვით უნდა იაროთ?

 

- მთავარი მოქმედი პირი და ბრძანების გამცემი სწორედ მიხეილ სააკაშვილია.


ნინო კომახიძე

გაზეთი „ვერსია"

9 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016