reportiori.ge - რა კავშირი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, „რუსთავი 2-სა“ და NDI-ს ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:52
ინტერვიუ
რა კავშირი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, „რუსთავი 2-სა“ და NDI-ს ?
ავტორი:
10 მაისი, 2014. 13:42


ნაციონალური მოძრაობის, „რუსთავი 2"-ისა და NDI-ს ტრიომ საინფორმაციო კონცერტების ახალი სეზონი გახსნა, თუმცა რეპერტუარის ფორმა მცირედით შეიცვალა. ამ სამი, თითქოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების დაკავშირების გონივრულ ეჭვს ბევრი ფაქტორი იწვევს და სწორედ ამაზე მინდა დაგაფიქროთ.


ნაციონალების  მმართველობის პერიოდში კონცერტი შემდეგი პროგრამით იმართებოდა: ლუის ნავარო და NDI გამოაქვეყნებდა კვლევას, რომლის თანახმადაც, ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში ალტერნატივა და კონკურენტი არ ჰყავდა. ამას ლამაზად შეფუთავდა „რუსთავი 2" (სხვათა შორის, „იმედიც" და საზოგადოებრივი მაუწყებელიც), რაზეც კომენტარს აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა - აგერ, თქვენ, ჩვენგან ნაბეგვ-დატერორებული ხალხი გვიჭერს მხარსო, შემდეგ ინგლისურად თარგმნიდნენ რეპორტებს და მსოფლიოს ეუბნებოდნენ NDI-ს კვლევებით, საქართველოს მოსახლეობა „ზილინას" მღერის დემოკრატიის შუქურის გარშემოო.


ამჯერად კონცერტში გამხსნელი როლი „რუსთავი 2"-მა იკისრა. ამ არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თურმე ტელეკომპანიის ოფისს ფარული კამერებით უთვალთვალებს ხელისუფლება, თუმცა თვალთვალის ვერსია ლოგიკიდან ამოვარდება, თუ მაყურებელი დასვამს კითხვას - რაში დასჭირდა ტელეარხს ამ „სკანდალის" გახმაურება?


ერთ-ერთი პასუხი კი ასეთია - „რუსთავი 2"-ს მაყურებელი და, შესაბამისად, გავლენა აკლდება, რაც აშფოთებს ნაციონალურ მოძრაობას.


ამავე კონტექსტში ჯდება კიდევ ერთი ფაქტი - ნიკა გვარამიას ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე, 5 მაისს, NDI-მ გამოაქვეყნა ერთი საინტერესო კვლევა, სადაც ზოგადპოლიტიკური კითხვის (უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას) გვერდით დასმული იყო ძალიან უჩვეულო კითხვაც: „მხარს უჭერთ თუ არა სამართლიანი არჩევნების, საერთაშორისო გამჭვირვალობის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივ კამპანიას „ეს შენ გეხება"? და, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოსახლეობის რა პროცენტი უჭერს მხარს ამ კამპანიას? აი, NDI-ს დასკვნით, თურმე მოსახლეობის 45 % არა მხოლოდ იცნობს, არამედ მხარსაც უჭერს ამ კამპანიას და აქვე კითხვა - რა შუაშია „ეს შენ გეხება" რუსთავი 2-თან? კამპანიის მიზანია, აიკრძალოს უკანონგო მოსმენა და თვალთვალი. ამ კვლევიდან მეორე დღეს კი „რუსთავი 2" აცხადებს - მითვალთვალებენო. ამას დაუმატეთ ნაციონალური მოძრაობის მოთქმა - ხელისუფლება გვდევნისო და მთელი სურათი დაიხატება. NDI-ის, „რუსთავი 2"-ისა და ნაციონალური მოძრაობის ტრიო სამ ხმაში აცხადებს - ახალი ხელისუფლება ოპონენტებს უთვალთვალებს და თან მოსახლეობის 45 % ამას აკრიტიკებს იმით, რომ კამპანიას „ეს შენ გეხება" უჭერს მხარს.


არსებობს გონივრული ეჭვი, რომ, როგორც სააკაშვილის პერიოდში, ამჯერადაც NDI მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით და თავს ახვევს საკუთარ პოზიციას. ფაქტია, NDI-ს აშფოთებს „რუსთავი 2"-ის პრობლემური რეპუტაცია, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, მას ნაციონალური მოძრაობის რუპორად მიიჩნევს და, შესაბამისად, არც ენდობა. ამ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება არათუ უთვალთვალებს, საერთოდ არ ცდილობს, რაიმე გავლენა მოახდინოს ამ ნაციონალურ რუპორზე, „რუსთავი 2"-საც უწევს მუშაობა სკანდალების გარეშე, არავინ არბევს, არავინ ახოხიალებს იატაკზე, არავინ ურტყამს ხელკეტებს, შესაბამისად, როგორც ჩანს, არ არის ის ინტრიგა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას „რუსთავი 2"-ზე გადაიტანდა. ამიტომაც გამოსავალი თავადვე მოძებნეს. NDI-მ უპრობლემოდ ჩასვა კითხვარში მოსახლეობის უმრავლესობისთვის საერთოდ უცნობი თემა - კამპანია „ეს შენ გეხება", დაუწერა 45 % და მეორე დღეს ტრიბუნა დაუთმო „რუსთავი 2"-ს, როგორც სახელისუფლო თვალთვალის მსხვერპლს.


გამოძიება დაიწყო. გაჩნდა უამრავი უპასუხო კითხვა და გონივრული ეჭვი, რომელზეც არხის ხელმძღვანელობას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. მაგალითად - როდის და როგორ მოახერხებდა ხელისუფლება მაღალტექნიკური სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟებას „რუსთავი 2"-ის შენობაში? ამაზე ნაციონალური მოძრაობის კულისებიდან გაჩნდა პასუხი - გასული წლის ოქტომბერში რუსთავი 2"-ის შენობიდან ევაკუაცია რომ მოხდა, მაშინ დაამონტაჟესო. თუმცა ნაციონალების ვერსია ვერ მოერგო „რუსთავი 2"-ის ვერსიას, რადგან ტელეარხის ფარული მოსმენის კადრები დათარიღებულია 2013 წლის ივნისით, ევაკუაცია კი ოქტომბერში მოხდა. სკანდალის აგორებისა და ყურადღების მიქცევის გეგმა, როგორც ჩანს, ნაჩქარევი იყო და დიდი ალბათობაა, მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს. ასე რომ, თუ NDI-ში ვინმე ფიქრობს, ამ ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლების, ლევან თარხნიშვილისა და თინათინ ბოკუჩავას მსგავსად, ნაციონალური მოძრაობა ერთგული სამსახურისთვის მათაც ჩასვამს საარჩევნო სიაში, ჯერ ზეიმი ადრეა, მით უმეტეს დღეს, როცა ნაციონალური მოძრაობის ოქროს ხანა დასრულდა და პარტიული კრიზისი სახეზეა.


გიორგი იაშვილი

გაზეთი „ვერსია"

9 მაისი. 2014 წ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016