პრეზიდენტის მიერ ახალი ინიციატივის საფუძველზე, ნასამართლეობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნისათვის, მსურველების რეგისტრაცია ცხელი ხაზით განხორციელდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის მსურველთა რეგისტრაციის თაობაზე
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ - მიმართვის შემთხვევაში, შეწყალების აქტით მოუხსნას პირს ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი - საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოქალაქეებმა გაიარონ წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია.
განცხადების შემოტანის მსურველებმა წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითითებულ ნომრებზე: 2 282736; 2 282681;
ადმინისტრაციის თანამშრომელს მათ უნდა ჩააწერინონ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. შესაბამისად, რეგისტრაციის მსურველს ადმინისტრაციის თანამშრომელი აცნობებს განცხადების შემოტანის კონკრეტულ თარიღს. მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ადგილზეც, განცხადების შემოტანის დროს."