სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 12-19 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება.
13 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" საზეიმოდ გაიხსნება მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი. მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურნი და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ.
წლევანდელი მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის მთავრი თემაა ,,ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში".
„მიუხედავად იმისა, რომ სიმპოზიუმი მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით შემოიფარგლა, მასში მონაწილეობის სურვილი, გარდა მართლმადიდებლებისა, გამოთქვეს კათოლიკე და პროტესტანტმა მეცნიერებმა და ასევე მეცნიერებმა ისრაელიდან. ისინი საქართველოს 12 მაისს ეწვევიან", - განაცხადეს ღონისძიების ორგანზიატორებმა.
სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავიდოსის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი კირილე კატერელოსი, სტეფან შუმახერი (აშშ), ჯონ ზელიგმანი (ისრაელი), დეკანოზი დიმიტრი კალაჩევი (გერმანია), ბერი პატაპიოს კავსოკალიველი (საბერძნეთი, წმ. ათონის მთა), ალესანდრო მარია ბრუნი (იტალია) და სხვა.
ამერიკიდან ჩამობრძანებულ ივერიის ღვთიმსშობლის მირონმდინარე ხატს 13 მაისს წააბრძანებენ მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში.
13 მაისს, დილის 9:00 საათზე ტაძარში წირვა პირველად აღევლინება. 11:00 საათზე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის. მახათას მთაზე მისულ ყოველ ადამიანს მიეცემა სასწაულთმოქმედ, მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატთან მიახლოების შესაძლებლობა.