საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ბაზა "გაგრა" მოინახულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასთან ერთად ვაზიანში პირველი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი შენგელიაც იმყოფებოდა.
ამჟამად I ქვეითი ბრიგადის მობილურ ოპერატიულ ბაზაზე, საველე პირობებში წვევამდელები ჯარისკაცის საწყისი მომზადების კურსს გადიან.
ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მობილური ოპერატიული ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და წვევამდელებს წარმატება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული სამსახური და პროფესიული წინსვლა უსურვა.
წვევამდელები მომზადებას ოქტომბრის ბოლოს დაასრულებენ, რის შემდეგაც I ქვეითი ბრიგადის მე-11 და საარტილერიო ბატალიონებში გადანაწილდებიან.