სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოში ირანელ სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა. უწმინდესმა აითოლა შაჰრისტანს თხოვნით მიმართა.
"მე მინდა გთხოვოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენთან მცხოვრები ქართველები, მოგეხსენებათ, როცა შაჰ-აბასმა წაიყვანა აქედან, მათი წინაპრები იყვნენ ქრისტიანები და ზოგიერთი აქ რომ ჩამოდის, ისევ ქრისტიანობას უბრუნდება. მე მინდა გთხოვოთ, რომ არ დასაჯოთ ისინი, შეიძლება ეს?" - მიმართა უწმინდესმა.
ირანელმა სასულიერო ლიდერმა უპასუხა, რომ აუცილებლად მიაწვდის იგი აღნიშნულ ინფორმაციას "ვისაც საჭიროა".
"ეს სახელმწიფოს ეხება, ჩვენ სასულიერო პირები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ აუცილებლად, ამ თხოვნას გავიზიარებთ." - განაცხადა აიათოლა შაჰრისტანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
მისი განცხადებით, ირანელი სასულიერო პირების ვიზიტის მიზანი კავკასიაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის სიტუაციის შესწავლაა.