საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში სანერგე მეურნეობა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ფირმის მფლობელებს და მეურნეობაში დასაქმებულებს გაესაუბრა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა, ტარიელ და დავით რობანიშვილებმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყევტილება მიიღეს და ინვესტიცია განახორციელეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც 4 მილიონ ლარს აჭარბებს, აგროსექტორის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეურნეობაში დასაქმებული არიან ადგილობრივები, რომლებიც სტაბილურ შემოსავალთან ერთად სამუშაო გამოცდილებასაც იღებენ.
მთავრობის მეთაურმა ინვესტიციის ფარგლებში მოწყობილ სასაწყობე მეურნეობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის მოსავლის დაბინავება–რეალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს, ვინაიდან პირდაპირ კავშირშია მოსავლის ხარისხთან და საექსპორტო ღირებულებასთან.
მეურნეობაში პირდაპირი ინვესტიციის სახით 2,5მილიონი დოლარი ჩაიდო. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 30 ადგილობრივი, ხოლო სეზონურად, დასაქმებულთა რიცხვი 100-მდე იზრდება.