პლანეტის პირველობისთვის ბრძოლას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. მსოფლიოს 32 საუკეთესო ნაკრები წინასამზადისშია ჩართული. „რეპორტიორი“ წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.
ჩვენი დღევანდელი სტუმარი კამერუნის ეროვნული ნაკრებია, რომელიც A ჯგუფში ხორვატიის, მექსიკისა და ტურნირის მასპინძლის - ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს. კამერუნის ნაკრებს ფოლკერ ფინკე თავკაცობს.
კამერუნმა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო შესარჩევი ეტაპი, პლეი ოფში კი ორმატჩიან დუელში ტუნისი დაამარცხა: 0:0, 4:1.
ბოლო წლებში კამერუნის ნაკრების ფეხბურთელები ევროპის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატებში ასპარეზობენ. დაცვის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელების უმეტესობა ბუნდესლიგისა და ლიგა 1-ის გუნდებში ირიცხებიან, რაც ნამდვილად წაადგება გუნდს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულწილად პრობლემატური იქნება მსოფლიო გრანდის მოთამაშისა და მის მხარდამხარ მოასპარეზე დაბალი დონის გუნდის ფეხბურთელის შეთამაშება.
ფინკეს გუნდს „ჩელსის“ ვარსკვლავი სამუელ ეტო’ო კაპიტნობს, რომლისთვისაც ეს მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. უდავოა, რომ კამერუნელებს ეტო’ოს გამოცდილება და კლასი ძალიან დაეხმარებათ.
ბოლო წლებში აფრიკელებს მუნდიალზე ასპარეზობის საკმაოდ ცუდი შედეგები აქვთ. 1990 წლის შემდეგ, „ლომები“ ჯგუფური ეტაპიდან გაღწევას ვერ ახერხებენ. უკანასკნელ, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი, მსოფლიოს პირველობა 0 ქულით დატოვეს.
ვინაიდან ფინკეს 23-კაციანი განაცხადი ჯერჯერობით არ დაუსახელებია, გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შექმნილ კამერუნის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას:
ფინკეს გუნდი 4-3-3 ტაქტიკით იასპარეზებს.
კამერუნელთა კარს სავარაუდოდ შარლ იტანჟი დაიცავს, სათადარიგო მეკარედ კი ლიგა 1-ში მოასპარეზე მეკარე ასემბე მოიაზრება.
ცენტრალური დაცვის ხაზს „მარსელისა“ და „გალათასარაის“ ფეხბურთელები - ნკულუ და შეჯუ ამაგრებენ. ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად მათ სერიოზულ კონკურენციას „მარსელის“ დაცვის ბურჯი ნიკოლა ნ’ლუკუ უწევს. მარცხენა მცველად „ქპრ“-ს წევრი ბენუა ასუ-ეკოტო განთავსდება, მარჯვენა ფლანგს კი „გრანადას“ ფეხბურთელი, ალან ნიომი გააკონტროლებს.
ნახევარდაცვაში სონგის („ბარსელონა“) ხილვა უდაოა, მას სავარაუდოდ „შალკეს“ მცველი ჟოელ მატიპი და მაკუნი (ან ეიონგ ენო) დაუმშვენებენ გვერდს.
ცენტრფორვარდი გუნდის კაპიტანი სამუელ ეტო’ო („ჩელსი“) იქნება. მის შეტევებს სავარაუდოდ მარცხნიდან აბუბაქარი და მარჯვნიდან ჩუპო-მოტინგი („მაინცი“) გააძლიერებენ. მათ კონკურენციას ვებო გაუწევს.
კამერუნის ეროვნულმა ნაკრებმა უკანასკნელი სპარინგ მატჩი 5 მარტს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით - 5:1 დამარცხდა. მუნდიალამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას გუნდი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ 1 ივნისს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ კამერუნელებს ჯგუფიდან გასაღწევად ბრაზილიის, მექსიკისა და ხორვატიის ნაკრებებთან მოუწევთ ჭირილი.
კამერუნის თამაშების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:
13 ივნისი 20:00 მექსიკა - მაკერუნი (ნატალი)
19 ივნისი 02:00 კამერუნი - ხორვატია (მანაუსი)
23 ივნისი 00:00 ბრაზილია - კამერუნი (ბრაზილია)