reportiori.ge - ცხოვრებისეული გამონათქვამები გურამ დოჩანაშვილისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:29
სხვადასხვა
ცხოვრებისეული გამონათქვამები გურამ დოჩანაშვილისგან
12 მაისი, 2014. 18:15


გთავაზობთ ცნობილი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილს გამონათქვამების ნაკრებს ცხოვრების შესახებ:


1. დედამიწას სიყვარული ატრიალებს. ასე რომ არა, დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას.


2. სიკვდილი რომ არ იყოს - აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით.. ვინღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს.. მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს.


3. დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.


4. ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი.


5. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ - კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს - მოგეწონება, გაიცნობ - მოგეწონება, დაგელაპარაკება - მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ - უიმე, მტრისას. შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და... პირიქითაცაა: შეხედავ - აგბურძგლავს, გაიცნობ - დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს - დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და... არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია - არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ - კარგია, გაიხედავ - ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ - ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ - მაინც ცუდი... წარმოგიდგენია? - ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც... და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს, ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის.


6. ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს.


7. ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს. ოღონდ უნებურად. როგორც დევნილი. ან მდევარი, და როცა მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი. ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი, კისერი, ნამვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ.. თვალებით ყველაფერის თქმა უნდა შეძლოს. ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია უნდიხარ შენ თუ არა.


8. ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს - ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ, იცვლება - თვალები ისე ეშმაკურად აღარ უციმციმებს, სულ სხვა კაცია ჩემს წინ, რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება, და რაღაც უცნაურ ამბავს მიყვება, წარმოგიდგენიათ? - გომბეშოზე. თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერა ხედავს, და მხოლოდ მაშინ შენიშნავს, თვალწინ თუ ჩაუფრენს და მაშინვე გადასანსლავს, და თუ შორიახლოს მწერი არაა, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომაა, ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივადა აქვს მოწყობილი..

- ადამიანი კი, - ამბობს, - ადამიანის ტვინი პირიქითაა, თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა და არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება.


9. არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი.


10. ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის. მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016