ამჯერად მეგობრობასა და მეგობრებზე მსახიობი ლალი ბადურაშვილი საუბრობს:
– მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას. სადაც მეგობრობა არ არის, იქ სიყვარულიც ქრება. დააკვირდით, ყველაზე ძლიერი ის დედა-შვილია, რომლებიც ბოლომდე მეგობრებად რჩებიან. ან გინახავთ შვილებისგან მიტოვებული დედა ან პირიქით? უშუქობის პერიოდში ჩემს დასთან სტუმრად იყო ამერიკელი ქალბატონი. იმ უშუქობაში ყოველ საღამოს ათი ქალი ერთად იყრიდა თავს და პოლიტიკიდან დაწყეული, ოჯახური პრობლემებით დამთავრებული, ყველაფერს განიხილავდნენ. იცით, ამერიკელწმა სტუმარმა რა თქვა? – თქვენ, ჩვენგან განსხვავებით, ფსიქოლოგი არ გჭირდებათ, ამ ფუნქციას მეგობრობა ითავსებსო... ღმერთის მადლიერი ვარ, რადგან ბავშვობიდანვე არაერთი საუკეთესო მეგობარი მყავდა.
– მოდით, თქვენი პირველი მეგობრები გაიხსენეთ...
– პლეხანოვზე 23-ე სკოლა დავამთავრე, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, არაჩვეულებრივი გარეგნობის მქონე გოგონების სამჭედლო იყო. თუ ვინმე ლამაზმან იდადიოდა თბილისში, თითქმის ყველას 23-ე სკოლა ჰქონდა დამთავრებული. ჩემი სკოლელები იყვნენ თბილისში გამორჩეული ლამაზი ქალბატონები: თინა მიქელაძე და ჯუნა გერსამია. ერთ კლასში ვსწავლობდთი მე, მარინე რჩეულიშვილი, ესმა ონიანი, მიხეილ სააკაშვილის მამიდა ქეთინო სააკაშვილი, ირაკლი ჩაკრვიანის დედა ნანა ჩარკვიანი... მე და ნანა 11 წელიწადი ერთ მერხზე ვისხედით. ჩვენი მეგობრობა სამაგალითო იყო. ისინი მარტო ლამაზები კი არა, უაღრესად განათლებულნი და შინაგანადაც ულამაზესები გახლდნენ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, მათ შორის, ჩემი ნანაც, დღეს ცოცხალი აღარ არის... თუმცა, ვინც ვართ – მე, მარინე რჩეულიშვილი, ნანა ჯიბუტი, თამრიკო ჭავჭანიძე, რუსუდან კოპაძე, ნუნუ კოპალეიშვილი, ლონდა თავაძე – დღემდე ვმეგობრობთ და ვცდილობთ, ხშირად ვინახულოთ ერთმანეთი. განსაკუთრებულად მაინც ჩემს მარინეს გამოვყოფდი. იგი უბრალოდ მეგობარი კი არა, დაა. მისი მეულღე გეიდარ ფალავანდიშვილიც ჩემი უახლესი მეგობარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნანა აღარ არის, გელა ჩარკვიანიც დღემდე ჩემი მეგობარია.
თქვენი ხშირი რესპონდენტი, პოეტი რეზო ამაშუკელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია. მართალია, ის რუსთაველზე სწავლობდა, მაგრამ საერთო მეგობრები გვყავდა და ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით დაბადების დღეებსა თუ წვეულებებზე. ნუ გამინაწყენდება მისი არაჩვეულებრივი მეუღლე გულიკო ამ ამბის გახსენების გამო, მაგრამ რეზოს ბავშვობაში ერთი ჩემი მეგობარი გოგონა მოსწონდა და მისთვის არაჩვეულწებრივად უკრავდა. იგი ყოველთვის ნიჭიერი და გამორჩეული იმყო, ერთ-ერთი პირველი ჯაზმენი გახლდათ საქართველოში.
18 წლის ასაკში, როცა ოჯახი შევქმენი, ჩემს სამეგობრო წრეს ჩემი მეუღლის მეგობრები და მათი მეუღლეებიც შემოემატნენ, რომელთან ერთადაც ლამის მთელი ცხოვრება გამოვიარე. როგორ შემიძლია, არ ვახსენო მედეა ნონეშვილი – იოსებ ნონეშვილის მეუღლე?! სამზარეულოში გაუთავებლად რომ ვლაპარაკობდით, გამოგვივარდებოდა ხოლმე იოსები – რა გაქვთ ამდენი სალაპარაკოო? ერთხელ მედიკოსგან წამოსულმა ღამის 3 საათზე ტელეფონით კიდევ გავაგრძელეთ ჭორაობა. თემომ შემომხედა – ორივე მაგრად აფრენთო და კარი მომიხურა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩემი მედიკო. ბოლო წლებში განსაკუთრებით დავუახლოვდით ერთმანეთს მე და სოფიკო ჭიაურელი. თითქმის ყოველ კვირას დღესასწაულს გვიწყობდა და როგორც წესი, თვითონ იყო სუფრის თამადა. მახსოვს, ერთხელ დიდი დაბადების დღე გადაიხადა და თამადად გიგა ლორთქიფანიძე ავირჩიეთ. შუა ქეიფის შემდეგ გიგა სიცილით კვდებოდა – მეც რა სულელი ვარ, თამადად რომ დავდექი, სოფიკო მაინც არაფერს დაგაცლისო. ფაქტობრივად, სოფიკომ გიგა არ ალპარაკა, თუმცა, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად ითამადა. დღეს აღარც გიგა გვყავს და აღარც სოფიკო, მაგრამ ჩემს გვერდითაა გიგას მეუღლე – ქეთინო კიკნაძე. ჩვენი ოჯახების ყველა თაობა მეგობრობს ერთმანეთთან. თითქოს ტრადიციად იქცა – თითქმის ყველა ჩვენი მეგობრის შვილები ჩემი შვილების მეგობრებიც არიან.
არ შემიძლია, არ ვახსენო რუსუდან ფარემოზაშვილი – რეზო ჩხეიძის მეუღლე, ხათუნას დედა. აქაც ანალოგიური შემთხვევაა. ოჯახებით ვმეგობრობდით ერთმანეთთან. ჩემი მეგობრებია ლია სხილაძე, ეთერ კაკულია, ლარისა ბლუდოვა, ნანა ფაჩუაშვილი. ეს ნაზი ყვავილივით გოგო ათ ბიჭს სჯობს. ასევე მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ მე, თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი ლამარა ღონღაძე, ნათელა შარაბიძე და მისი მეუღლე ლერმან ლეკიშვილი... რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვმეგობრობ იმედა კახიანთან და მის მეუღლესთან ფლორასთან – ყოფილი რძლის მშობლებთან. უკეთესს გეტყვით, ეკას ახალი დედამთილი ჩემი მულის ამხანაგია და უნდა ნახოთ, როგორ ვხვდებით ერთმანეთს.
– ამბობენ, თუ ნამდვილი მეგობარია, გაჭირვებაში უნდა გამოსცადოო...
– მთელი ცხოვრება წარმატებული ქალი ვიყავი და ასევე წარმატებული მეუღლე მყავდა, თუმცა, ჩვენს ცხოვრებაშიც იყო გაჭირვება და განსაცდელი. სწორედ იმიტომ ვამაყობ ჩემი სამეგობროთი, რომ გაჭირვების დროს ზურგი არავინ მაქცია, პირიქით, როცა თემო დააპატიმრეს, ყველა გვერდით დამიდგა. თემო ჯერ კიდევ მინისტრი იყო, როცა რეზო ჩხეიძეს სთხოვა – იქნებ, კინოსტუდიაში ლალი დაასაქმოო. თემურის დაჭერიდან მალევე რეზომ გადმომირეკა და მითხრა – ლალი, როცა გექნება თავი, მაშინ გამოდიო. წარმოიდგინეთ, ახალგახსნილი მუზეუმის ხელმძღვანელად ხუთი თვე არავინ არ აიყვანა...
როცა ჩემს ოჯახს მატერიალურად დაღმასვლა ჰქონდა, შეუძლებელი გააკეთა ჩემთვის ჯუნა დემეტრაშვილმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. ჯუნა როგორც თავის ხუთ შვილს პატრონობდა, ასევე პატრონობდა ჩემ შვილებს... ამის დავიწყება როგორ შეიძლება?! გვერდიდან არ მომცილებიან ნუნუ ესებუა, გულიკო ლომთაძე და ლალა ურუშაძე. პირადად მინდა გადავუხადო მადლობა ჩემს ნელი წერეთელს – ზურა წერეთლის დას და მის მეუღლეს შელვა წიკლაურს, რომელიც დღემდე ქალბატონ შორენა მეძახის. მახსოვს, რომ თემო დაიჭირეს, ზურაბი მოსკოვიდან რეკავდა – აბა, რამე ხომ არ გიჭირთ, რაში დაგეხმაროთო. ამასვე ვიტყვი ია გამყრელიძეზე – დათო გამყრელიძის დედაზე. როდესაც ტელევიზიით გამოვდივარ და ჩემს წლოვანებას ვამხელ, პირველი მირეკავს – ვინ გეჭიდებოდა ენაზეო... საჭმელს შუაზე მიყოფდნენ ნელი და ელდარ შენგელაიები. რომელი ერთი გავიხსენო... ჩემს ოჯახს გვერდით დაუდგა ცნობილი რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკოც. როდესაც თემური რუსთავის კოლონიაში იყო, გადმომირეკა – რა მანძილზეა თბილისიდან რუსთავი? ამ დღეებში გრიბოედოვის თეატრში პოეზიის საღამოს ვმართავ და აუცილებლად ვინახულებ თემოსაცო. იცით, რას ნიშნავდა ეს სიტყვები ჩემთვის?! მთელი კოლონია ფეხზე დაუდგა ჟენია ევტუშენკოს! ასევე, როცა თემო დაპატიმრებული იყო, ჯანსუღ ჩარკვიანი შემხვდა – პროგრამას ვამზადებ, რუსთავის კოლონიაში უნდა ჩავიდე და თემოს სახელით პატიმრებს კონცერტი უნდა გავუმართოო. როგორ დავუვიწყო ჯანსუღს ეს?!
დღეს სწორედ თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მთელი გულით მადლობას ვუხდი ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ „ასავალ-დასავალში“ ვსაუბრობ ამ თემაზე, სადაც თითოეული სტრიქონი ქართული სულისკვეთებით არის გაჯერებელი. ხანდახან ტირილამდე მივდივარ, „ასავალ-დასავალს“ რომ ვკითხულობ, ისეთი ეროვნული, ქართული მუხტი მოდის თქვენგან!
– შორენა კოლონკელიძისა და გიორგი პირველის გმირები თუ მეგობრობდით რეალურ ცხოვრებაში?
– რასაკვირველია. ჩვენი ურთიერთობა გადასაღებ მოედანს გასცდა და... ოთარ მეღვინეთუღუცესი, თენგიზ არჩვაძე ჩემი ქმრის უახლოესი მეგობრებიც იყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ ბატონ კონსტანტინესან ღია და ახლო ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ზვიადს ბავშვობიდან ვიცნობდი. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ზვიადის დასთან – თამრიკოსთან. ქალბატონი მირანდა და თამრიკო დარბაისელი არისტოკრატი ქართველი ქალების ნიმუშები იყვნენ. გენიალურ, მაგრამ რთული ხასიათის მქონე კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებს ეს ორი დიდებული ქალბატონი აწონასწორებდა. აქვე უნდა ვახსენო ვახტანგ ტაბლიაშვილიც, გენიალური რეჟისორი ფილმის გადაღების შემდეგ ბოლო წუთამდე ჩვენს მეგობრად დარჩა... ჩემი ქმრის უახლოესი მეგობრები იყვნენ და ცხადია, ჩემი მეგობრებიც გახლდნან ნოდარ დუმბაძე, თემურ ნაცვლიშვილი და გურამ ლორთქიფანიძე. დღედაღამ ჩვენთან იყო „ლორთქა“.
– თქვენი მეუღლის თანამდებობიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებთანაც გექნებოდათ ახლო ურთიერთობა...
– უდიდესი მეგობრობა გვაკადნიერებდა ედუარდ შევარდნაძესის ოჯახთან. მეტსაც გეტყვით, ედუარდი ჩვენს ქორწილში მაყარიც იყო. იგი არა მხოლოდ დიდი პოლიტიკოსია, არამედჟ კარგი მეგობარიც. სულ დავდიოდით ერთმანეთის დაბადების დღეებზე. ბავშვობაში გიას გინებებს ასწავლიდნენ და ვინც მოდიოდა, ყველას აგინებდა. თემო კვდებოდა სიცილით – ერთადერთი, ვინც ედუარდს პირში შეგინება გაუბედა, 2 წლის გია იყოო. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავს. გაზეთის ფორმატი არეყოფა ყველა მათგანზე საუბარს. ერთს კი ვიტყვი, დღეს მეგობრობა, ერთმანეთის გვერდში დგომა და სიყვარული თუ გადაარჩენს საქართველოს. მინდა ჩემი შვილიშვილების და შვილთაშვილების თაობამაც ისეთივე მეგობრობა იცოდნენ და შეძლონ, როგორც ეს ჩვენ შევძელით.
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი“