reportiori.ge - ირმა ინაშვილი: ამ პარლამენტმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:37
პრეს-დაიჯესტი
ირმა ინაშვილი: ამ პარლამენტმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა!
ავტორი:
13 მაისი, 2014. 02:41



ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ „სრულიად საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ („დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შედეგად სიღატაკესა და უსახლკარობას ეშველება. ამის საწინდარი, მისი აზრით, ის უპრეცედენტო ხუთპუნქტიანი გეგმაა, რომელიც გუნდმა ერთობლივად შეიმუშავა.

 

თბილისში „ალიანსის“ პროგრამა ითვალისწინებს ბინათმშენებლობის მუნიციპალური პროექტის განხორციელებას (საუბარია უპროცენტო განვადებით ბინების მშვენებლობაზე, ასევე მიუსაფარი გაღატაკებული ადამიანებისთვის წლიწადში 200 ბინის გადაცემაზე; იგეგმება მუნიციპალური პოლიკლინიკისა და მუნიციპალური საავადმყოფოს ამუშავება, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას სრულიად უფასოდ მოემსახურებიან; სერიოზული აქცენტი კეთდება მინი და მიკროსაწარმოების სტიმულირებაზე, რისთვისაც მერიასთან სპეციალური ფონდი შეიქმნება. ფონდისა და მისი კონსულტანტების მეშვეობით, იდეის მოწონების შემთხვევაში, მოხდება მცირე ბიზნესის შექმნა და განვითარება, რაც, საბოლოოდ, სახელმწიფოს დახარჯულ თანხებს დაუბრუნებს; პროგრამის თანახმად, ამუშავდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქალაქეების მომზადების პროგრამა; იმოქმედებს ასევე სოციალური დახმარების პაკეტი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შიმშილობენ. მათთვის გაიცემა საქართველოში შეკერილი ტანსაცმელიც. გათვალისწინებულია აგრეთვე უფას (მწვანე) მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა.


„ახალი თაობა“ თბილისის მერობის კანდიდატ ირმა ინაშვილს ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ესაუბრა.


– ორი დღის წინ ტელეკომპანია „იმედში“ მიწვეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წამყვანს მიუთითა, რომ „ქართული ოცნების“ ბლოკის კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანია არა კანდიდატად, არამედ, მერად მოეხსენიებინა. როგორ აფასებთ ამ განცხადებას?

– საერთოდ, არჩევნების დროს და წინასაარჩევნოდ მმართველი პოლიტიკური ძალა თავის კანდიდატს ყოველთვის მხარს უჭერს ხოლმე. ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია ყველა ქვეყანაში მაგრამ, როდესაც მთელი ხელისუფლება, მისი ყველა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში და პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი კოალიციის კანდიდატი უკვე მერია, ეს ბუნებრივად ვერ ჩაითვლება, თანაც, როცა პრემიერი ჟურნალისტს მოუწოდებს, მერად მოიხსენიოს ნარმანია, ეს არის არადემოკრატიული და არაკორექტული განცხადება. პრემიერ-მინისტრი არის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ყველა კანდიდატისათვის. კარგი იქნება, თუ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ბალანსს დაიცავს. კარგი იქნებოდა, თუ ბატონი ირაკლი ნარმანიას არჩევნების შედეგებამდე მერად არ გამოაცხადებდა. საერთოდაც, არავინ იცის, რა მოხდება და რა შედეგი დაიდება არჩევნების შემდეგ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ არჩევნებსა და ამომრჩეველს.


– ირაკლი ღარიბაშვილის წინამორბედი ბიძინა ივანიშვილიც არ ინტერესდებოდა ამომრჩევლების აზრით, როცა საზოგადოებას პირდაპირ აიძულებდა, პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი აერჩიათ...

– საერთოდ, კანდიდატს ამომრჩეველი ირჩევს, მისი სურვილიდან გამომდინარე. ძალიან ცუდია, როცა ქვეყანაში საფუძველი ეყრება ისეთ პრაქტიკას, როცა ხან ივანიშვილის გამო უნდა ავირჩიოთ მარგველაშვილი და ხან ღარიბაშვილის გამო უნდა დავუჭიროთ მხარი ნარმანიას. მოვუწოდებ ამომრჩეველს, გათავისუფლდეს წნეხისგან და მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილება. არავის გამო ვინმეს ხმა არ უნდა მივცეთ. არჩევანი უნდა გავაკეთოთ ჩვენი დაკვირვებიდან, ანალიზიდან და თავისუფალი ნებიდან გამომდინარე. კარგად ვნახეთ, რა მოგვიტანა ბიძინა ივანიშვილის ხათრით პარლამენტის წევრების არჩევამ.


– რას გულისხმობთ?

– თუნდაც, ბოლო დროს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ყველა ერთხმად მომხრე რომ აღმოჩნდა მისი დამტკიცებისას. ეს კანონი ცალკე განსახილველია. ახლა არ ვლაპარაკობ იმაზე, კარგია ეს კანონი თუ ცუდი. ყველას ერთნაირი პოზიცია რომ ჰქონდა, იმას ვგულისხმობ. ჩვენ, მგონი, ჩრდილოეთ კორეაში არ ვცხოვრობთ, სადაც ყველა გადაწყვეტილებას ერთსულოვნად და ერთხმად იღებენ. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ბევრი კითხვის შემცველია. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყანა შორს დგას დემოკრატიის ჭეშმარიტი გაგებისაგან. დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერი წინასწარ მერად აცხადებდეს ამა თუ იმ კანდიდატს. ეს დემოკრატია არ არის. არც ისაა დემოკრატია, როცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მონაწილე პარტიას მონიჭებული არა აქვს ნომერი.


– თქვენი პარტიისთვის ჯერ ნომერი არ მოუნიჭებიათ?

– არ მოუნიჭებიათ. ესაა პოლიტიკური დისკრიმინაცია, როცა გეუბნებიან, 16 მაისამდე ნომერი არ გექნებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ დაბეჭდავ ბუკლეტს, ვერ გამოსცემ გაზეთს, ვერ გამოჰკიდებ ბანერს, არ გექნება არანაირი საარჩევნო ატრიბუტიკა.


– პარტიისთვის ეს ერთადერთი საარჩევნო პრობლემა არ არის...

– პრობლემა ბევრია. მაგალითად, არ გვყავს დამკვირვებლები; უფასო სარეკლამო დრო ეთმობა სულ სამიოდე სუბიექტს. ვფიქრობ, რომ დემოკრატია ისაა, როცა სახელმწიფო ახალ პარტიას აძლევს საშუალებას, უფასო რეკლამაც ჰქონდეს და დაფინანსებაც. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მისგან შედგეს პოლიტიკური ძალა და ის ჩანასახშივე არ განადგურდეს. პირდაპირ ვამბობ – ესაა უთანასწორო ბრძოლა.


– თუმცა, თქვენ ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაებით...

– დიახ. მე ამ უთანასწორო ბრძოლაში ვმონაწილეობ. სწორედ იმიტომ დავთანხმდი მერობის კადიდატად ჩემს დასახელებას, რომ რაღაც გავაკეთო. ვიცი, რომ ჩემზე მეტად ვერავინ ამხელს საქართველოს პოლიტიკაში დამკვიდრებულ მანკიერებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ (ჩვენი გუნდი) საზოგადოებრივ აზრს გარდავტხეთ და ვეტყვით ადამიანებს სიმართლეს იმაზე, რაც ხდება.


– თუ არ ვცდები, თქვენი სლოგანიც ასეთია – „ტყუილი უნდა დამთავრდეს!“

– ამ მოწოდებას ვიზიარებთ, მაგრამ ჩვენი ოვიციალური საარჩევნო ლოზუნგია: „თბილისო, შენთვის გამოიდარებს“. მოვერიდეთ სიტყვებს: „ავაშენებთ“, „ვიზრუნებთ“. თუ არჩევნებში მონაწილეობ, ისედაც უნდა ააშენო და იზრუნო. ისე კი არ უნდა გააკეთო, რომ 160-ლარიანი „ბელუგა“ მიირთვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იმ დროს როცა, გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად შიმშილით საშუალოდ 300 ბავშვი იხოცება. ასეთი საქციელი დიდი უნამუსობაა.


– ჩვენ ამომრჩეველზე მიმდინარე ზეწოლაზე ვისაუბრეთ. არის თუ არა მოქალაქეებზე ზემოქმედება „აირაისა“ და „ენდიაის“ სინამდვილეს დაშორებული კვლევების შედეგები? ამ დღეებში გამოქვეყნებული „ენდიაის“ ბოლო გამოკითხვის თანახმად, საქართველოში ყველას მზე და მთვარე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამოსდის...

– მე რომ ხელისუფლება ვიყო, დიდი ხანია „ენდიაი“ დახურული იქნებოდა ამ ქვეყანაში. ყველანაირი საფუძველია იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ორგანიზაცია ეწევა ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებრივ აზრზე ახდენს ბოროტ ზემოქმედებას. ასეთი ბოროტი ზემოქმედება დასჯადი ქმედებაა. საერთაშორისო საინფორმაციაო კანონმდებლობა ამბობს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საზოგადოებრივი აზრით, მანიპულაცია დანაშაულია. ხელისუფლებაში რომ ვიყო, „ენდიაის“ დანაშაულს დავუმტკიცებდი. სხვები ხმას არ იღებენ. როგორც ჩანს, მათ „ენდიაის“ კვლევები აწყობთ. ზოგიერთები აპროტესტებენ, მაგრამ, იკვეთება, რომ ეს ყალბი გამოკითხვები ყველას აძლევს ხელს, გარდა ჩვეულებრივი ადამიანებისა.


– ეს კვლევები ხშირად არჩევნების შედეგებში მეორდება...

– შევხედოთ, როგორ წავა საარჩევნო პროცესი. არა ვარ ის ადამიანი, რომელიც აზვიადებს საკუთარ შესაძლებლობებს. აბსოლუტურად რეალისტურად ვუყურებ ამ პროცესს და ვამბობ – ამ საარჩევნო პროცესში დემოკრატიის ნიშანწყალიც კი არ არის. მთელი ეს პროცესი დახურულია. შევეცდები, ის გავარღვიო, ბუნებრივია – მთელ გუნდათნ ერთად.

 


მარიკა მჭედლიშვილი

 

გაზეთი „ახალი თაობა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016