reportiori.ge - კომპოზიტორები კახა ცაბაძეს უპირისპირდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:00
პრეს-დაიჯესტი
კომპოზიტორები კახა ცაბაძეს უპირისპირდებიან
ავტორი:
13 მაისი, 2014. 15:12


„ჩვენ დღეს ბრძოლას ვუცხადებთ კახა ცაბაძის ამ უმსგავსო საქციელს, რისი მოწმენიც ყველანი გავხდით და ვაცხადებთ, რომ სასწრაფოდ უნდა გადავირჩიოთ თავმჯდომარე"


ის, რაზეც „ქრონიკა" უკვე წერდა ერთ-ერთ წინა ნომერში, კერძოდ პლეხანოვზე ძველი ფილარმონიის შენობაში განთავსებულ კომპოზიტორთა კავშირის პირველ სართულზე არსებულ ბორდელზე, კომპოზიტორებისთვის თავზარდამცემი ფაქტი აღმოჩნდა. თუმცა, კავშირის ხელმძღვანელი კახა ცაბაძე არხეინად ამბობდა, მოდით და ნახეთ, არანაირი მსგავსი აქ არ ხდებაო. რომ მივედით, უარესი ფაქტების მოწმენი გავხდით, თუმცა ამაზე უკვე კომპოზიტორები ალაპარაკდნენ. მოდით, ერთად მოვუსმინოთ მაცაცო სებისკვერაძეს, ვაჟა აზარაშვილს, ნუნუ დუღაშვილს, მარიკა კვალიაშვილს, ბარამ ბარამიძეს, ჯუმბერ ჯანდიერს, ლევან კასრაძეს, რადგანაც სათქმელი ნამდვილად აქვთ:


ბარამ ბარამიძე:

- კახა ცაბაძე რამდენიმე წლის წინათ იყო მაშინდელი კავშირის ხელმძღვანელის ვაჟა აზარაშვილის მოადგილე და არ იქცეოდა კარგად, არ ასრულებდა თავის მოვალეობას და წავიდა ჩვენგან, მაგრამ 10 წლის შემდეგ უკან მოვიდა უკვე კავშირის თავმჯდომარე.

- რატომ დაბრუნდა, თუ თავის დროზე ცუდად იქცეოდა? ასეთ გულუბრყვილოები ხართ?

- ასე გამოდის. ჩვენ არ გვინდა იმის მოყოლა, რომ მოვიდა ცაბაძე თავმჯდომარედ, რადგანაც იქ აღმოჩნდა კავშირის წევრების ერთი ჯგუფი, რომელმაც კახას დაუჭირა მხარი. თუმცა ხმამაღლა ვამბობდით, რომ ამ ადამიანს უამრავი გადაცდომა აქვს, როგორც ფინანსური, ისე ორგანიზაციული და რას შვრებით-თქო. მიუხედავად ამისა, 2008 წელს ცაბაძე თავმჯდომარედ გამოგვეცხადა. მაშინ მას მხარი დაუჭირა გომარ სიხარულიძემ და მარინა ქავთარაძემ.


მაცაცო სებისკვერაძე:

- გოგი ცაბაძის ხათრით მოხდა ამ კაცის დაბრუნება. კახა ცაბაძე არც კომპოზიტორად ვარგა და არც ადამიანად, მაგრამ ფულის კეთება ნამდვილად იცის. ერთ დეტალს გეტყვით და თვითონ მიხვდებით: კახა რომ ხელმძღვანელად მოვიდა, მის კაბინეტში იყო მანამდე მოთავსებული დიდი ქართველი კომპოზიტორების სურათები და რა ქნა? სულ ყველა სურათი ჩამოხსნა და დატოვა მხოლოდ მამამისის სურათი. ცოტა ხანში კი გაჩნდა თავად კახას სურათი და დამთავრდა! ეს არის ამ ადამიანის სახე,  ასეთი პიროვნებაა, ნარცისი!


- როგორ ხდება ასეთ რამ,რ ომ ქალაქის ცენტრში, კომპოზიტორთა კავშირის პირველ სართულზე გახსნილი გაქვთ ბორდელი?

 

მარიკა კვალიაშვილი:

- ჩვენს აღშფოთებას არ აქვს საზღვარი იმის გამო, რაც „ქრონიკაში" წავიკითხეთ და, რა ფაქტებიც იქ იყო მოყვანილი. მას შემდეგ არ გვძინავს, რადგანაც ესაა თავის მოჭრა. ისე ვართ აღშფოთებულები, ვერ აგიწერთ, ამიტომაც შევიკრიბეთ. ამას სასწრაფოდ უნდა ეშველოს, რომ ჩვენი ავტორიტეტი აღდგეს და ეს სახლი დაემსგავსოს კომპოზიტორთა სახლს.


ჯუმბერ ჯანდიერი:

- ეს მარტო ჩვენი შეურაცხყოფა კი არ არის, ვინც ამ შენობაში ვართ, ეს სრულიად საქართველოს შეურაცხყოფაა, რომ ასეთ კულტურულ კერაში საროსკიპო იხსნება და ვიღაცა ბინძური ფულით მდიდრდება და ამ ფულის პატრონი გვეუბნება, რომ უფულოა და ამისთვის გაუშვა თანამშრომლები. ცაბაძე ჩვენ ნოტებს უნდა გვაძლევდეს, კონკურსებზე უნდა გვიშვებდეს და ამ დროს თანხას საკუთარ ჯიბეში იდებს. ეგ ჩახუტებულია გომარ სიხარულიძესთან, მაგისი მოადგილეა და საროსკიპოს ამბავი არ იცის გომარმა, ჩვენ რომ გვიმტკიცებს კრისტალური კაციაო? ამ ბიჭმა თანამშრომლები იმიტომ გაუშვა აქედან, რომ არავინ იყოს მისი მოწმე, რა ფულს შოულობს. 5000 დოლარს იღებს მარტო ამ შენობიდან, გარდა ამისა, პავლოვზე ხომ გვაქვს მუსფონდი, იქიდან ფულს იღებს! ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახალგაზრდაა და იბრძოლებდა, რომ ბორჯომის კომპოზიტორთა სახლს დავიბრუნებდით და არაფერი. მას არც ერთ ჩვენგანთან არავითარი კომუნიკაცია არ აქვს.


მარიკა კვალიაშვილი:

- ბორჯომის სახლი რომ დავკარგეთ, ამას ვერ ვეგუებით, რადგანაც იქ სულს ვითქვამდით, ყველა პირობა გვქონდა, რომ გვემუშავა, დარბაზი გვქონოდა, სადაც ლიანა ისაკაძეს უბრწყინვალესი საღამოები აქვს ჩატარებული და ეს მოგვესპო.


 მაცაცო სებისკვერაძე:

- აქ რომ დღისით შემოხვალთ, მკვდარია ყველაფერი, რადგანაც ცაბაძე ამბობს, ფული არ მაქვს და ვერავის ვურიგებო. ამ კავშირის გარდა, ცაბაძე ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორად დანიშნეს და ვინ აძლევს უფლებას, ამხელა ორი დიდი შტატი დაიკაოს? ეს ბორდელი ხომ გამოუსწორებელი ლაქაა ჩვენთვის? ვინ ჩამოგვრეცხავს ამ ლაქას?


ლევან კასრაძე:

- სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ვარ და 2008 წელს ვაჟა აზარაშვილი რომ წავიდა ხელმძღვანელის პოსტიდან, ნაშთი იყო 27 000 ლარი და ცაბაძის მოსვლის შემდეგ ვნახე, რომ იყო მხოლოდ 7 ლარი ანგარიშზე და ეს რომ განვაცხადე, უბედურება ის იყო, რომ უამრავი ადამიანი ესწრებოდა ამ ჩემს გამოსვლას და კაციშვილმა ხმა არ ამოიღო.


ნუნუ დუღაშვილი:

- ჩვენი სისუსტეა, რომ კომპოზიტორები საჩივლელად თქვენთან, ჟურნალისტთან მოვდივართ, რატომ უნდა გამოგვეტანა ეს ჩვენი სირცხვილი გარეთ, თუ კი კავშირში არსებულ დარღვევებზე ვიცოდით? არ უნდა დაგვემტვრია ცხვირ-პირი? მაშინ ხომ ვიცოდით ეს ყველაფერი ჭორად? არ უნდა დავდგომოდით თავზე და ბოლომდე არ უნდა ჩავყოლოდით სიმართლეს? ფული არ არისორ და გამოგვიშვა და კარგი დაგვიკეტა, ჩვენ კი გავჩუმდით. ესაა პრობლემა.


მაცაცო სებისკვერაძე:

- სტამბა არსებობდა ჩვენი და ისიც არ ვიცით, ახლაც თუ არსებობს? თუ არსებობს, ეგ ხეირობს? ჩვენთვის არაფერი არ არის! მერიიდან მამუკა ქაცარავამ გვაჩუქა ჩამწერი აპარატურა და, როგორც თქვენ არ გამოგიყენებიათ, ისე ჩვენ არ გამოგვიყენებია. მარტო აპარატურა კი არა, სტუდია არსებობს და ჩვენ ამას ვერ ვიყენებთ. ამ დროს ჩვენ სიმღერის ჩაწერაში 2000 ლარს გვთხოვენ მუსიკალურ სტუდიები... როცა შევეკითხეთ, კახა ცაბაძეს პასუხად აქვს, მე ოპერატორი ხომ უნდა მოვიყვანოო და მას ხელფასი ხომ უნდა და ვართ ასე.


- მაპატიეთ, ამდენი ხანი გისმენთ და ასეთი პატივსაცემი ადამიანები ხართ, ასეთი ცნობილები, ზრდასრულები და ჭკუის საკითხავი პიროვნებები და, რატომ არ სვამდით ამ საკითხებს არასოდეს? რატომ არ იკვლევდით, რა ხდებოდა თქვენს კავშირში?

 

ბარამ ბარამიძე:

- ჩვენ ჯერ კიდევ შარშან მივმართეთ საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკათმცოდნეთა კავშირის გამგეობას, სადაც ვამბობდი, რომ კავშირისა და მუსფონდის ხელმძღვანელ პირთა საფინანსო ანგარიშში იყო უმძიმესი დარღვევები. რის შედეგადაც ჩვენ ფინანსური და მატერიალური კრახის წინაშე დავდექით, მაგრამ მიუხედავად ამისა, კავშირისა და მუსფონდის ხელმძღვანელობა ადგილზე დარჩა. გვეგონა, რამე შეიცვლებოდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ჩვენი თანამშრომლების უმეტესი ნაწილი არის უხელფასო შვებულებაში. სოციალური დახმარებები გარკვეულ ნაწილზე შეწყვეტილია, კავშირის თავმჯდომარის კახა ცაბაძის პროგრამა შეუსრულებელია. კავშირში სრული კტაგნაციაა; შენობა, ფაქტობრივად, გამოკეტილია, ფინანსების მოსაპოვებლად გაქირავებული ფართების თანხა არ ჩანს, ბურუსითაა მოცული ბორჯომის კომპოზიტორთა სახლისა და მოსკოვის პროსპექტზე არსებული საწარმოს მდგომარეობა, კაცმა არ იცის, სად მიდის „მუსფონდის" სათავო ოფისიდან შემოსული ფული. შთაბეჭდილებაა, რომ კომპოზიტორთა კავშირი მიდის ლიკვიდაციისკენ. და ამისთვის ვითხოვდით, რომ უნდა მოეწყოს რიგგარეშე ყრილობა, რომ ეგება რამე გვეშველოსო. ეს დაწერილი გვაქვს შარშან, მაგრამ არაფერი შეცვლილა. თავის დროზე კახა ცაბაძემ მოიყვანა მოადგილედ გიგა თაგაური და მაგათ მთელი მუსფონდის დოკუმენტაცია გაიტანეს და მერე პოლიციის დახმარებით დავიბრუნეთ ნაწილი ამ დოკუმენტაციისა. ეს თაგაური შემდეგ ამ მუსფონდის დირექტორი გახდა, ეს მძარცველი!


- მოიცათ, თუ პოლიცია ჩაება ამ ამბავში, საქმე არ აღიძრა?

- პოლიციამ მაშინ ასე გვითხრა, რომ რახან დააბრუნა უკანო, თაგაური დაკავებას არ ექვემდებარებაო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი მიწა მოსკოვის პროსპექტზეც გაყიდულია.


- კი, მაგრამ ასე ნიავდება თქვენი ქონება და თქვენ საქმის კურსში არ ხართ?

 

- ჯუმბერ ჯანდიერი:

- ვაღიარებთ, არ ვართ! უკეთესს გეტყვით, რა ხდება კონკურსებთან დაკავშირებით: კახა ცაბაძემ თაღლითურად ჩაატარა 8 კონკურსი და ყველგან პირველი პრემია თავად აიღო. ამ დროს, ჩვენ, კომპოზიტორებმა, არაფერი არ ვიცით, გამოცხადებულია თუ არა კონკურსი. დავუშვათ, ცაბაძე კავშირის ფულით ატარებს საბავშვო სიმღერის კონკურსს, ამ შემთხვევაში ხომ უნდა დაუკავშირდეს იმ კომპოზიტორს, ვინც ასეთ სიმღერას წერს? დაგირეკავს წინა დღეს და ფაქტის წინაშე ასე დაგაყენებს და ცხადია, სიმღერის წარდგენას ვერ მოასწრებ. სულ ახლახან ცაბაძემ და მისმა ძმაკაცმა ნიკა ოძელმა ჩაატარეს კონკურსები და რვა პრიზიდან შვიდი აიღო კახა ცაბაძემ და ერთი - ოძელმა!


- და პრიზებად კი რა თანხაა დაწესებული?

- 3000, 2000, 2500 ლარი! ჩვენ ერთ სიმღერას ვერ ვყიდით და რა ხდება? კრებულის თანხა არ გვაქვს, სიმღერის ჩაწერის თანხა და რა ვქნათ? სტუდია ჩვენთვის არ არის, კონკურსი ჩვენთვის არ არის, ფული მარტო მაგისია და რა გამოვიდა?


მარიკა კვალიაშვილი:

- სამი დღის წინ ჩატარდა გოგი ცაბაძის სიმღერის კონკურსი, ჩამოვიდა უამრავი კონკურსანტი მთელი საქართველოს მასშტაბით და, როგორც ცნობილი გახდა ჩემთვის, თითქო ბავშვისგან შეიკრიბა 20-20 ლარი, ამ დროს ასობით ბავშვი ჩამოვიდაო, ინფორმაცია გვაქვს. ჩემს აზრს მოგახსენებთ: ამ კონკურსის ჩატარების დროს გარკვეული თანხა ყოველთვის გამოიყოფა, ამ შემთხვევაში, ცაბაძის ოჯახისთვის და ამ დროს ბავშვებისგან ამ ფულის აკრეფა არის დანაშაული! ეს კავშირი იყორ ჩვენი და დარჩება ჩვენს კავშირად, რადგანაც ეს ჩვენ გვჭირდება. მომავალი თაობის აღსაზრდელად ეს შენობა გვინდა და მან უნდა იარსებო! ჩვენ დღეს ბრძოლას ვუცხადებთ კახა ცაბაძის ამ უმსგავსო საქციელს, რისი მოწმენიც ყველანი გავხდით და ვაცხადებთ, რომ სასწრაფოდ უნდა გადავირჩიოთ თავმჯდომარე და უნდა გადავარჩინოთ ჩვენი კავშირი და გავათავისუფლებინოთ ის დაკავებული ფართები, რაც ჩვენია.


ბარამ ბარამიძე:

- ორი წელია, თავმჯდომარეს არ ჩაუბარებია ანგარიში, კავშირში ჩამკვდარია შემოქმედებითი საქმიანობა, შენობა ცარიელია და მეორე სართულზე არის თურქების საჩაიე, პირველ სართულზე არის არაბების საროსკიპო, საიდანაც შემოსავალი სრულია დაკმაყოფილებს კახა ცაბაძეს. ეტყობა, მან სწორედ ამ საქმიანობისთვის გამოაცარიელა კომპოზიტორთა კავშირის შენობა. ამიტომ ჩვენ, საინიციატივო ჯგუფმა გადავწყვიტეთ, შემდეგ შაბათს, 17 მაისს დავნიშნოთ საგანგებო კრება და რიგგარეშე ყრილობა, სადაც დავსვამ ამ ადამიანის სასწრაფო გადარჩევის საკითხს.


ამის შემდეგ უკვე კომენტარისთვის ვუკავშირდებით კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელს კახა ცაბაძეს:

- (ეცინება) მე ამის შემდეგ, ეტყობა, უკვე ადვოკატი უნდა ავიყვანო.

- მე მგონი, დროა.

- ხო, არა? შეურაცხყოფისთვის ერთხელ უკვე მყავდა ადვოკატი, არ ვიცი, ეს თქვენ გახსოვთ, თუ არა. მე არასოდეს გაზეთებით არ ვპასუხობ ხოლმე უსინდისობასა და ტყუილზე, რადგანაც, ცოტა არ იყოს, შევეჩვიეთ, რომ ჩვენ ვამბობთ და სხვამ უნდა ამტკიცოს. რა ვიცი, მაგაზე რა უნდა გიპასუხოთ (ეცინება)? რას მეკითხებით? ესაა უფროსი თაობა, ზოგი 80 წელს მიღწეული ხალხი, რომლებიც პარპაშებდნენ კომპოზიტორთა კავშირში, და ეს მოესპოთ, ახლა ისევ უნდათ ამისი გაკეთება, მაგრამ მე ორჯერ ამირჩია კავშირმა და საკმაოდ დიდი ხმების რაოდენობით, ეს ფაქტებია! ბუღალტერიაზე არის დოკუმენტები და პრობლემა არ არის, ნახეთ. ხელშეკრულებაზე მე თვითონ ჩავერთვები და დავადგენ სიმართლეს. მათ უნდათ, ცილისწამებით მიაღწიონ ყველაფერს, რისთვისაც იბრძვიან, ბევრმა ნოტებიც არ იცის. შეურაცხყოფისთვის მე ადვოკატს ავიყვან, თორემ თავის დასაცავი არაფერი მაქვს.


თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"

13 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016